პავლე მოციქულმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იუდეიდან ჩამოსულ წინასწარმეტყველ აგაბოსგანაც შეიტყო (21.10), რომელმაც ჯერ კიდევ ანტიოქიაში ყოფნისას შიმშილი იწინასწარმეტყველა, რის გამოც ბარნაბასა და შილას ხელით ანტიოქიის ეკლესიამ იერუსალიმის ეკლესიას შემწეობა გაუგზავნა. „და მოვიდა ჩუენდა (აგაბო) და აღიღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერხნი და ხელნი მისნი და თქუა: ამას იტყვის სული წმინდაი, კაცისა, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს ჰურიათა და მისცენ იგი ხელსა წარმართთასა“ (21.11). აგაბო პავლეს გარდაუვალ დაპატიმრებას წინასწარმეტყველებს. რა საჭირო იყო ამდენგზის წინასწარმეტყველება პავლეს მომავალი განსაცდელის შესახებ? წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, ამით ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ პავლე არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით მიდის ამ ღვაწლზე, რადგან სურდა ვნებულიყო ქრისტესთვის. აგაბომ წინასწარმეტყველებისთვის სარტყელი გამოიყენა, რითაც იგი ბაძავს იერემია წინასწარმეტყველს, ამავდროულად ამგვარი მოქმედება უფრო ეფექტური იყო პავლესთვისაც და იქ მყოფთათვისაც, რომლებიც ევედრებოდნენ პავლეს, რომ არ წასულიყო იერუსალიმში (21.12).
„მაშინ მოგვიგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ? სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალემს სახელისათვის იესუისსა“ (21.13). მიუხედავად მრავალი თხოვნისა, პავლე მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზე, რომ მზად არის ქრისტეს სახელის გამო სიკვდილზეც კი წავიდეს. პავლეს ეს ნება უფლის ნებად ცნეს (21.14), რადგან იგი ყოველთვის ემორჩილებოდა ძმებს, როდესაც აფრთხილებდნენ და, ცხადია, ეხლაც არ გაუწევდა წინააღმდეგობას, ღვთის ბრძანება რომ არ ყოფილიყო ამ ღვაწლის აღსრულება.
მეორე დღეს მოციქული პავლე კესარიიდან იერუსალიმში ავიდა (21.15). „მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაითცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კვიპრელი, პირველი მოწაფე“ (21.16). პავლეს იერუსალიმში გაყვნენ კესარიელი მოწაფეები, მათ შორის იყო მნასონ კვიპრელი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა და არა - კესარიაში. ეს კაცი რომ კესარიაში ცხოვრებულიყო, მაშინ პავლე მასთან დარჩებოდა და არა ფილიპესთან. პავლე სიხარულით მიიღეს იერუსალიმელმა ძმებმა (21.17).
„ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს და მოიკითხვიდეს მას და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა“ (21.18-19). იაკობი გახლავთ უფლის ხორციელი ძმა, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი. პავლე, როგორც თავთან და წინამძღვართან, ისე მიდის იაკობთან თავის მოწაფეებთან ერთად, მათ შორის არის ლუკა მახარებელი, რომელიც ყოველივეს თვითმხილველია. პირველი სიტყვა პავლემ აიღო და ყოველივე უთხრა მათ, რაც წარმართებთან ქადაგების გამო გადახდა. მათ როცა ეს მოისმინეს, უფალი ადიდეს და ამავდროულად არ დაუმალავთ ერთი სამწუხარო ფაქტი, რომ იუდეველი ქრისტიანები მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი (21.20).
„ესმა ვიეთგანმე შენთვის, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესაგან, რომელნი - იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყვი, რაითა არა წინადასცვითონ შვილთა მათთა და არცა ჩუეულებათა ვიდოდიან. რაი უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ“ (21.21-22). იაკობი, არა როგორ ეპისკოპოსი (ზემდგომი), არამედ როგორც ძმა, ისე ეუბნება პავლეს, რომ შენზე ამბობენ, თითქოს წარმართ ქვეყნებში მცხოვრებ იუდეველებს აიძულებ, არ წინადაიცვითონ. ცხადია, ეს სწორიცაა, მაგრამ მიუღებელი იყო მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სჯულის ქვეშ ცხოვრობდა. ისინი თუ გაიგებდნენ, რომ პავლე, რომელიც წინადაცვეთას აუცილებლად არ თვლის, აქ არის, ცხადია, დიდი შფოთი ატყდებოდა.
პავლეს წინააღმდეგ ეს აკვიატებული აზრი რომ განექარწყლებინათ, იაკობმა ურჩია პავლეს, რომ მოსეს სჯულისადმი პატივისცემა საჯაროდ გამოეხატა. კერძოდ, განწმენდილიყო ტაძარში ოთხ კაცთან ერთად, რომელთაც აღთქმა ქონდათ დადებული. „აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყვით შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცვაი აქუს თავისა თვისისაი. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა, და იკუეცე მათ თანა, რაითა დაიყვინენ თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ, რომლისათვის - იგი ესმა შენთვის, არარაი არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ შჯულსა“ (21.23-24). ცხადია, ეს ყველაფერი არაფერს არ წარმოადგენდა ქრისტიანულ სარწმუნოებაში, მაგრამ ამით პავლე მათ დაანახებდა, რომ არ იყო მოსეს სჯულის მოწინააღმდეგე, არამედ - აღმსრულებელი. პავლემ დადო ნაზორეველობის შვიდ დღიანი აღთქმა.
„ხოლო მორწმუნეთა წარმარათთათვის ჩუენ მივწერთ და უბრძანეთ, რაითა არარას ეგევითარსა იმარხავდენ იგინი, არამედ რაითა ეკრძალნეთ კერპთა კლულისაგან და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა“ (21.25), ანუ თუ კი ჩვენ, ჰურიათა მოძღვრებმა ამდენი რამ დავუთმეთ წარმართებს და ებრაული წესის აღსრულება არ მოვთხოვეთ, ასევე შენ გამო, რომელიც წარმართთა მოძღვარი ხარ, არ უნდა დაბრკოლდნენ ქრისტიანი წარმართები, რადგან მცირე თანალმობა გამოიჩინე ჰურიათათვის. პავლეს ამ გზით ასევე შეახსენებენ, რომ ძალაში რჩება მოციქულთა კრების გადაწყვეტილება, რომ ახალმოქცეული წარმართები უნდა განეშორონ: „კერპთა კლულისაგან და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა“ (21.25). პავლე მოციქული, ცხადია, მაშინვე დათანხმდა. „მაშინ წარიყვანა პავლე კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შვიდთა მათ დღეთა განწმენდისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათვის შესაწირავი“ (21.26). პავლე და მასთან მყოფი ოთხი კაცი შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღე სწირავდა მსხვერპლს ნაზორეველობის კანონის თანახმად.
წინა - სარჩევი - შემდეგი