მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

მეფე აგრიპა და ბერენიკე კესარიაში. წმიდა პავლე სასამართლო დარბაზში აგრიპას წინაშე (25.13-27)


 

 

რამდენიმე დღის შემდეგ კესარიაში მეფე ჰეროდე აგრიპა II ჩავიდა თავის დასთან, ბერენიკესთან ერთად, რომ ფესტოსისათვის თანამდებობის დაკავება მიელოცა (25.13). „და ვითარ მრავალ დღე იქცეოდეს მუნ, ფესტოს უთხრა მეფესა პავლესთვის და ჰრქუა: კაცი ვინმე დაშთომილ არს ფელიქსისგან კრული, რომლისათვის ვიყავ რაი იერუსალემს. მითხრეს მე მღვდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ჰურიათა და ითხოვდეს მისთვის საშჯელსა. რომელთა მიუგე და ვარქუ, ვითარმედ, არა არს ჩუეულებაი ჰრომთაი მიმადლებად ვისამე კაცისაი წარწყმედად, ვიდრემდე, რომელსა-იგი შეასმენდნენ, პირისპირ აქუნდენ შემასმენელნი იგი, და ადგილი სიტყვისგებისაი მიიღოს ბრალისა მისთვის. და ვითარცა შემოკრბნეს იგინი აქა, არცა ერთი რაი დროი ვყავ, ხვალისაგან დავჯედ საყდართა ზედა და ვბრძანე მოყვანებაი კაცისაი მის, რომლისათვის წარმოდგეს შემასმენელნი და არცა ერთი რაი ბრალი აჩინეს, რომელსა ვჰგონებდ მე ბოროტსა“ (25.14-18). ფესტოსი აგრიპას იუდეველთა ყველა საქმის მცოდნედ მიიჩნევს და ამიტომ დაწვრილებით გააცნო მას პავლეს საქმე. იგი განაგრძობს: „ძიებანი რაიმე თვისისა ეშმაკეულებისანი აქუნდეს მისა მიმართ და იესუის ვისთვისმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად“ (25.19), ანუ ვიღაც გალილეველი, გარდაცვლილი იესოს გამო სდევნიან მას. იუდეველთა წესებს ეს კაცი რაღაც ეშმაკეულს უწოდებს. „და ვითარ ვერარას ვჰპოებდ მე ამის ძიებისათვის, ვეტყოდე მას, უკუეთუმცა უნდა მისლვად იერუსალემდ და მუნ განკითხვად ამისთვის. ხოლო პავლე ღაღადებდა დამარხვად მისა, რაჲთა კეისარმანცა აგრძნეს, და ვბრძანე დამარხვაი მისი ვიდრემდე მიუძღუანო იგი კეისარსა“ (25.20-21), ანუ მოციქული ითხოვს, რომ კეისართან მისვლამდე იგი იყოს დამარხული ე.ი. დაპატიმრებული, დაცული.

„მიუგო აღრიპა და ჰრქუა ფესტოსს: მინდა მეცა კაცისა მისგან სმენად, ხოლო მან ჰრქუა მას: ხვალვე ისმინო მისი“ (25.22). ჰეროდე აგრიპას სურვილი გაუჩნდა, ენახა ეს ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ესოდენ გაშმაგებით იბრძოდნენ იუდეველნი და უდანაშაულოდ მიიჩნევდა პროკურატორი. მისი სურვილი მე-2 დღესვე აღსრულდა. „ხვალისაგან მოვიდა აღრიპა და ბერენიკე მრავლითა საოცრებითა და შევიდა განსაკითხავსა მას ათასისთავთა თანა და კაცთა მათ, მთავართა ქალაქისათა. და ვითარცა ბრძანა ფესტოს, მოიყვანეს პავლე და თქუა ფესტოს: აღრიპა მეფე და ყოველნი კაცნი, რომელნი ჩუენ თანა ხართ, ჰხედავთა ამას? ამისთვის ყოველი სიმრავლე ჰურიათაი შემემთხვია მე იერუსალემს და აქაცა ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: არა ჯერ-ერს ეგე ცხორებად ამიერითგან“ (25.23-24). მე-2 დღესვე შეიკრიბნენ და მათთან შებორკილი მიიყვანეს პავლე. ეს არის მოციქულის მე-3 სამსჯავრო პალესტინის კესარიაში. (1. ფელიქსთან, 2. ფესტოსთან, 3. ისევ ფელიქსთან, ოღონდ კეისართან ერთად). წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, ესეც ღვთის განგებულებით ხდება. აგრიპას სურვილი გაუჩნდა მოესმინა პავლეს ამბავი, რათა ამდენი მთავრის წინაშე გამოჩენილიყო პავლეს უდანაშაულობა და კადნიერებით ექადაგა ქრისტეს სახელი.

„ხოლო მე გულისხმა-ვყავ, ვითარმედ არაი ღირსი სიკუდილისაი უქმნიეს ამას. და ვითარ-იგი თვით ესე უღაღადებდა კეისარსა, ვსაჯე წარვლინებაი მისი, რომლისათვის განკრძალულად ვერარაი მაქუს, რაჲ მივწერო უფლისა ჩემისა: ამისთვის მოვიყვანე ეგე თქუენ წინაშე და უფროისღა შენ წინაშე, მეფე აღრიპა, რაითა განიკითხო ეგე, და უწყოდი, რაი მივწერო, რამეთუ უჯერო მიჩნს მე მიძღუანებაი პყრობილისაი და ბრალთაცა მისთა არა უწყებად“ (25.25-27). დიდებულია ასეთი ქება, როცა მსაჯული თავისი პირით ამტკიცებს განსასჯელის უდნაშაულობას. რომის კანონის თანახმად პავლე სიკვდილით დასჯას არ იმსახურებდა. ფესტოსმა მეფისა და ყველა მთავრის წინაშე უბრალ-ყო პავლე და ყველა ბრალდება დააკისრა მათ, რომელნიც მის სიკვდილს ითხოვდნენ. თუმცა საქმის ვითარებაზე სწორი წარმოდგენა მაინც ვერ შეიქმნა და იქ მყოფთა, განსაკუთრებით კი მეფე აგრიპას აზრი სურს მოისმინოს, რადგან იგი ადგილობრივთა წეს-ჩვეულებებს კარდაგ იცნობს. მას სურს, რაიმე გაიგოს პავლეს შესახებ, რომ იმპერატორ ნერონს მისწეროს, თუმცა კი თვითონ აღნიშნავს, რომ „არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი ამ კაცზე, მაგრამ უჯეროდ მიმაჩნია პატიმრის გაგზავნა საბრალდებო წერილის გარეშე“.



წინა - სარჩევი - შემდეგი