„პირველი ესე სიტყუაი ვყავ ყოველთათვის“ (1.1) ,პირველ სიტყვაში ანუ პირველ წიგნში ლუკას სახარება იგულისხმება, რომელიც მან ვინმე თეოფილესთვის დაწერა. წიგნი დაიწერა ყოველთათვის ანუ ყოველივეზე, მაგრამ ეს პირობითად არის ნათქვამი. წმიდა იოანე ოქროპირს ყოველივეს აღწერა შეუძლებლადაც კი მიაჩნია, აქ სიტყვა „ყოველივე“ „აუცილებლის“ გაგებითაა ნათქვამი, რომ შესაძლებელი გახდეს იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობისა და სწავლების გაცნობა და მისი, როგორც ძე ღვთისას რწმენა.
ლუკა მახარებელი მიმართავს ვინმე თეოფილეს. რას ნიშნავს ეს? თეოფილეს შესახებ რამდენიმე განმარტება არსებობს:
1. თეოფილე არის კომპოზიტი. „თეო“ - ღმერთი, „fილოს“ - სიყვარული, ანუ ღვთის მოყვარე. თეოფილე ამ შემთხვევაში საკუთარი სახელის მნიშვნელობით არის გამოყენებული. იგი გახლავთ სახე ყველა ღვთისმოყვარე ადამიანებისა.
2. თეოფილე იყო წარმართი რომაელი ბერძნული სახელით.
3. თეოფილე იყო სირიელი, ეს ჩანს ტექსტიდან.ლუკა დაწვრილებით უხსნის მას ტოპონიმებსა და გეოგრაფიულ ადგილებს. მაგალითად: 2 ათასი წყრთა არის იერუსალიმიდან ელეონის მთამდეო.
4. თეოფილე იყო ებრაელი მღვდელმთავარი.
5. თეოფილე იწოდება მხნეოთი ანუ ის დიდგვაროვანი იყო. ლუკა მისი მკურნალი ექიმი გახლდათ. სწორედ მან (ლუკამ) უქადაგა მას (თეოფილეს) ქრისტეს სარწმუნოება და ამ პროზელიტისთვის წიგნიც კი დაწერა.
6. რატომ მაინცადამაინც თეოფილეს მიუძღვნა ორივე წიგნი? ლუკას ამით სურს, რომ თეოფილეს შეაგონოს პირველი წიგნის ღირსება და კიდევ ერთხელ დაუდასტუროს მაცხოვრის მაღალღირსება. ამ გზით ლუკა მიუთითებს იმ ორგანულ კავშირზე, რომელიც სახარებასა და ამ წიგნს შორის არსებობს, მეორე წიგნი ხომ პირველის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს.
წინა - სარჩევი - შემდეგი