მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლე მოციქულის სიტყვა მეფე აგრიპას, პროკურატორ ფესტოსისა და სხვათა წინაშე. აგრიპას მიერ პავლეს უდანაშაულოდ აღიარება (26.1-32)


 

 

ჰეროდე აგრიპა II არის შვილი ჰეროდე აგრიპა პირველისა, სწორედ მის წინაშე წარდგა პავლე, რომელმაც ბრალდებულის მოსმენა გადაწყვიტა.

სხდომის თავმჯდომარე გახლავთ აგრიპა, მან უფლება მისცა პავლეს, რომ თავის გასასამართლებელი სიტყვა დაეწყო. „ბრძანებულ არს შენდა თავისა შენისათვის სიტყუად, მაშინ პავლე განყო ხელი, მიუგებდა და თქუა“ (26.1). აგრიპა კი არ ეუბნება, რომ „მე გიბრძანებ, არამედ „ბრძანებულ არს შენდა“, ამით იგი თავის გვერდით მყოფი რომაელი პროკურატორის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ამის შემდეგ გადმოცემულია პავლეს სიტყვა. მოციქულის ქადაგება საკუთარი თავის დაცვაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ თავისი საქმის - ქრისტიანობის ქადაგების - რისთვისაც არის იგი მოწოდებული.

პავლე ამბობს: „ყოველთათვის, რომელთა მაბრალებენ მე ჰურიანი, მეფე აღრიპა, შემირაცხიეს თავი ჩემი ნეტარად, რამეთუ შენ წინაშე მეგულების დღეს სიტყვის-გებად უფროის-ღა. რამეთუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მათ ჩუეულებათა და ძიებათა ჰურიათასა. ამისთვის გევედრები, სულგრძელებით ისმინე ჩემი“ (26.2-3). პავლე მოციქული სახარულს გამოხატავს იმის გამო, რომ ეძლევა საშუალება, თავისი თავი მეფის წინაშე დაიცვას, იგი (პავლე) ნეტარს უწოდებს თავის თავს, რადგან წინასწარ ხედავს მტრების მიერ ჭეშმარიტების დამოწმებას, როგორც, მაგალითად პავლეს სიტყვების მოსმენის გამო მეფე აგრიპა იტყვის: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (26.28). პავლე ბედნიერია იმიტომაც, რომ მეფემ იუდეველთა ტრადიციები თუ წეს-ჩვეულებები იცის და ამიტომ უფრო გაუიოლდება თავისი უდანაშაულობის დამტკიცება.

„ცხორებაი უკუე ჩემი სიყრმითგან, პირველითგან ყოფილი ნათესავსა შორის ჩემსა იერუსალემს შინა, იციან ყოველთა ჰურიათა“ (26.4). თავის გასასამართლებელ სიტყვას მოციქული იმაზე მითითებით იწყებს, რომ მას იცნობდნენ მანამ, სანამ ქრისტიანი გახდებოდა. რომ ბავშვობა არა მშობლიურ ქალაქ ტარსში არამედ იერუსალიმში გაატარა.

„წინაისწარვე მიცოდეს მე პირველითგან, უკუეთუ უნდეს წამების, რამეთუ ჭეშმარიტისა მისებრ მსახურებისა შჯულისა ჩუენისა ვცხონდებოდე ფარისეველი“ (26.5). პავლე აღიარებს, რომ იგი ფარისეველი იყო (ფარისეველი ნიშნავს ცალკე მდგომს). 7 მწვალებლობათაგან, რომელიც იმ დროინდელ ისრაელში იყო გავრცელებული, ფარისევლობა ყველაზე ახლოს იდგა ქრისტიანობასთან, რადგან აღიარებენ სულის უკვდავებას და მოელიან მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომას. ფარისევლები იცავდნენ არა მარტო იმ წესებს, რომელიც სჯულში ეწერა, არამედ ისეთ წესებს, რომელიც არ ეწერა სჯულში და თავიანთი გამოცდილებიდან შეჰქონდათ სწავლების სახით. „და აწ სასოებისათვის მამათა ჩუენთა აღთქუმულისა, რომელი იყო ღმრთისა მიერ, ვდგა და განვიკითხვი, რომლისა მიმართ ათორმეტი ნათესავი ჩუენი განკრძალული დღე და ღამე ჰმსახურებს და ესავს მიწევნასა, რომლისა სასოებისათვის ვიბრალები ჰურიათაგან, მეფე აღრიპა“ (26.6-7). პავლე ამბობს, რომ მე ვისაჯები იმის გამო, რისი იმედიც ჩვენს წინაპრებს, მათ შორის ისრაელის 12 ტომს აქვს. აქ, ცხადია, მოცვალებულთა საყოველთაო აღდგომა იგულისხმება.

