პროკონსული ფელიქსი ჰეროდე აგრიპა პირველის სიძე გახლდათ. ლუსიამ სწორედ მასთან გააგზავნა პავლე. ათასისთავმა „მოუწოდა ორთა ვიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განმჰზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მოვიდენ კესარიადმდე, და მხედარი სამეოც და ათი, და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაით, და სახედარი ერთი, რაითა აღსუან პავლე და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა“ (23.23-24). პავლე დიდი ამალით, სულ 470 ფარით და შუბით აღჭურვილი კაცით გაიყვანეს ირუსალიმიდან. თავად მოციქული სახედარზე იჯდა. დიდი ამალით იმიტომ გზავნის, რომ ეშინოდათ, ჰურიები არ დასხმოდნენ თავს და არ მოეკლათ იგი და შემდეგ ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ ქრთამი აიღო მათგან და ამიტომაც არ შეუშალა ხელიო ჰურიებს მის მკვლელობაში. მათ პავლე ქალაქ ანტიპატრიამდე (23.31) მიაცილეს, ანუ მანამ, სანამ იქნებოდა საფრთხე მისი შეპყრობისა.
ლუსიამ თან წერილი გაუგზავნა ფელიქსს (23.25-26), როგორადაც იყო წესი რომაელი გამგებლისა, რომელიც ზეპირი გადმოცემით არ კმაყოფილდება და წერილობითი ფორმით ამცნობს საქმის ვითარებას ფელიქსს. ფელიქსი კესარიაში იჯდა, რადგან ეს იყო მთავარი ქალაქი მთელი პალესტინის ტერიტორიაზე, ამიტომ იქ წარავლინა პავლე, რომ უშიშრად მომხდარიყო მისი განსჯა და ამავე დროს, კესარიაშიც ექადაგა ქრისტეს ღმრთეება. წერილი ასეთი იყო: „კაცი ესე შეეპყრა ჰურიათა და ეგულებოდა მოკლვაი მაგისი, ზედამიუხედ მხედრებითურთ და განვარინე ეგე, ვცან-ღა, რამეთუ ჰრომი არს. და მინდა გულისხმის-ყოფად ბრალი იგი, რომლისათვის შეასმენდეს მას ჰურიანი, და შთავიყვანე იგი კრებულსა მათსა, და ვპოე, რამეთუ აბრალებდეს მას ძიებათათვის სჯულისა მათისათა, და არარაი ღირსი სიკუდილისა გინა კრულებისა ბრალი იპოა მაგის თანა. და ვითარცა მეუწყა, რამეთუ უმზირდეს ჰურიანი მოკლვად კაცისა მაგის, მუნთქუესვე წარმოვავლინე შენდა. მიბრძანებიეს შემასმენელთა მათდაცა სიტყუად მაგისა შენ წინაშე. და ცოცხლებით იყავ!“ (23.27-30). ისინი პავლეს ადანაშაულებენ სჯულის დარღვევაში, რაც სულ არ აინტერესებს რომაელ ასისთავს, რადგან პავლე რელიგიურ დამნაშავედ მიიჩნევა და ათასისთავი ასეთ საკითხებში არ ერევა.
„ხოლო სტრატიოტთა (სამხედრო პირებმა) მათ მსგავსად ბრძანებულისა მათისა წარიყვანეს პავლე და მიიყვანეს ღამე ანტიპატრიადმდე და ხვალისაგან განუტევნეს მხედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად. რომელნი-იგი მო-რაი-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარსა მას და წარუდგინეს მას პავლეცა“ (23.31-33). ჯარისკაცებმა პავლე მოციქული ანტიპატრიამდე მიიყვანეს, შემდეგ კი გამორიცხული იყო შეპყრობა და უკანვე დაბრუნდნენ. ბადრაგის მეთაურმა კესარიაში ჩასვლისას პროკურატორ ლუსიას წერილი გადასცა და პავლე ჩააბარა. პროკურატორმა წერილი წაიკითხა და პავლეს ჰკითხა თუ რომელი ოლქიდანაა წარმოშობით და როცა გაიგო, რომ კილიკიიდან არის (23.34), უთხრა მას: „ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაი მისი“ (23.35). ამდენად, პროკურატორმა ფელიქსმა გადაწყვიტა, რომ პავლეს მაშინ მოუსმინოს, როცა მისი ბრალმდებლები მოვლენ, მანამდე კი ის დაცვის თანმხლებით ჰეროდეს პრეტორიუმში გადაიყვანა. ამის მიზეზი ალბათ ლუსიას კეთილი სიტყვა გახლდათ, რომელიც მან ტუსაღს თავის წერილში შეაწია, რის გამოც პავლეს მეტისმეტად სიმკაცრით აღარ ექცეოდნენ.
წინა - სარჩევი - შემდეგი