ოცდამეშვიდე თავში გადმოცემულია პავლეს, როგორც ტუსაღის, პალესტინის კესარიიდან რომში გადაყვანა, რომელიც 61 წლის შემოდგომაზე განხორციელდა. ის სხვა პატიმრებთან ერთად ავგუსტუსის პოლკის ასისთავს, ვინმე ივლიოსს ჩააბარეს (27.1). ცხადია, გემით იყვნენ ჯარისკაცები, რომლებსაც პატიმრები უნდა დაეცვათ. ასევე, აქვე იყვნენ გემის კაპიტანი და მესაჭეები, რომლებიც მართავდნენ გემს. ამ ამბის თვითმხილველია ლუკა მახარებელი, ამას მოწმობს ნაცვალსახელი „ჩუენ“. ამდენად, მახარებელი პირველ პირში საუბრობს და ისე გადმოგვცემს ამ ყოველივეს.
„შევედით ნავსა ადრამიტვინელსა“ (27.2), რომელიც აზიის სანაპიროზე უნდა გასულიყო და გავემგზავრეთ. „ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, იერუსალიმელი“ (27.2). „ადრამიტვინელი“ არის სავაჭრო გემის სახელწოდება. კესარიაში არ იყო გემი, რომელიც პირდაპირ რომში მიდიოდა, ამიტომ ტუსაღები ჯერ სავაჭრო „ადრამიტვინელთა“ ხომალდით გააგზავნეს, რომლითაც სხვადასხვა საპორტო ქალაქებში შეივლიდნენ, რომ სადმე ეპოვათ რომისაკენ მიმავალი ხომალდი.
წმიდა წერილი იხსენიებს ვინმე არისტარქოს მაკედონელს. ვინ იყო ის? ეს კაცი იყო რა თესალონიკიდან, მას შემდეგ, რაც ზღვაზე აღსრულებული სასწაულის შემდეგ ის ცოცხალი დარჩებოდა, მას ამ სასწაულის შესახებ თესალონიკელებისათვის უნდა მოეთხრო.
„მეორე დღეს ჩადიან ციდონში. ივლიოსმა კაცთმოყვარება გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო, წასულიყო თავის მეგობრებთან, რომ შემწეობა მიეღო მათგან“ (27.3). ცხადია, პავლეს მარტო არ გაუშვებდნენ და ჯარისკაცები გაყვებოდნენ. პავლეს თავისი ძმებისაგან მოწყალება უნდა მიეღო. ასისთავი ასე გულთბილად პავლეს იმიტომ ექცეოდა, რომ შეიძლება ფესტოსს ქონდა ნაბრძანები, ან კიდევ მოციქულის პიროვნება იწვევდა მასში პატივისცემასა და კეთილგანწყობას.
„პირქარის გამო გემმა გადაუხვია და კვიპროსს მიადგა, გადავცურეთ კილიკიის ზღვა და მივედით ლუკიას მირონში. იქ ასისთავმა ალექსანდრიის ხომალდი ნახა, რომელიც იტალიისკენ მიცურავდა და იმ ხომალდზე გადაგვსხა. პირქარის გამო ძალზედ ნელა მივცურავდით, ამიტომ რამდენიმე დღეში მივაღწიეთ კნიდონს, იქედან კი მივცურეთ კუნძულ კრეტასთან სალმანის მხარეს. გაჭირვებით ჩავუარეთ გვერდი მას და მივადექით ერთ ადგილას, რომელსაც „ტბები კეთილი“ ეწოდება, ქალაქ ლასიას მახლობლად“ (27.4-8).