იუდეველები განსაკუთრებით მაშინ ღიზიანდებოდნენ, როცა მოციქული თავისი ქადაგების საფუძვლად ღვთის უკვე დამდგარ სასუფეველს, იესო ნაზარეველის აღდგომას აცხადებს. ამიტომ სვამს იგი კითხვას. „რაი ურწმუნოებაი არს, განიკითხეთ-ღა თქუენ შორის, უკუეთუ ღმერთი მკუდართა აღადგინებს?“ (26.8), ანუ არ გჯერათ, რომ ღმერთს ადამიანის მკვდრეთით აღდგენა შეუძლია? ხოლო თუკი ეს გწამთ, მაშინ რატომღა გეეჭვებათ მკვდართა აღმდგენელის, იესოს აღდგომა? ანუ ღმერთმა (ქრისტემ) თავისი თავი აღადგინა და ცხადია, რომ მას სხვათა აღდგენაც შეუძლია.

ამის შემდეგ პავლე აღიარებს, რომ თავადვე იყო ქრისტიანთა უზომო მდევნელი. იგი დაწვრილებით გადმოგვცემს, თუ როგორ მოექცა დამასკოს გზაზე. „მე უკუე მენება თავით ჩემით სახელისათვის იესუ ნაზარეველისა მრავლისა ძვირისა საქმედ, რომელი-იგი ვყავცა იერუსალემს შინა: და მრავალნი წმინდათაგანნი მე საპყრობილესა შევაყენენ, რამეთუ ხელმწიფებაი მოვიღე მღვდელთმოძღუართაგან მოსრვად მათდა და მომეღო რიცხვი“ (26.9-10). წმინდათაგანში სული წმინდის მატარებელი ადამიანი იგულისხმება, ანუ მონათლული. ეს გახლავთ წმინდანის ახალაღთქმისეული გაგება, ხოლო საეკლესიო გაგებით, ეს მიემართება ეკლესიის მიერ კანონიზირებულ ადამიანებს.

პავლე აღნიშნავს, რომ მღვდელმთავრის ბრძანებით მე მრავალი ქრისტიანი დავაპატიმრე. რომელი მღვდელმთავარი იგულისხმება აქ? ვიცით, რომ პავლეს მოქცევის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებია, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მღვდელმთავრის ვინაობაც. ასე მაგალითად, თუ პავლეს მოქცევის თარიღად მივიღებთ:

1. 30-33 წელს, მაშინ მღვდელმთავარია კაიაფა

2. 33-36 წელს, მაშინ მღვდელმთავარია ნაიანი

3. 37 წლიდან მღვდელმთავარია თეოფილე.

„და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალგზის ვსტანჯევდ მათ და ვაიძულებდ გმობად, უმეტესად-ღა ვბორგდ მათ ზედა და ვსდევნიდი ვიდრე გარემოთა ქალაქამდეცა, რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკედ, ხელმწიფებითა და ბრძანებითა მღვდელმოძღუართაითა.“ (26.11-12). შესაკრებელში იგულისხმება ის სახლები, სადაც შეკრებილნი იყვნენ ქრისტიანები. პავლე აღიარებს, რომ იგი ამ სახლში იჭრებოდა და სტანჯავდა ქრისტიანებს და რომ იმავე საქმისთვის მიდიოდა იგი დამასკოში მღვდელმთავრის ბრძანებით.

