მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლეს სიტყვა სინიდრიონის წინაშე და უფლის გამოცხადება იერუსალიმში (23.1-11)


 

 

ოცდამესამე თავში გადმოცემულია პავლეს ქადაგება სინედრიონის წინაშე. წინა თავში გადმოცემული იყო პავლეს ქადაგება იუდეველთა წინაშე. მსგავსად მაცხოვრისა და სხვა მოციქულებისა, პავლეც წარდგა იერუსალიმის უმაღლესი სამსჯავროს წინაშე. სანამ რაიმეს კითხავდნენ, მან დაიწყო: „მიხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო, ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილად ვმოქალაქობდ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე“ (23.1). პავლე მიმართავს არა ათასისთავს ან ხალხს, არამედ სინედრიონს და ეუბნება: „მე არ ვთვლი ჩემს თავს ღირსად, რომ ვიყო ამ მდგომარეობაში, რადგან არაფერი ღვთის საგმობი არ გამიკეთებია“. მოციქულის სიტყვები თვალთმაქცობად მოეჩვენა მღვდელმთავარ ანანიას და „უბრძანა წინაშემდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი“ (23.2). ეს ანანია იგივე ანა მღვდელმთავარია, რომელიც სახარებაშიცაა მოხსენიებული. ის იყო ამაყი და უხეში კაცი, ამ დროისათვის კი მღვდლმთავრის მოვალეობის შემსრულებელი. მას 5 შვილი ყავდა. ერთ-ერთმა პროკონსულმა ანას ქრისტეშობიდან 17-18 წელს მღვდელმთავრობა ჩამოართვა, ახალ მღვდელმთავრად კი ანას შვილი ელეაზარი დაადგინეს, შემდეგ კი ანას სიძე კაიაფა (26-36 წლები), მას შემდეგ ანას მეორე შვილი ნათანი, შემდეგ ანას მესამე შვილი თეოფილე და შემდეგ დანარჩენი შვილებიც. ამ დროისათვის, როცა პავლე წარსდგა სინედრიონის წინაშე, ანას აღდგენილი აქვს პირველი მღვდელმთავრის ხარისხი.

ეს ანანია ეხლა ზის და ყოველგვარი განსჯის გარეშე პავლეს ცემას ბრძანებს, ხოლო მოციქული არა გინებითა და ლანძღვით, არამედ საღვთო კადნიერებით ეუბნება მას მამხილებელ სიტყვებს: „ცემაი შენი ეგულების ღმერთსა, კედელო განგოზილო! და შენ ჰზი მსაჯულად ჩემდა მსგავსად შჯულისა და უშჯულოდ ბრძანებ ცემად ჩემდა“ (23.3), ანუ შენი დასჯა ღმერთს აქვს განზრახული. პავლე მოციქული განგოზილ კედელს უწოდებს ანანიას, გარედან რომ პატივითა და სიწმინდით არის შემოსილი, შინაგანად კი ბინძური და ბილწია. წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, პავლე დროულად ამხელს ანანიას, რომ შენ შჯულმა დაგადგინა ჩემს მოამართლედ, თუმცა კი უშჯულოდ მექცევი მე.

წინაშემდგომელმა ეს სიტყვები მღვდელმთავრის შეურაცხყოფად მიიღეს და უთხრეს კიდეც პავლეს: „მღვდელთმოძღუარსა ღმრთისასა აგინება? ჰრქუა მათ პავლე: არა ვიცოდი, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღვდელთმოძღუარ, რამეთუ წერილ არს: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი“ (23.4-5). ეს სიტყვები შეიძლება სამნაერად გავიგოთ:

1. რადგან ანანია აღადგინეს მღვდელმთავრის ხარისხში, ეს მართლა არ იცოდა პავლემ, რადგან იგი მრავალი წელი მოშორებული იყო იერუსალიმს.

2. მღვდელმთავრის ტანსაცმელი არ იყო გამორჩეული სხვა მღვდელთა სამოსლისაგან. რადგანაც პავლე პიროვნულად არ იცნობდა ანანიას, ჩათვალა, რომ ისიც ერთ-ერთი მღვდელთაგანი იყო.

3. პავლეს შჯულის სიტყვები წმიდა წერილიდან იმიტომ მოყავს, რომ თავისი ნათქვამი გაამართლოს. სიტყვები: „მე არ ვცნობ მას მღვდელმთავრად“, ნიშნავს, რომ მე არ ვაღიარებ მის მღვდელმთავრობას და შესაბამისად წმიდა წერილის ეს სიტყვები მიემართება ღირსეულ მღვდელმთავარს და არა ისეთს, როგორიც გახლავთ ანანია.

