მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლეს თავის გასასამართლებელი სიტყვა (24.10-21)


 

 

პავლე მოციქული ღირსეულად პასუხობს თითოეულ ბრალდებას. „მიუგო პავლე წამისყოფითა მთავრისაითა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულსმოდგინებით თავისა ჩემისათვის სიტყუაი მიუგო, რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისხმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაითგან აღვედ მე იერუსალემდ თაყვანისცემად“ (24.10-11). წამისყოფა ნიშნავს, ანიშნა. პავლე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ფელიქსი უკვე მრავალი წელია ამ ერის მსაჯულია და იცნობს ერის ტრადიციასა თუ ხასიათს, ამიტომაც გაქვს სამართლიანად განსჯის საშუალება. პავლე ამბობს: „არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალემდ თაყუანისცემად, და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათვის ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა, არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ-ზედა ამისა ჩინებად, რომლისათვის - ესე აწ შემასმენენ მე“ (24.11-13). მოციქული აღნიშნავს, რომ 12 დღის წინ იერუსალიმში თაყვანის საცემად ჩავიდა. არსად, არც ტაძარში, არც სინაგოგაში, არც ქუჩაში არავის უნახავს, ვინმესთან ექადაგოს ან ხალხი აეღელვებინოს. ამდენად, ბრალდება, თითქოს მან იერუსალიმში შფოთი გამოიწვია, სიცრუეა და მის ბრალმდებლებს ამის დამტკიცება არ შეუძლიათ. თუმცა პავლე უშიშრად აღიარებს, რომ ის მიმდევარია იმ სწავლებისა, რომელსაც ისინი „მწვალებლებს“ უწოდებდნენ (24.14), შემდეგ ამ მწვალებლობის არსს განსაზღვრავს და მიუთითებს ახალი აღთქმის ერთიანობაზე ძველ აღთქმასთან, რომლისაც ასე სწამს სინედრიონს.

„ესრეთ ვმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი შჯულსა და წინაისწარმეტყუელთა წერილ არს“ (24.14), ანუ მე ვემსახურები იმ ღმერთს, რომელსაც ჩემი ბრალმდებლები სცემენ თაყვანს.

„სასოებაი მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაი ყოფად არს მკუდართაი, მართალთაიცა და ცოდვილთაიცა“ (24.15), ანუ მეც იმავეს ველი ღვთისაგან, რასაც ისინი ელიან (იგულისხმება მიცვალებულთა აღდგომა).

მოციქული უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, თითქოს იგი ტაძრის გაუწმინდურებას ცდილობდა. „ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაი მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის“ (24.16). დაუბრკოლებელი გონება ნიშნავს წმინდა გონებას ანუ მე წმინდა დამოკიდებულება მაქვს ღმრთისა და ადამიანთა მიმართ, მე არ ვარ დამნაშავე.

ოთხი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მოციქული პავლე იერუსალიმში იყო, ამიტომ ბრძანა: „მრავლისა წლისა შემდგომად ქველისსაქმისა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა, რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა“ (24.17-18). პავლემ არა თუ გააუწმინდურა ტაძარი, არამედ მასში სათანადო სჯულისმიერი განწმენდის შემდეგ შევიდა და არა ხმაურით ბრბოსთან ერთად. მოციქული ამათ კი არ შეიპყრეს, ახლა ბრალს რომ სდებენ, არამედ „ასიაით ვინმე ჰურიათა, რომელთაი ჯერ იყო შენ წინაშე მოსლვაი და შესმენად, რაი-იგი აქუს ჩემდა მიმართ სიტყუაი, ანუ მაგათ თვით თქუმად, რაი პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაი იგი კრებულსა შორის“ (24.19-20). პავლე ამბობს, რომ ასიელი იუდეველნი მოვიდნენ შენთან და აქ წამომიყენონ ბრალი. მოციქული ასევე ითხოვს, რომ ბრალმდებლები, რომლებიც ვერცერთ ბრალდებას ვერ ასაბუთებენ, ის მაინც თქვან, რა დანაშაული პოვეს მასში, „ანუ ერთისა მის სიტყვისათვის, რომელ ხმა-ვყავ მათ შორის, რაი-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათვის მკუდართაისა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ“ (24.21), ანუ <>დანაშაულად იმას მითვლიან, რომ მკვდართა აღდგომის შესახებ ვქადაგებ.



პავლემ, როგორც სინედრიონის წინაშე იქადაგა, იმასვე იმეორებს ახლა. პავლე ამბობს, რომ მე ვისაჯები მკვდართა აღდგომაზე ქადაგების გამო. აქ ჩადებულია ქვე აზრი, თუ გწამთ საყოველთაო აღდგომისა, მაშინ თქვენ უნდა გწამდეთ მათი აღმდგენელის არსებობაც იესო ქრისტეს სახით.



წინა - სარჩევი - შემდეგი