„და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოისა ჯერ - არს თქუენდა ტანჯვად?“ (22.25), ანუ როდესაც გაშალეს ღვედები საცემად, პავლემ უთხრა ასისთავს, განა მართებულია თქვენგან რომის მოქალაქის დასჯა განსჯის გარეშე? ამდენად, პავლე მას კანონის ორჯერად დარღვევაზე მიუთითებს.
1. მისი გამათრახება არ შეიძლებოდა, როგორც რომის მოქალაქის, რადგან ეს მონების სასჯელი იყო.
2. ტრიბუნამ საქმის გამოძიება წამებით დაიწყო, რაც რომის სისხლის სამართლის კანონის დარღვევა გახლდათ.
„ესმა რაი ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაი გეგულვების ყოფად, რამეთუ კაცი ეგე ჰრომი არს. მოუხდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე. მიუგო ათასისთავმა მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაი ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ“ (22.26-28). პავლეს განცხადება, რომ იგი რომის მოქალაქეა, ასისთავმა სასწრაფოდ შეატყობინა ათასისთავს, რამაც ორივეს შეშფოთება გამოიწვია. თავად ათასისთავს რომის მოქალაქეობა დიდი ფულით ჰქონდა ნაყიდი და ეჭვი შეეპარა ღარიბი ტუსაღის რომის მოქალაქეობაში. პავლე მოციქული მას უებნება, რომ დაბადებიდანვე რომის მოქალაქეა. პავლეს მამა იყო რომის მოქალაქე და ცხადია, პავლემაც მემკვიდრეობით მიიღო ის. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „პავლეს მაგალითით ვსწავლობთ, რომ ადამიანური ძალისხმევაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოროტებისაგან თავის დასაღწევად, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ტყუილი და სულის მავნებელი რამ“. ათასისთავს შეეშინდა, რადგან რაც გააკეთა, იმის უფლება არ ჰქონდა. „მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა - იგი ეგულვებოდა ტანჯვაი მისი და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაი, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებულ“ (22.29). პავლემ თავისი აღიარებით (რომ რომის მოქალაქეა), არა მარტო თავისი თავი დაიცვა, არამედ ათასისთავიც დააზღვია მორიგი სიბოროტისაგან.
„ხვალისაგან უნდა გულისხმის-ყოფად უკრძალულესადრე, რაისათვის-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განხსნა იგი და ბრძანა შეკრებაი მღვდელთმოძღუართაი და ყოვლისა მის კრებულისაი და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა“ (22.30). ათასისთავი დაინტერესდა, თუ რას მოითხოვდნენ ამ კაცისგან ჰურიანნი, მაგრამ ახლა ისე თამამად ვეღარ იქცევა, არამედ კრძალვით გაათავისუფლა პავლე ბორკილებისაგან, მოიწვია სინედრიონი, რომ ოფიციალურად და კანონიერად განეხილათ მისი საქმე. მან პავლე სინედრიონს შორის დააყენა და როგორც რომის მოქალაქეს, პატივისცემით ეპყრობოდა, რომ ვინმემ რაიმე ზედმეტი არ შეამთხვიოს მას.
წინა - სარჩევი - შემდეგი