ფესტოსი ხდება იუდეის ახალი პროკურორი. ხელისუფლების მიღებიდან სამი დღის შემდეგ ის ადის იერუსალიმში (25.1), სადაც „აუწყეს მას მღვდელთმოძღუარმან და მთავართა ჰურიათამან პავლესთვის და ევედრებოდეს მას, და ითხოვდეს მადლისა მისთვის, რაითა მოუწოდოს მას იერუსალემდ და უმზირდეს გზასა ზედა მოკლვად“ (25.2-3). მას ეახლნენ მღვდელმთავარი და იუდეველთა მთავრები და სთხოვეს პავლეს იერუსალიმში ჩამოყვანა, რომ გზაში მოკლან ის. ფესტოსი კეთილგონიერი აღმოჩნდა და პავლე არ გადმოიყვანა იერუსალიმში, რადგან მიხვდა მათ ჩანაფიქრს და უთხრა მათ: „დამარხულ არს პავლე კესარიას, და ვითარმედ: ადრე ჰნებავს მას განსლვაი იერუსალემით. აწ უკუე რომელნი შემძლებელ არიან თქუენგანნი, ჩემ თანა შთამოვიდენ და რაი-იგი არს უჯეროი კაცისა მის თანა, შესწამონ მას“ (25.4-5). ფესტოსი ეუბნება მათ, რომ პავლე დაცულია, ადრეა მისი იერუსალიმში ჩამოყვანა. ფესტოსი ახალდანიშნულია და თავიდან კარგად იქცევა, თუმცა მერე სხვანაირად ექცევა პავლეს და ჩვენ ვნახავთ ამას. ფესტოსმა შესთავაზა ბრალმდებლებს, რომ კესარიაში ჩასულიყვნენ და იქ გაემართათ სამსჯავრო.
ფესტოსი 10 დღე რჩება იერუსალიმში და შემდეგ ბრუნდება კესარიაში. მე-2 დღეს (თავისი დანიშვნიდან მე-14 ან მე-15 დღეს) ბრძანა მოყვანებაი პავლესი (25.6). ცხადია, იქ იქნებოდნენ ბრალმდებელი იუდეველებიც, რომლებმაც წაუყენეს ბრალდებები პავლეს. წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ „მრავალსა და მძიმესა ბრალსა დასდებდეს პავლეს ზედა, რომლისა ვერ ეძლო გამოჩინებად“ (25.7). ლუკა არ ჩამოთვლის ბრალდებებს, თუმცა პავლეს პასუხიდან აშკარად ჩანს, რომ მას ახალი ბრალდებაც წაუყენეს, რომელსაც მოციქული უარყოფს. „არცა შჯულსა ჰურიათაცა, არცა ტაძარსა, არცა კეისარსა რაი შევსცოდე“ (25.8). ახალი ბრალდება გახლავთ ის, რომ პავლე არ ემორჩილება კეისარს და ხალხსაც ამისკენ მოუწოდებს.
მაშინ ფესტოსმა მას ებრაელთა საამებლად ჰკითხა: „გნებავსა იერუსალემდ აღსვლაი და მუნ ამისთვის განკითხვაი ჩემ წინაშე?“ (25.9), ანუ გნებავს იერუსალიმში წასვლა, რომ მე, ვითარცა მსაჯულმა, იქ სინედრიონის თანდასწრებით განგსაჯო? ფიქრობენ, რომ ის 10 დღე, როცა ფესტოსი იერუსალიმში იმყოფებოდა, მოქრთამეს. შესაბამისად მას იუდეველთა გულის მოგება უნდოდა და ამიტომ აკეთებს ამას.
პავლე უარყოფს ფესტოსის წინადადებას, ამბობს, რომ მას არაფერი დაუშავებია ისეთი, რომ სინედრიონმა განიკითხოს: „საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა - ჯერ არს ჩემი განკითხვაი, ჰურიათა არაი შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი. უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაი მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა, უკუეთუ არარაი არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ხელ-ეწიფების მიმადლებაი ჩემი მათა, კეისარსა უღაღადებ. მაშინ ფესტოს ზრახვა-ყო თანა-მზრახველისა თვისისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხვიდე“ (25.10-12). პავლე ამბობს, რომ იუდეველებს არანაერი უფლება არ აქვთ ჩემი განკითხვისა. მე რომის მოქალაქე ვარ და არავის არ აქვს უფლება, რომ იუდაურ სასამართლოზე გადამცეს, მე თავად კეისართან მინდა მისვლა, რომ მის წინაშე გავსამართლდე. რომის ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა უფლება, რომ კეისრის სამსჯავრო მოეთხოვა, ეს უფლება გამოიყენა პავლემ და ფესტოსმაც ნება დართო. პავლეს ამ მოთხოვნითა და ფესტოსის პასუხით „სასამართლო“ პროცესი დასრულდა.
წინა - სარჩევი - შემდეგი