„შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღვდელთმოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყველისა ვისმე ტერტვილოის თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთვის“ (24.1), ანუ 5 დღის შემდეგ ანანია სინედრიონის წევრებთან (მესამედი მაინც (1:3)) ერთად პალესტინის კესარიაში ჩადის პავლესათვის ბრალის დასადებად. მათ თან ახლავთ ვინმე ტერტვილოისი. ფიქრობენ, რომ ის იყო წარმართი, რომელიც მოექცა იუდაურ სჯულზე ანუ ის იყო პროზელიტი და ამავდროულად მჭერმეტყველი. ანანიამ გადაწყვიტა, რომ სინედრიონის სათქმელი ფელიქსისთვის ამ კაცს გადაეცა, რადგან იგი მჭერმეტყველი იყო. სახელი ტერტვილოისის სრული ფორმაა ტერტვილიუსი.
მმართველის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მან სიტყვა ყველაზე უფრო ყალბი ქება-დიდებით დაიწყო (24.2). „მრავალსა მშვიდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შენსა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა შევიწყნარებთ, მხნეო ფელიქს, ყოვლითა მადლობითა“ (24.3). ტერტვილოისი ამბობს, რომ იუდეველები ყველგან და ყოველთვის აღიარებენ ფელიქსს და ქვეყნის კეთილმოწყობასა და მშვიდობას უმადლიან. თუმცა ყალბია ეს ქება, რაც იმითაც დასტურდება, რომ პროკურატორობიდან ფელიქსის გაწვევისას რომის იმპერატორთან მას სწორედ რომ იუდეველებმა უჩივლეს.
ამის შემდეგ ის ახასიათებს პავლე მოციქულს, რომელიც სადაც არ უნდა იყოს, ყველგან შფოთსა და არეულობას იწვევს. ტერტვილიუსი ფელიქსს ეუბნება, რომ არ დაგღალო, მოკლედ გეტყვი ჩვენს სათქმელს (24.4). „რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძვრელი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაი, რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად შჯულისა ჩუენისა ვინებეთ განკითხვაი“ (24.5-6).
პავლეს სამი ბრალდება წაუყენეს:
1. ის არის მეამბოხე. ის აღძრავს იუდეველებს, რომ დაუტეონ მოსეს სჯული და შეუდგნენ ქრისტეს. ეს გახლავთ უფრო პოლიტიკური ბრალდება.
2. წინამძღვარია ნაზორეველთა მწვალებლობის. ეს უფრო რელიგიური ბრალდებაა.
3. იერუსალიმის ტაძარი შეურაცხ-ყო.
აი ამ ბრალდებების საფუძველზე ჩვენ ის შევიპყარით განსასჯელად, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცა ლუსია ათასისთავმა, რამეთუ „ზედამოგვიხდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ხელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა“ (24.7). აქაც მორიგი ტყუილი თქვა მან, რადგან როცა პავლე ტაძარში შეიპყრეს, მისი მოკვლა სურდათ და არა შეპყრობა. ტერტვილოსი განაგრძობს, რომ ლუსიამ „ბრძანა შემასმენელთაცა მისთაი შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა. ეწამებოდეს ჰურიანიცა და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ესრეთა არს“ (24.8-9). ლუსიას წერილში ეწერა, რომ ფელიქსმა ბრალმდებლებს მოუსმინოს და ისე განსაჯოს პავლე, რიტორმა კი ეს მოქმედება ყალბად წარმოადგინა, როგორც უკანონო ჩარევა საქმეში, რომელიც თითქოსდა მხოლოდ სინედრიონს ეკუთვნოდა. რიტორმა თავისი სიტყვა იმ განცხადებით დაასრულა, რომ პავლე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ვერ უარყოფს. თავის მხრის სინედრიონის წევრებმაც უმალ დაუდასტურეს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც ტერტვილოსმა განაცხადა.
წინა - სარჩევი - შემდეგი