„შუა დღე გზასა ზედა ვიხილე, მეფეო, ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაი, გამომიბრწყინდა მე ნათელი და ჩემთანა მოგზაურთა მათ.“ (26.13). მხოლოდ აქ წერია, რომ იყო შუადღე, ანუ 6 დან 12 ჟამამდე, 22-ე თავში ნახსენებია შუასამხრის. მხოლოდ ამ მუხლიდან ვგებულობთ, რომ ნათელმა, რომელმაც პავლე და მისი თანამგზავრები მოიცვა, ფიზიკურ სინათლეს გადააჭარბა. აქედან საცნაური ხდება, რომ სინათლე ყველამ იხილა. პავლეს დაბრმავების მიზეზი გახლდათ არა სინათლე, არამედ ქრისტე, რომელიც მან იხილა.

„და ვითარცა ჩუენ ყოველნი ქუეყანად დავცვივენით, მესმა ხმაი, რომელმან მრქუა მე ებრაელებრითა სიტყვითა: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნვაი დეზისაი“ (26.14). აქ აღნიშნულია, რომ ყველანი ძირს დაეცნენ. მეცხრე თავის თანახმად, როცა პავლე წამოდგება, ნახავს, რომ ყველა გაკვირვებული დგას, ანუ პავლეს წამოდგომამდე ადგებიან ისინი. არსად არ წერია, რომ გამოცხადება იყო ებრაულ ენაზე, არამედ მხოლოდ აქ აღნიშნავს მოციქული.

„და მე ვარქუ: შენ ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მრქუა მე: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩუენე შენ, რაითა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ, განრინებად შენდა ერისაგან და ნათესავთაგან, რომელთა მე მიგავლინო შენ, ახილვად თუალთა მათთა და მოქცევად ბნელისაგან ნათლად და ხელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებად მათდა მიტევებაი ცოდვათაი და ნაწილი განწმენდილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ“ (26.15-18). მეცხრე თავში მოკლედ არის ნათქვამი, რომ ადექი და შედი დამასკოში. აქ კი წერია, რომ იმიტომ გამოგეცხადე, რომ იქცე ჩემს მსახურად და რაც ეხლა იხილე, ამის შესახებ დაამოწმო, გამოიხსნა ის ერი, რომელთაგან მე მიგავლენ. აუხილო მათ სულიერი თვალები, მოაქციო სიბნელისაგან (სიბნელეში იგულისხმება იუდაიზმი და თავისი განშტოებები: ფარისევლობა და წარმართობა) სინათლისაკენ, რომ ეშმაკს შეუჩერდეს ძალმოსილება ერებზე და მოექცნენ ჩემდა მომართ, რომ მიეტეოთ მათ ცოდვები. პავლე მოციქული ამბობს, რომ აი ამ ყველაფრის გამო, მე დავემორჩილე ზეციურ ნებას (26.19). ცხადია, პავლე თავისუფლი პიროვნებაა, მას შეეძლო უარი ეთქვა ქრისტესთვის. ერთია მოწოდება, ხოლო სხვა საკითხია, გაყვები თუ არა ამ მოწოდების ხმას. საოცარია, ქრისტე ვისაც უქადაგებდა, ისინი არ მიყვებოდნენ მას, პავლე კი ყოველგვარი განსჯის გარეშე მიენდო მის ხმას.

პავლე აღნიშნავს, რომ იგი თავიდან იუდეველებს უქადაგებდა ჯერ დამასკოში, შემდეგ იერუსალიმში და მთლიანად იუდეაში და შემდეგ წარმართულ სამყაროშიც გადავიდა, რის გამოც იგი იუდეველებმა ტაძარში შეიპყრეს და მოკვლა დაუპირეს, თუმცა კი ღმერთმა იხსნა და მისივე ნებით დღემდე დიდსა თუ მცირესთან ამოწმებს იმის შესახებ, რაზეც მოსე და სხვა წინასწარმეტყველები მოწმობდნენ, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და რომ ამას წარმართებიც ირწმუნებდნენ ვიდრე მეორედ მოსვლამდე (26.19-23).

