საღვთო განგებულებით ის შვიდი დღე გასული არ იყო, როდესაც პავლეს წინააღმდეგ აღშფოთება დაიწყო. იერუსალიმში ჩამოვიდნენ ასიელი ჰურიები, მათ პავლე „იხილეს ტაძარსა შინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ხელნი მათნი და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთვის და შჯულისა და ადგილისა ამისთვის ძვირსა ძრახავს, ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაი. რამეთუ ეხილვა წინაისწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანნა იგი პავლე“ (21.28-29). ისინი ცილს სწამებენ პავლეს, თითქოსდა ტაძარში წარმართი შეიყვანა და ტაძარი შებილწა. ეს ტყუილია, რადგან პავლემ ტროფიმე ეფესელი ქუჩაში ნახა და ის ტაძარში არ შეუყვანია. ესოდენ მძიმე ბრალდებით მათ „აღძრეს ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაი ერისაი და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან და მეყსეულად დაეხშნეს კარნი“ (21.30), ანუ სტეფანეს მსგავსად მისი ჩაქოლვა მოინდომეს ქალაქგარეთ, მაგრამ საღვთო განგებულებით ტაძრის კარები მეყსეულად იკეტება, რომ იქედან ვერავინ გაეყვანათ გარეთ.
რატომ ჩაიკეტა ტაძრის კარები?
1. იმიტომ რომ პავლეს სიცოცხლე შენარჩუნებოდა.
2. როდესაც გამოიყვანეს სტოას გარეთ, კარები თვითონვე ჩაკეტეს, რომ მოკლავდნენ რა პავლეს, მისი სისხლი ტაძარს არ შეხებოდა.
„და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაი მისი, მოიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალემი შეკრებულ არს. ხოლო მან მეყსეულად წარიყუანა მხედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მხედარნი, დააცადეს ცემაი პავლესი“ (21.31-32). იუდეველებს პავლეს მოკვლა აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ ამ დროს ათასისთავს შეატყობინეს იერუსალიმის მღელვარების შესახებ, ის მაშინვე დაიძრა ამ ადგილისაკენ. ბრბო მის დანახვაზე დაფრთხა და პავლეს ცემა შეწყვიტეს. ათასისთავი რომ არ მოსულიყო, პავლე უეჭველად მოკვდებოდა იუდეველთაგან, იგი რომაელმა ათასისთავმა იხსნა სიკვდილისგან. ცხადია, მას არ აინტერესებდა თუ ვინ არის პავლე, არამედ მისი მთავარი საზრუნავი ქალაქში წესრიგის დამყარება გახლდათ.
ათასისთავმა ბრძანა „შეკრვაი მისი (პავლეს) მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაი უქმნიეს?“ (21.33). რომაული კანონის თანახმად, მას არ ჰქონდა პავლეს შეპყრობის უფლება, რადგან არ იცის, არის თუ არა დამნაშავე და ისე ადებს ბორკილს. თუმცა ამ გზით მას იუდეველთა სიამოვნება სურდა, მაგრამ ამას აქვს მეორე და დადებითი მხარე, მას ეს რომ არ გაეკეთებინა, შეიძლებოდა იუდეველებს მოციქული მოეკლათ. ათასისთავი შებორკვის მერე კითხულობს, თუ ვინ არის და რა დააშავა, თუმცა კი შებორკვამდე უნდა ეკითხა ეს.
ათასისთავის კითხვაზე, თუ ვინ არის პავლე „სხვანი იგი სხუასა რასმე ხმობდეს ერსა შორის და ვითარ-იგი ვერ გულისხმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაი მისი ბანაკად. და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მხედართა მათ სიმრავლისა მისთვის ერისა, რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაი და ხმობდეს: აღიღე ეგე!“ (21.34-36). ათასისთავმა, რომელმაც ვერაფერი გაიგო ჰურიათა შეძახილების გამო, ბრძანა პავლეს ციხესიმაგრეში გადაყვანა, თუმცა ეს ადვილი არ იყო ბრბოს გამო, ამიტომ ჯარისკაცებმა პავლე ხელში აიყვანეს და ისე წაიყვანეს, ხალხი კი ღაღადებდა: „აღიღე ეგე!“, ვითარცა ქრისტეზე ამბობდნენ: „აღიღე, აღიღე და ჯუარს აცუ ეგე“ (იოანე 19.15).
„და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს რაისამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მან ჰრქუა: ბერძლ იცია?“ (21.37). პავლე სიმდაბლით ეკითხება ათასისთავს, თუ აქვს სიტყვის უფლება, ხოლო რომაელ ათასისთავს გაუკვირდა მისი ბერძნული მეტყველება, რადგან იგი ეგვიპტელი ეგონა, რომელიც თვითმარქვიობაში იყო ეჭვმიტანილი. „ანუ არა-მე შენ ხარა მეგვიპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და განიყუანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი სიკარიელნი?“ (21.38) - ეუბნება იგი პავლეს. როგორც ჩანს, ეს ეგვიპტელი ჯერ კიდევ არ იყო შეპყრობილი და როდესაც მოსაკლავად შეპყრობილი პავლე დაინახა ათასისთავმა, ეგონა, რომ ებრაელებს შეუპყრიათო ის კაცი.