როდესაც პავლე მოციქულმა დაინახა, რომ მის მიმართ ყველა მტრულად იყო განწყობილი და მის სიტყვას ყურს არავინ არ უგდებდა, მან გადაწყვიტა გამოეყენებინა ერთი საშუალება, რომელიც ასეთ რთულ სიტუაციაში ყოველთვის ქმედითია ხოლმე. პავლე კაცობრივი საშუალებით წინ აღუდგა ბოროტს. მან ფარისევლები და სადუკევლები ერთმანეთს დაუპირისპირა. მოციქულმა „ისარგებლა“ მათი რელიგიური შეხედულებით, თავისი თავი მათ შორის უკეთესს მიაკუთვნა და თქვა: „კაცნო, ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაი და სასოებისათვის და აღდგომისა მკუდართაისა მე ვისაჯები. ესე ვითარცა თქუა მან, იყო შფოთი ფარისეველთაი და სადუკეველთა და განივლთა სიმრავლე იგი, რამეთუ სადუკეველნი იტყვიან: არა არს აღდგომაი, არცა ანგელოზი, არცა სული, ხოლო ფარისეველნი აღიარებენ ამას ყოველსა, და იყო ღაღადებაი დიდი“ (23.6-9). მართლაც, პავლე ისჯებოდა ერთი რამის გამო, რომ იგი ქადაგებდა მიცვალებულთა აღდგომის შესახებ, მან ამ განცხადებით ჭეშმრიტად მოიმადლიერა იუდეველები. რატომ ამბობს პავლე, რომ მე ვიტანჯები საყოველთაო აღდგომაზე ქადაგების გამო? იმიტომ, რომ, პირველყოვლისა, მას რომ ეხსენებინა ქრისტე, როგორც აღდგომილი, ამით ვერ მოიგებდა ფარისეველთა გულს და მეორეც, პავლეს უნდა, რომ მათი სული იქამდე აამაღლოს, რომ თუ სწამთ მიცვალებულთა აღდგომისა, მაშინ რატომ არ აღიარებენ ერთი კაცის, იესო ქრისტეს აღდგომას?

მკვდრეთით აღდგომის საკითხში ქრისტიანობა სრულად ემთხვეოდა ფარისეველთა სწავლებას და ამდენად, უფრო ახლოს იდგა მასთან, ვიდრე სადუკევლობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვან დოგმატურ ჭეშმარიტებებს უარყოფდა. მოციქულის სიტყვებმა მიზანს მიაღწია, საკრებულოში განხეთქილება და უთანხმოება ჩამოვარდა, უფრო მეტიც, ფარისეველთა ფრთის წარმომადგენლებმა მისი დაცვაც კი დაიწყეს. „აღ-ვინმე-დგეს მწიგნობარნი კრებულისაგან ფარისეველთაისა, ილალვიდეს და იტყოდეს: არარას ბოროტსა ვჰპოებთ კაცისა ამის თანა, გინა სული ეტყოდა მას, გინა ანგელოზი, ნუ ღვთისმბრძოლ ვართ“ (23.9). ფარისევლებმა გაათავისუფლეს პავლე ყოველგვარი ბრალდებისაგან, რადგანაც ამბობენ, რომ სულის ან ანგელოზის გამოცხადებით ქადაგებს და გავფრთხილდეთ, რათა მასთან ბრძოლით ღვთისმბრძოლებად არ წარმოვჩნდეთ. „და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მხედრობასა შთასვლაი და გამოტაცებაი მისი შორის მათსა და მიყვანებაი მისი ბანაკად“ (23.10). ასისთავს შეეშინდა, რომ მათი ურთიერთცილობის მსხვერპლი პავლე არ გამხდარიყო, რომელიც რომის მოქალაქე გახლდათ, რადგან თუ მას რაიმე ევნებოდა, ამ შემთხვევაში მას (ათასისთავს) სასჯელი არ ასცდებოდა, ამიტომ ჯარისკაცებს უბრძანა, რომ პავლე უკან, ციხესიმაგრეში წაეყვანათ და მცველები დაუყენა.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში უფალმა თავისი სიტყვის მქადაგებელი გაამხნევა. „მეორესა ღამესა დაადგრა მას უფალი და ჰრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა ეგე სწამე ჩემთვის იერუსალემს, ეგრეთცა ჯერ-არს შენდა ჰრომესაცა შინა წამებაი“ (23.11). „საქმე მოციქულთას“ მიხედვით, ეს არის მე-4 გამოცხადება პავლესადმი. უფალმა დაამშვიდა პავლე, რომ იუდეველები მას ბოროტს ვერ უზამდნენ, აღსრულებული ღვაწლის გამო შეაქო იგი და ამავდროულად ასეთივე ღვაწლის აღსრულების შესახებ მოუწოდა, რომელიც მოციქულს მძლავრი წარმართული იმპერიის პოლიტიკურ დედაქალაქში, რომში უნდა აღესრულებინა. ეს ერთგვარი ნუგეში იყო პავლესთვის, რადგან მის ძველ სურვილს პასუხობდა.



წინა - სარჩევი - შემდეგი