„მოგზაურები ჩერდებიან ე.წ. „კეთილ ტბებთან“, რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაძნელდა ქარიშხლის გამო, პავლე მათ ურჩევს, რომ ცურვის გაგრძელება არა მარტო ტვირთის, არამედ თვით მგზავრებისთვისაც კი საშიშია, მაგრამ ასისთავი უფრო მეტად გემის უფროსს და მესაჭეს ენდობოდა, ვიდრე პავლეს, რადგან ისინი უფრო მეტად გამოცდილად მიაჩნდა. ნავსადგური, რომელსაც „ტბები კეთილი“ ერქვა, გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, ამიტომ მრავალთა რჩევით გადაწყვიტეს, რომ ფინიკეს ნავსადგურამდე გაეცურათ. როცა სამხრეთის ქარმა დაუბერა, იფიქრეს, რომ უკვე შეიძლებოდა მგზავრობის გაგრძელება ფინიკესთან შედარებით უფრო უსაფრთხო ნავსადგური რომ ეპოვათ, მაგრამ მალე ქარბობალა ამოვარდა, ხომალდი გაიტაცა და ჩვენც ტალღებს მინებებულნი, მივქროდით. მივადექით ერთ-ერთ პატარა კუნძულს, რომელსაც კლავდი ჰქვია და იქ ძლივს შევძელით ნავის დაკავება, რომელიც კიჩოზე თოკით ჰქონდათ მიბმული ყოველი შემთხვევისათვის და გემს უკან მიყვებოდა. ნავი გემზე ასწიეს და ხომლდებს ირგვლივ ბაგირები შემოარტყეს, რომ ქარიშხალს არ დაელეწა. ქარიშხალი კვლავ ბობოქრობდა, ამიტომ მე-2 დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს, რომ გემი შეემსუბუქებინათ, ერთი დღის შემდეგ კი ნივთებიც გადაყარეს. მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც ძლიერი ქარიშხალი ცხრებოდა. „მიერითგან წარვიწირეთ სასოებაი ყოველი ცხოვრებად ჩუენდა“, ანუ საბოლოოდ გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა (ისინი არიან ხმელთაშუა (ადრიატიკის) ზღვაში)) (27.9-20). პავლე მოციქულმა ყველაფერი წინასწარ იცის, მაგრამ მათ ისე აჩვენებს თავს, თითქოს გამოცდილებით და დაკვირვებით დაასკვნა, რომ საფრთხე ელით. ამას იგი თავმდაბლობის გამო აკეთებს. ისინი მართლაც განწირულნი იყვნენ ჩაძირვისათვის, თუმცა უფალმა მათი სულები პავლეს მიჰმადლა, ანუ პავლეს გამო გადარჩნენ ყველანი.
„სასოწარკვეთილი ადამიანები საჭმელსაც არ იღებდნენ, პავლემ უთხრა მათ: კაცნო, ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტიდან არ წამოსულიყავით, აღარ ნახავდით ამ ზიანსა და გაჭირვებას. პავლე საყვედურობს მათ, თუმცა შემდეგ ნუგეშს სცემს: „გამხნევდით, ყველანი გადავრჩებით ხომალდის გარდა, რადგან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, რომელსაც მე ვეკუთვნი და ვემსახურები და მითხრა: „ნუ გეშინია პავლე, შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე და ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთანაა ხომალდზე“. ამიტომ გამხნევდით, რადგან მე მწამს ღვთისა, რომ ისე მოხდება, როგორც მეუწყა. ჩვენ ერთ-ერთ კუნძულზე გავირიყებით“ (17.21-26). პავლე არ საყვედურობს მათ ურჩობას, არამედ ამ ყველაფრის შეხსენებით მორჩილებისაკენ მოუწოდებს. მათ რადგანაც პავლეს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება ვერ გულისხმა-ყვეს, ამიტომ ახლა აღარ უმალავს და უყვება ანგელოზის გამოცხადების შესახებ და ამ გამოხსნას, რომელიც უნდა აღსრულდეს, არა თავის თავს, არამედ თავის მიერ ქადაგებულ ღმერთს განუკუთვნებს, რომელმაც მას აუწყა, რომ
1. პავლე რომში ჩავა კეისართან.
2. ყველა გადაურჩება სიკვდილს.
3. ნავი დაიმსხვრევა.
4. ყველა ცურვით გადავა კუნძულზე და გაიფანტებიან.
პირველსა და მეორეს თავად ანგელოზი ამბობს, ხოლო მესამეს და მეოთხეს პავლე წინასწარმეტყველებს. ეს არ წერია ტექსტში, თუმცა იგულისხმება.
„თოთხმეტმა დღემ გაიარა ამგვარად (უჭმელ-უსმელნი, არც ვარსკვლავი, არც მზე (27.20)), რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას კი მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ხმელეთს უახლოვდებოდნენ, გაზომეს წყლის სიღრმე და აღმოჩნდა 20 მხარი, მცირე მანძილის შემდეგ ისევ გაზომეს და 15 მხარი აღმოჩნდა. შეეშინდათ, კლდოვან ნაწილებზე არ მოხვედრილიყვნენ, ამიტომ კიჩოებიდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და გათენებას დაელოდნენ. დამფრთხალმა ზღვაოსნებმა გემის მოცილება და გაქცევა და მგზავრთა ბედის ანაბარად მიტოვება გადაწყვიტეს, მიზეზი კი ის ჰქონდათ, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდა ჩაეშვათ ღუზები. პავლე მიუხვდა მათ განზრახვას და ასისთავს და ჯარისკაცებს უთხრა, რომ თუ ისინი არ დარჩებიან ხომალდზე, თქვენც ვერ გადარჩებითო, მაშინ ჯარისკაცებმა საბელი გადაჭრეს და ნავი ზღვაში ჩავარდა“ (27.27-32), ისინი ეხლა აღარ ეურჩებიან პავლეს.