„ჰრქუა მას პავლე: მე კაცი ვარ ჰურიაი, ტარსელი კილიკიისაი, არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქე და გევედრები შენ: მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყუად და მან ვითარცა უბრძანა, დადგა პავლე აღსავალსა მას და განუყარა ხელი ერსა მას და ვითარ მრავალი დადუმებაი იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყვითა“ (21.39-40). პავლემ მას აუხსნა თავისი წარმოშობა და ამით უქარვებს ეჭვს, რომ იგი ეგვიპტელია. „სიტყუაი ჰურიაი“ განიმარტება როგორც აღმსარებელი, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. პავლე ბუნებით იუდეველია და სთხოვს ნებართვას ათასისთავს, რომ ხალხს სიტყვით მიმართოს. ათასისთავმა ნება დართო და პავლემ, კიბეზე მდგომმა ბორკილდადებულმა, წარმოთქვა თავისი სიტყვა ებრაულ ენაზე.
პავლე მოციქულის სიტყვა იერუსალიმში ხალხის წინაშე და იუდეველთა აღშფოთება.
„კაცნო! ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყვისგებისათვის“ (22.1). ყურადსაღებია პავლე მოციქულის მიმართვის ფორმა. სიტყვები: „კაცნო, ძმანო“, ნიშნავს, რომ ეს სიტყვა ყველა იქ მდგომს ეკუთვნის, ხოლო „მამანო“ მათ მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მათ პავლეს მოკვლა სურდათ, პავლე არ მიმართავს მათ, როგორც სისხლისმსმელებს. მოციქული მათ სთხოვს, რომ მოისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენ წინაშე იმ ბრალდებათა გამო, რაც ზოგიერთმა თქვენგანმა წამომიყენა.
„და ვითარცა ესმა (ხალხს), რამეთუ ებრაელებრითა სიტყვითა ეტყოდა მათ, უფროის დადუმება-სცეს“ (22.2). ებრაულად მიმართვით პავლემ პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ.
პავლე მოციქული მათ უყვება თავისი წარმომავლობისა და აღზრდის შესახებ, რითაც აჩვენებს, რომ იგი ჭეშმარიტი იუდეველი და სჯულის დამცველია. მოციქული ამბობს: „მე კაცი ვარ ჰურიაი, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერხთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა. მოშურნე ვიყავ ღმრთისათვის, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს. რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, ვითარცა-ეგე მღვდელთმოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათვის, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მივიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალემდ, რაითა იტანჯნენ“ (22.3-5). პავლე აღნიშანავს, რომ იგი მოსეს სჯულის მთელი სიმკაცრით აღიზარდა „ფერხთა თანა“ გამალიელისთა, რომელიც სახელგანთქმული ფარისეველი მოძღვარი იყო. პავლე მოციქული განსაკუთრებით სდევნიდა ქრისტიანებს, რაც შეიძლება დაადასტუროს მღვდელმთავარმაც, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი, თუმცა კი გადამდგარი იყო.
პავლეს შემდგომი თხრობა ეხება იმას, თუ როგორ მოექცა იგი დამასკოს გზაზე. თხრობა სრულიად ეთანხმება 9.3-8-ში გადმოცემულ თხრობას, თუმცა არის მცირეოდენი განსხვავება და ჩვენც შევეხებით ამას.
„იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა, შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩემ ზედა“ (22.6). მეცხრე თავში არ წერია, რომ პავლესადმი გამოცხადება შუადღეზე (შუა სამხრის) ხდება, არც ის, რომ ძლიერი, კაშკაშა ნათელი გამობრწყინდა შუადღისას. „და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ხმაი, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ რაისა მდევნი მე? და მე მივუგე: ვინა ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი“ (22.7-8). მეცხრე თავისაგან განსხვავებით, უფალი თავის თავს უბრალოდ იესუს კი არ უწოდებს, არამედ იესუ ნაზარეველს. ზემოთ აღნიშნულ თავში წერია, რომ პავლესთან მყოფებს, „სმენით ესმოდათ ხმაი იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას“ (9.7), აქ კი „რომელნი - იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ხმაი იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე.“ (22.9). ეს ორი თხრობა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, არამედ პირიქით, საცნაური ხდება, რომ გამოცხადება მხოლოდ პავლესთვის ხდება, თანამგზავრებმა კი მისი ანარეკლი იხილეს და ისმინეს.
პავლე ეუბნება უფალს: „რაი - მე ვყო, უფალო?“ თუმცა, ეს არ წერია ზოგიერთ ხელნაწერში. უფალიც პასუხობს: „აღდეგ და შევედ დამასკედ, და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათვის, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. და ვითარ - იგი მე არას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ხელისპყრობითა თანა მყოფთა მათ ჩემთაითა შევედ დამასკედ“ (22.10-11). თხრობა სრულად ეთანხმება 9.6 და 9.8 მუხლს.
