მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

იუდეველთა შეთქმულება პავლეს მოსაკლავად და პავლეს დისწული ათასისთავთან (23.12-22)


 

 

საფრთხე, რომელიც პავლეს ემუქრებოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. „ვითარცა განთენა, ყვეს ვიეთმე ჰურიათა შეთქმულებაი, შეჩუენებულ ყვნეს თავნი თვისნი და თქუეს არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე. ხოლო იყვნეს უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეთქმულებაი ესე ყვეს“ (23.12-13). ორმოცზე მეტმა იუდეველმა, რომელთაც განსაკუთრებით სძულდათ პავლე, სადუკეველთა ხელშეწყობით საშინელი აღთქმა დადეს, რომ ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ, მანამ არც ჭამდნენ რა არც სვამდნენ. მათ ოფიციალურად წარუდგინეს თავიანთი მოთხოვნა მღვდელმთავრებს და ხუცესებს და უთხრეს მათ: „შეჩუენებით შეჩუენებულ ვყვენით თავნი თვისნი არარაისა გემოისხილვად, ვიდრემდე მოვკლათ პავლე. აწ უკუე თქუენ აუწყეთ ათასისთავსა კრებულითურთ, რაითა ხვალე შთამოიყვანოს იგი თქუენდა, რეცა თუ გეგულების უჭეშმარიტესად-რე გულისხმის-ყოფად მისთვის, ხოლო ჩუენ ვიდრე მოახლებადმდე მისა განმზადებულ ვართ მოკლვად მისა“ (23.14-15). წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს 40 კაცი, რომელთაც თავი შეიჩვენეს, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, შეჩვენებულივე დარჩნენ, რადგან ვერ მოკლეს იგი. შეჩვენებულებმა რომაელ კომენდატს ოფიციალური თხოვნით მიმართეს, რომ კიდევ ერთხელ წარედგინათ პავლე სამსჯავროს წინაშე. მათი განზრახვით, როდესაც პავლეს სინედრიონის სხდომის ადგილისაკენ წაიყვანდნენ, მაშინ უნდა მოეკლათ.

საბედნიეროდ, ღვთის განგებულებით, ამ ყველაფრის შესახებ შეიტყო პავლეს დისწულმა, რომელიც ციხე-სიმაგრეში მივიდა, რომ პავლესთვის (ბიძისთვის) ყველაფერი ეთქვა. მოციქულმა ამის შესახებ არაფერი არ უთხრა ასისთავს, რადგან ეს ცნობა შეძლებისდაგვარად საიდუმლოდ უნდა შეენახათ, არამედ მხოლოდ ის უთხრა, რომ თავისი დის შვილი ათასისთავთან მიეყვანა (23.16-17).

ასისთავმა მიიყვანა ის ათასისთავის წინაშე და უთხრა, რომ პავლემ მთხოვა ამ ჭაბუკის თქვენთან მოყვანა, ხოლო ათასისთავმა ის თავისთან წაიყვანა და ჰკითხა, თუ რა უნდა ეთქვა მისთვის. ხოლო მან უთხრა, რომ „ჰურიანნი შეითქუნენ, რაითა ითხოონ შენგან და პავლე შთაიყვანონ ხვალე კრებულსა მათსა, რეცა თუ უჭეშმარიტესად-რე კითხვად მისთვის. შენ უკუე ნუ ერჩი მათ, რამეთუ უმზირიან მას მათგანნი კაცნი უმრავლეს ორმეოცისა, რომელთა შეიჩუენნეს თავნი თვისნი არა ჭამად, არცა სუმად, ვიდრემდე მოკლან პავლე და აწ განმზადებულ არიან და ელიან შენსა ბრძანებასა. ხოლო ათასისთავმან განუტევა ჭაბუკი იგი და ამცნო, რაითა არავის უთხრას, ვითარმედ ესე მაუწყე მე“ (23.18-22). საინტერესოა, რატომ ირწმუნა ათასისთავმა ასე ადვილად ჭაბუკის სიტყვები? ალბათ იმიტომ, რომ გამოცდილი ჰქონდა ჰურიათა უწესობა და შფოთის მოყვარეობა. მან სთხოვა პავლეს დისწულს, რომ არავისთვის ეთქვა ეს საიდუმლო, რომ პავლე უნდა გადაეყვანათ იერუსალიმში, რადგან თუ გამომჟღავნდებოდა ეს, შეიძლება ხელი შეეშალათ მისთვის.



წინა - სარჩევი - შემდეგი