მოგზაურებს გაქცევა უნდოდათ, მაგრამ პავლემ დააბრკოლა ისინი არა იმიტომ, რომ ნავის საჭიროება მოითხოვდა ამას, არამედ იმისათვის, რომ წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო. პავლემ კარგად იცოდა, რომ თუ მას განეშორებოდნენ, განწირულნი იქნებოდნენ სიკვდილისათვის, რადგან ხომალდი და მასში მყოფნიც პავლეს გამო იყვნენ დაცულნი. ამიტომაც შეაშინა ასისთავი, რომ არ გაეშვა მეზღვაურები, ხოლო ასისთავმა, რომელსაც უკვე ამდენი უბედურება ჰქონდა გამოვლილი, ისმინა პავლესი და გადაჭრა ნავის საბელი.
პავლე მოციქული რომში უნდა ჩასულიყო, ღმერთმა პავლეს გამო შეუნარჩუნა სიცოცხლე დანარჩენს. უფალს თავისი ძალა მოციქულის მეშვეობით უნდა გამოევლინა, რომ ეს სხვათა მოსაქცევი ყოფილიყო. პავლე იყო ერთადერთი (ცხადია, ლუკაც) ადამიანი ამ გემზე, რომელიც წმინდანი იყო, პავლეს გამო ღმერთმა სხვებიც შეიწყალა, აქედან სწავლება: ჩვენც უნდა ავირჩიოთ რომელიმე წმინდანი ჩვენი სულის წინამძღვრად. წმინდანს შეუძლია არა ერთი, არამედ უამრავი ადამიანის წინამძღვრობა და სიკვდილისაგან ხსნა. პავლე მოციქული ბორკილდადებული იყო, მიუხედავად ამისა, მას ეს დაბრკოლებად არ გახდომია. „შებორკილმა შეუბორკავნი გადაარჩინა სიკვდილს“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.
„გამთენიისას (მეთოთხმეტე დღეს) პავლე შეაგონებდა ყველას, რომ საჭმელი ეჭამათ, ეს საჭიროა თქვენს გადასარჩენად, რადგან არც ერთი თქვენგანის თავიდან ღერი თმაც კი არ ჩამოვარდება. ამის შემდეგ პავლემ აიღო პური, ღმერთს მადლობა შესწირა, გატეხა და ჭამა დაიწყო. ყველა გამხნევდა და მასთან ერთად დაიწყეს ჭამა, ხომალდზე სულ 276 კაცი იყო. როდესაც დაპურდნენ, ზღვაში ხორბლის გადაყრა დაიწყეს, რომ ხომალდი შემსუბუქებულიყო“ (27.33-38)
„გათენდა, თუმცა ვერ მიხვდნენ, ზღვამ სად გარიყა. მხოლოდ ერთი სანაპიროს ყურე შენიშნეს და იქ არჩიეს ხომალდის მიყენება, თუკი მოახერხებდნენ ამას. მოხსნეს ღუზები და საჭეც ახსნეს, მომცრო აფრა გაშალეს და ნაპირისაკენ ნელ-ნელა დაიძრნენ, მაგრამ გემი მეჩეჩზე შეჯდა, ცხვირი უძრავად ჩაერჭო, კიჩო კი აბობოქრებული ტალღებისაგან ილეწებოდა. ჯარისკაცებმა პატიმრების დახოცვა გადაწყვიტეს, რომ არ გაქცეულიყვნენ, მაგრამ ასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა და ამიტომ არ დართო ამის ნება. ბრძანა, რომ ვინც ცურვა იცოდა, ამ გზით გასულიყო ხმელეთზე, დანარჩენი კი - ზოგი ფიცრით და ზოგო ხომალდის ნამსხვრევებით, და ამგვარად ყველამ მიაღწია ნაპირამდე“ ( 27.39-45). ეშმაკი ყველანაირად ცდილობს წინასწარმეტყველების ჩაშლას, როგორც მეზღვაური გაპარვას და შემდეგ მათ დაღუპვას ცდილობდა, იგი ახლა მხედრებს პატიმართა დახოცვას ჩააგონებს. მას შურდა, რომ პავლემ ღმერთისგან გამოითხოვა, რომ არცერთ მათგანს თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნოდა თავიდან. ღმერთმა ცუდ-ჰყო ეშმაკის ეს სივერაგე და სიყვარულით აღსძრა ასისთავის სული პავლეს მიმართ, რომელმაც ღვთის შეწევნით თავისთან მყოფი ყველა ადამიანი გადაარჩინა, ასევე ასისთავმაც დაიცვა პატიმრები სიკვდილისაგან. ასე აღსრულდა პავლეს წინასწარმეტყველება ყველას უვნებლად გადარჩენაზე. რაც შეეხება გემს, იგი იმიტომ დაიმსხვრა, რომ უფრო მეტად გამოჩენილიყო ღვთის ძლიერება და ვინმე უგუნურს არ ეთქვა, რომ ხომალდმა გამოგვიყვანა და გადაგვარჩინაო.
წინა - სარჩევი - შემდეგი