როგორც ჩანს, პავლე ამ სიტყვით აგრიპა მეფეს მიმართავდა, რის გამოც ფესტოსმა მას დიდი ხმით უთხრა: „ჰბორგი, პავლე, რამეთუ მრავალნი წიგნნი შენნი სიცბილად მიგაქცევენ შენ. ხოლო პავლე ჰრქუა: არა ვბორგი, მხნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყვი, რამეთუ მეცნიერ არს ამისთვის მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყვი, რამეთუ დაფარვად მისა რაისამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე“ (26.25-26). წარმართის მისახვედრად პავლე უფრო „გაგებულ“ იუდეველს მოუხმობს, რომ აგრიპა იცნობს წინასწარმეტყველთა ნათქვამს და ის ჩემს სიტყვებს სისულელეს არ უწოდებს, არამედ ჭეშმარიტებასა და სიწმინდეს, ამიტომაც მე მას არაფერს დავუმალავ. ჩემს ჭეშმარიტებაზე თვით მეფეც კი დამემოწმება და პავლე აგრიპას ეკითხება: „გრწამსა,მეფე აღრიპა, წინაისწარმეტყუელთაი? ვიცი, რამეთუ გრწამს“ (26.27). მეფე აღრიპა პასუხობს: „მცირედ-ღა და მარწმუნო მე ქრისტიანე ყოფად“ (26.28), ანუ ცოტაც და დამარწმუნებ, რომ ქრისტიანი გავხდე. რას ნიშნავს ეს?

1. შეიძლება, პავლეს ქადაგებამ მასზე დადებითად იმოქმედა. თითქოსდა ის ამბობს: „ფესტოსს რომ არ შეეწყვიტა შენთვის სიტყვა, შეიძლებოდა, მეც ქრისტიანი გავმხდარიყავი.

2. შეიძლება არა გულწრფელად, არამედ ირონიით თქვა ეს, რომ შენ რაც არ უნდა მიქადაგო, მე მაინც არ ვირწმუნებ შენსას.

იმის გათვალისწინებით, რომ პავლე მოციქული ბედნიერს უწოდებს თავის თავს, ზემოთაღნიშნული სიტყვების ორნაირი განმარტებიდან, ალბათ პირველი უფრო მისაღებია, ამ მხრივ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოციქული პასუხს სცემს აღრიპა მეფეს. ამ სიტყვებში რომ ცინიზმი ყოფილიყო, ცხადია, ამ შემთხვევაში პავლე პასუხს არ გასცემდა.

ამ გონებაგახსნილობას პავლემ მთელი სულითა და გულით, მთელი გრძნობით უპასუხა: „ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირედთათვისცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თვინიერ კრულებათა ამათ“ (26.29), ანუ მე ვილოცებ ღვთის წინაშე არა მარტო შენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ისმენთ დღეს ჩემსას, რომ იყვნეთ ჩემნაირები (რადგან მე ქრისტიანი ვარ), ოღონდ ბორკილების გარეშე. ბორკილები არ ამძიმებს პავლეს, პირიქით, მას უხარია, რომ ქრისტეს გამო იტანჯება. მოციქული დადის მათ სულიერებამდე, რომ არიან რა სუსტები, ცხადია, პირველივე ეტაპზე არ შეეძლებათ ბორკილების (ანუ სატანჯველების) ზიდვა ქრისტეს სახელის გამო.

პავლემ რაც აუცილებელი იყო, პირველ რიგში, სწორედ ის ითხოვა, ანუ მათი გაქრისტიანება, რადგან ბორკილები და ტანჯვა ქრისტეს სახელის გამო, ეს უკვე რჩეულთა ხვედრია. მოციქული მათ ეუბნება, რომ თუ კი აქედანვე დამემსგავსებით რწმენაში, მაშინ თუნდაც აი ამ ბორკილებითაც მომბაძეთ.

ამ სიტყვებმა გააღვიძა აგრიპას სინდისი. პავლემ „ვითარცა ესე თქუა, აღდგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათ თანა მსხდომარენი იგი, წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას, ვითარმედ: არარას სასიკუდინესა გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე, ხოლო აღრიპა ჰრქუა ფესტოსს: განტევებად ღირდა კაცი ესე, უკუეთუმცა არა ღაღად-ეყო კეისრისა“ (26.30-32). ყველა იქ დამსწრემ აღიარა, რომ პავლე უდანაშაული იყო და ღირსი გახლდათ გათავისუფლებისა, მაგრამ რადგან მან კეისრის სამართალი ითხოვა, პროკურატორმა გადაწყვიტა, რომ იგი კეისართან გაეგზავნა.



წინა - სარჩევი - შემდეგი