ფელიქსმა კარგად იცოდა ქრისტეს სარწმუნოების შესახებ. თვითონ წარმართი კი იყო, მაგრამ ცოლი ყავდა ებრაელი და ყოველივე იცოდა ქრისტეზე. უწყოდა ისიც, რომ პავლე ჭეშმარიტების მქადაგებელი იყო, მაგრამ არ შეეძლო ებრაელთა წყენინება და ამიტომ ვერ ათავისუფლებს პავლეს. „ესმა რაი ესე ფელიქსს, დრო უყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთვის და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთვის“ (24.22). ფელიქსს არ შეეძლო უბრალო ადამიანის დასჯა და დროის გაყვანის მიზნით, მოითხოვა, რომ რადგან ლუსიაც არის ამ ამბის თანამონაწილე, როდესაც ის ჩამოვა, მასთან ერთად გამოვიძიოთ ყველაფერიო. პავლეს საღვთო განგებულებითაც აყოვნებს საპყრობილეში, რომ გამოჩნდეს მისი სულგრძელება და მოთმინება. ფელიქსმა „უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაი პავლესი და რაითა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თვისთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა“ (24.23). ფელიქსმა პავლე დააპატიმრა პალესტინის კესარიაში, თუმცა კი ის „თავისუფალი“ იყო, მასთან ყველას შეეძლო შესვლა. გრძელდებოდა რა მისი პატიმრობა, ამავდროულად იზრდებოდა მორწმუნეთა რაოდენობაც, რადგან ვინც შედიოდა მის სანახავად, ყველა მოექცეოდა.
გარკვეული ხნის შემდეგ ფელიქსმა თავის ცოლ დრუსილასთან ერთად პავლეს მოუწოდა და მისგან ქრისტეს მოძღვრების შესახებ სიტყვა ისმინა (24.24). დრუსილა არის ჰეროდე აგრიპა პირველის ქალიშვილი, რომელიც სჯულის დარღვევით ცოლად გაყვა წარმართ ფელიქსს.
პავლემ მტკიცედ უთხრა მათ, რომ თუ არ ირწმუნებდნენ ქრისტეს, ისინი უმოწყალოდ იქნებოდნენ დასჯილნი. „და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათვის და მოთმინებისა და სასჯელისათვის მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: „აწ ამას ჟამსა წარვედ და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ და და ამათ თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მიიღოს მან პავლესგან, რაითა განჰხსნას იგი. ამისთვის ზედაისზედა მოუწოდა და ზრახავნ მას“ (24.25-26). პავლე ქადაგებს არა მარტო იმაზე, რომ ქრისტეს რჯული ჭეშმარიტია, არამედ იმაზე, თუ რა ელის მის უარმყოფელთ. ფელიქსს სიკვდილის შიშის შეეშინდა, მან გაუშვა პავლე ანუ ბოლომდე არ ისმინა მისი, ვერ აიტანა მხილება. „გონიერი იღებს მხილებას, ხოლო უგუნური - არა“, - ვკითხულობთ წმიდა წერილში. პროკურატორს სურდა, რომ ფული აეღო პავლესგან, ამიტომ ხშირად ეძახდა და ესაუბრებოდა მას. ცხადია, მან იცოდა, რომ ქრისტიანები დიდად ზრუნავდნენ პავლეზე და იმედი ქონდა, რომ საკმარის გამოსასყიდს შეაძლევდნენ. ასე გაგრძელდა ორი წელი, შემდეგ კი ქრისტეშობიდან 60 ან 61 წელს ფელიქსი პროკურატორობიდან გადააყენეს. ახალ პროკურატორ პორკიონ ფესტოსს სურდა „მომადლებაი ჰურიათაი, - ამიტომ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა“ (24.27). ფესტოსმა პავლე არ გაათავისუფლა, რადგან სურდა იუდეველებში კეთილი სახელი დაეტოვებინა, თუმცა კი უდანაშაულოდ მიიჩნევდა მას. პავლე საპყრობილეში რჩება, რაც ნიშნავს, რომ მისი საქმე ძიების პროცესშია.
წინა - სარჩევი - შემდეგი