შემდგომად ამისა პავლე მათ უყვება ანანიას მიერ თვალის სასწაულებრივ ახელასა და მონათვლაზე. „ანანია ვინმე, კაცი ღვთისმოშიში მსგავსად შჯულისა, წამებული ყოველთაგან მკვიდრთა დამასკისათა ჰურიათა, მოვიდა ჩემდა, ზედამომადგა და მრქუა მე: საულ, ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა აღვიხილენ და მივხედენ მას. ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ხმაი პირისა მისისაი, რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი - იგი იხილე და გესმა და აწ ნურარას ეურვი, აღდეგ და ნათელ - იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა“ (22.12-16). მეცხრე თავთან შედარებით ანანიას სიტყვა უფრო ვრცლად არის გადმოცემული, თუმცა შინაარსი აბსოლუტურად ეთანხმება მას. ეს ყველაფერი ცხადია, დამასკოში ხდება. აქ გამოტოვებულია პავლეს არაბეთში ყოფნის ეპიზოდი და 22.17 მუხლიდან იწყება პავლეს იერუსალიმში ყოფნის მონაკვეთის გადმოცემა.
„ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალემს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკვირვებასა შინა.“ (22.17). „საქმე მოციქულთას“ მიხედვით ეს არის უფლის მეორე გამოცხადება პავლეს მიმართ. ამ გამოცხადებას არც ლუკა და არც პავლე თავის არცერთ ეპისტოლეში არ აღნიშნავს. ეს ხდება მაშინ, როდესაც პავლე იერუსალიმში არაბეთიდან დაბრუნდა, სადაც დამასკოდან მოქცევის შემდეგ გაემგზავრა. პავლე აღნიშნავს, რომ გამოცხადებას ადგილი ქონდა ტაძარში. ამდენად, მოქცევის შემდეგ იგი არ წყვეტდა კავშირს ტაძარსა და მის კანონიერ ღვთისმსახურებთან. „და ვიხილე უფალი (ვიხილე ქრისტე ადამიანური სახით) და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალემით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაი შენი ჩემთვის. და მე ვთქუ: უფალო, მათ თვით იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და თანაჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელისა მკვლელთა მისთასა. და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ“ (22.18-21). პავლე ხაზს უსვამს, რომ იგი არ არის იუდეველთა მტერი. ის შეეწინააღმდეგა უფალს, რადგან უფალმა იერუსალიმის დატოვება უბრძანა, რადგან, პირველ რიგში, სწორედ მათთან სურდა ქადაგება და აქვე იხსენებს სტეფანეს ამბავსაც. პავლე უფალს უებნება (და ამ დიალოგს ეხლა ხალხს უყვება), რომ მე მიცნობენ ისინი, არა როგორც უბრალოდ მდევნელს, არამედ სტეფანეს მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილეს, მაგრამ უფლის დაუნდობელი ბრძანებაა: ის ტოვებს იერუსალიმს და წარმართებთან გადადის საქადგებლად.
ამ დრომდე იუდეველნი მშვიდად უსმენდნენ მას, მაგრამ როგორც კი ახსენა პავლემ, რომ ის წარმართებში უნდა გადასულიყო საქადაგებლად, მათ თქვეს: „აღიღეთ ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს-არს ცხოვრებად და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა და მტუერსა ზე აღაფრქუევდეს ჰაერსა, ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაი მისი ბანაკად და თქუა: ტაჯვით განვიკითხო ეგე, რაითა ვცნა, რომლისა ბრალისათვის ესრეთ ხმობენ მისთვის“ (22.22-24). პავლეს სიტყვამ ბრბოს აღშფოთება გამოიწვია, მათთვის მუღებელია პავლეს გაქრისტიანება და ამიტომ მისი დასჯა გადაწყვიტეს. გაცოფებულები ჰაერში ტანსაცმელსა და ქვიშას ისროდნენ, თითქოს ქვებს უშენდნენ. ათასისთავი ვერ გაერკვა საქმის ვითარებაში, იგი გაკვირვებულია ბრბოს ასეთი სიცოფის გამო, მას თავად ესენი უნდა დაესაჯა, მაგრამ სიმრავლის შეეშინდა და ყოველგვარი განსჯის გარეშე ბრძანა პავლეს დაპატიმრება, თან დასძინა, რომ „ტანჯვით განვიკითხო ეგე“ (22.24), ანუ არა მხოლოდ სიტყვით განვიკითხავ, არამედ ფიზიკურადაც დავსჯი მას. ათასისთავს პავლეს გადარჩენა უნდოდა არა იმიტომ, რომ სჯერა მისი, არამედ იმიტომ, რომ თუ მას მოკლავდნენ, მაშინ მას, როგორც წესრიგის დამცველს პასუხი მოეთხოვებოდა ამის გამო.
წინა - სარჩევი - შემდეგი