„ზღვისაგან გადარჩენილებმა ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან შეიტყვეს, რომ კუნძულს მელიტონი ერქვა, ამ კუნძულს 276 კაცი ესტუმრა. ადგილობრივმა ბარბაროსებმა (წარმართებმა) მათ მიმართ კაცთმოყვარება გამოიჩინეს და გემიდან გადარჩენილებს გაუმასპინძლდნენ. მოციქულმა პავლემ ბლომად ფიჩხი მოაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, მხურვალების გამო იქედნე (გველის ერთ-ერთი სახეობა) გამოძვრა და მოციქულს ხელზე შემოეხვია. როდესაც ადგილობრივებმა პავლეს ხელზე შემოხვეული ეს ყველაზე უფრო შხამიანი გველი დაინახეს, იფიქრეს, რომ ნაკბენისაგან პავლე წამში მოკვდებოდა და თქვეს: ეს კაცი, როგორც ჩანს, მკვლელია (ცოდვილის სინინომად უნდა გავიგოთ ეს სიტყვა), რადგან დახრჩობას გადარჩენილს ღვთის მსჯავრი მაინც არ აცოცხლებსო. მოციქულმა ხელი გაშალა ( გაიქნია) და გველი ცეცხლში ჩააგდო, თანაც მას არაფერი არ ვნებია. წარმართები კი ელოდნენ, რომ პავლე უეცრად დასივდებოდა ან უცბად დაეცემოდა მკვდარი, მაგრამ რადგანაც ხედავდნენ, რომ არაფერი არ ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ეს კაცი ღმერთიაო“ (28.1-6). აი წარმართული აზროვნების უნიკალური გამოვლინება. რამდენიმე წუთის წინ მათ ცოდვილად (კაცის მკვლელად) შერაცხეს პავლე, ეხლა კი საღმრთო პატივს განუკუთვნებენ მას.
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „შერცხვეთ წარამართ ფილოსოფოსებს, რომელთაგან ისეთს მიაწერენ ბედს, ვარსკვლავს ან მთვარეს, მაშინ, როცა უსწავლელემა ბარბაროსებმა თქვეს, რომ ეს ღვთის განგებულება იყო და მის სასჯელს ვერავინ გაექცევა. მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ პავლეს არაფერი მოუვიდა, ღმერთად მიიჩნიეს იგი. ცხადია, მათ არ იცოდნენ, რას ამბობდნენ, რადგან წმიდანი მართლაც ღმერთია მადლით (და არა ბუნებით), რომელიც სათნოებით ემსგავსება ზეციურ მეუფეს და მათ ასე ადვილად სასიკვდილო ვნება ვერ ეკარება. პავლე არ გასივდა და არ მოკვდა, რადგან ის წმინდანი იყო. როგორც პირველი ადამიანები იყვნენ უცოდველნი და მათ სიკვდილი არ იცოდნენ, ასევე პავლემაც თავისი მოღვაწეობით მათნაირ საფეხურს მიაღწია, ამიტომაც არ მოკვდა იგი“.
P.S. კუნძულ მალტაზე მცხოვრებთა გარდამოცემის თანახმად, მას შემდეგ, რაც მოციქულმა იქედნე (გველი) ცეცხლში ჩააგდო, უხსენებელთა ამ ჯიშმა შხამი დაკარგა.
„იმ მიდამოებში კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, მამულები ჰქონდა. მან მიიღო მოციქული და მასთან მყოფნი და სამი დღე მეგობრულად გაუმასპინძლდა მათ. სიტყვებში „შემიწყნარნა ჩუენ“ იგულისხმება მოციქული პავლე, ლუკა მახარებელი და არისტარქოსი და არა 276 კაცი. იქ პავლემ პუბლიუსის მამა განკურნა, რომელიც ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით იყო შეპყრობილი. პავლემ ილოცა და ხელები დაასხა მას და ისიც განიკურნა, რის შემდეგაც მასთან ავადმყოფების მიყვანა დაიწყეს, რომელთაც ასევე კურნავდა. პუბლიუსმა დიდი პატივი სცა პავლესა და მასთან მყოფებს (ლუკასა და არისტარქოსს) და წამოსვლისას საგზლითაც მოამარაგა“ (28.7-10). წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „პავლე მოციქულმა მრავალი სნეული განკურნა, ამის გამო იქაურებისაგან პატივისცემა დაიმსახურა და მოციქული თავის თანმხლებთან ერთად ყველაფრით უზრუნველყვეს. მოციქულმა ამ სასწაულის მეშვეობით ადგილობრივნი სულიერად გამოკვება, რადგან ისინი სხვანაირად ვერ მოექცეოდნენ სარწმუნოებაზე თუ არა სასწაულის ხილვით. ცხადია, ისინი რომ არ მოქცეულიყვნენ, ამდენ ხანსა და ასეთ პატივში თავისთან არ გააჩერებდნენ ამდენ ადამიანს. წმინდა იოანე ოქროპირის აზრით, უნდა მოქცეულიყვნენ არა მარტო ადგილობრივნი, არამედ გემში მყოფნიც, რადგან მათ თვალწინ ესოდენ დიადი სასაწაული აღესრულა.
წინა - სარჩევი - შემდეგი