„საქმე წმიდათა მოციქულთა“ ახალი აღთქმის მეხუთე კანონიკური წიგნია, რომლის ავტორიც გახლავთ ლუკა მახარებელი. ამ წიგნს სხვადასხვანაირად მოიხსენიებდნენ, მაგალითად: „მოციქულთა საქმეები“, „საქმეები წმინდანებისა“, „წიგნები საქმეებისა“. ყოველ სახელწოდებაში გვხვდება „საქმეები“, თუმცა ახალ ქართულში ის მხოლობითით შეიცვალა და ამჟამად გავრცელებულია სახელწოდებით „საქმე წმიდათა მოციქულთა“.
ეს წიგნი წარმოადგენს ლუკას სახარების უშუალო გაგრძელებას. ეს გახლავთ მეორე წიგნი, რომელიც მან (ლუკამ) ვინმე თეოფილესთვის დაწერა. წიგნში აღწერილი მოვლენები იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოხდა, ძირითადად კი გადმოცემულია თავთა მოციქულთა, წმიდა პეტრესა და პავლეს მოღვაწეობა.
„საქმე წმიდათა მოციქულთა“ ლუკა მახარებელმა დაახლოებით 63-64 წლებში ქალაქ რომში დაწერა. დაახლოებით 60 წელს პავლეს აპატიმრებენ, შემდეგ ის გადაჰყავთ პალესტინის კესარიაში, 2 წლის შემდეგ კი კეისართან შესახვედრად ქალაქ რომში ჩაჰყავთ. წიგნი იმაზე მითითებით სრულდება, რომ პავლემ რომში 2 წელი დაჰყო. 64 წელს ის წარდგა კეისრის წინაშე სასამართლოზე, სადაც გამართლდება. შემდეგ პავლე იერუსალიმში ჩამოდის და განაგრძობს მქადაგებლობით მოღვაწეობას, 67 წელს კი მოწამეობრივად აღესრულა, რადგანაც ეს საქმეები არ არის აღწერილი წიგნში, ამით ვგებულობთ, რომ იგი პავლეს პატიმრობამდე, ანუ 64 წლამდე დაიწერა.
თვით პავლეს ეპისტოლეებიდან ვიგებთ, რომ მას მეორე და მესამე მოგზაურობისას თან ახლდა ლუკა მახარებელი.
„გიკითხავთ თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი“. (კოლ.4.14)
„...ლუკა, თანაშემწენი ჩემნი“. (ფილიმონ.1.24)
„საქმე წმიდათა მოციქულთას“ რომში დაწერას ადასტურებს ეკლესიის დასავლელი მამა, ნეტარი იერონიმეც.
საიდან ჩანს, რომ წიგნის ავტორი ლუკა მახარებელია? ეს თვით ამ წიგნიდან ჩანს. „პირველი ესე სიტყუაჲ“-ში (საქმე 1.1) ლუკას სახარება იგულისხმება, რომელსაც (სახარებას) სიტყვა ერქვა. „სახარებისა“ და „საქმეების“ ადრესატი ერთი და იგივე პიროვნება გახლავთ. პირველ წიგნში (სახარებაში) აღწერილია ქრისტეს ამქვეყნიური საქმეები, მეორე წიგნში კი გრძელდება მოციქულთა მოღვაწეობით, ასევე, ორივე წიგნი იწყება შესავლით და აშკარად შესამჩნევია წერის ერთნაერი სტილიც. ლუკა მახარებელი თავის შესახებ პირველ პირში საუბრობს, რითაც დასტურდება, რომ იგი გადმოცემული მოვლენების თვითმხილველია.
მაგალითად: „და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსვლაჲ ჩუენი იტალიად...“ (საქმე 27.1).
„...და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შვიდ დღე და ესრეთ მოვედით ჰრომედ...“ (საქმე 28.14).
„და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი...“ (საქმე 21.17).
„ესენი წინაწარგვიძღვეს და გუელოდეს ჩუენ“ (საქმე 20.5).
„საქმე წმიდათა მოციქულთა” ამაღლების შემდგომ დროინდელ მოვლენებს აღწერს. ეს არის დაახლოებით ოცდაათ წლიანი პერიოდი.
წიგნი 28 თავისაგან შედგება. პირველი თორმეტი და მეთხუთმეტე თავი ეთმობა პეტრე მოციქულის მოღვაწეობას ებრაელთა შორის, ხოლო მეცამეტედან ოცდარვის ჩათვლით პავლე მოციქულის შესახებაა. პეტრე ებრაელთა, ხოლო პავლე წარმართთა მომაქცეველი მოციქულია. წიგნი ლუკამ პავლეს ლოცვა-კურთხევით დაწერა, რომელიც თავისი მოძღვარი იყო, ამიტომაც თხრობა ძირითადად სწორედ მას ეთმობა. „საქმე მოციქულთა“, უპირველეს ყოვლისა, აღდგომის მოწმობის ჭეშმარიტი დადასტურებაა,“ - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.
„საქმეებში“ ჰეროდე აგრიპა მეფედ იხსენიება, ე.ი. წიგნში უტყუარი ფაქტებია გადმოცემული. წმიდა ლუკასა და იოსებ ფლავიუსის გადმოცემები ერთმანეთს ემთხვევა. ანა მღვდელმთავარს ლუკა სადუკეველად (რელიგიური მიმართულება, რომელიც უარყოფდა სულის უკვდავებას, მკვდრეთით აღდგომასა და ანგელოზებისა და სულების არსებობას) მოიხსენიებს, რაც ისტორიულ ცნობებს ეთანხმება.
წინა - სარჩევი - შემდეგი