სიტყვებში „რომელთა იწყო იესუ ყოფად და სწავლად“ (1.1) ქრისტეს ცხოვრება და მქადაგებლობა იგულისხმება. „იესო“-ში მის კაცებას გულისხმობს, რომლითაც ივნო, ხოლო „ყოფად და სწავლად“ სიტყვებში იგულისხმება ის, რომ მაცხოვარი საქმით ჰყოფდა იმას, რასაც ჩვენ გვასწავლიდა.
მაცხოვარი 40 დღის განმავლობაში ეჩვენებოდა მოციქულებს, რომ ისინი დაერწმუნებინა თავის ნამდვილობაში, რომ ის ნამდვილად ის იყო და არა მოჩვენება. მაცხოვარი დროდადრო ეჩვენებოდა მათ (1.3), რათა მოციქულებს მისდამი მონატრების სურვილი გასჩენოდათ.
„და თანა-ექცეოდა მათ, - ანუ მათთან ერთად ჭამდა და სვამდა, - და ამცნებდა: იერუსალემით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან“ (1.4). ამ სიტყვების აღსრულება მოწაფეთაგან საკმაოდ დიდ თავგანწირვას მოითხოვდა, რადგან მათ არ სურდათ გაჩერება იმ ქალაქში, სადაც მათი მოძღვრისა და პირადად მათ მიმართ მოსახლეობა ესოდენ მტრულად იყო განწყობილი, თუმცა კი ეს ღვთის ნება გახლდათ. მათ სწორედ იქ უნდა განეცხადებინათ სასწაული აღდგომისა, იქ უნდა განედიდებინათ სახელი ქრისტესი, სადაც შეურაცხყვეს და მოკლეს იგი. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „სადაც არის ძლიერი ბრძოლა, იქ უნდა იყვნენ ძლიერი მხედრები”. მოციქულებს ჯერ აქ, შემდეგ კი სხვა ხალხში უნდა ექადაგათ ღვთის სიტყვა.
მძიმე ბრძანებაა, რომ ისინი მტერთა ქალაქში უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა უფალმა მყისვე დაუმატა აღთქმა ყოვლისშემძლე მამისგან გამომავალი ყოვლადძლიერი მფარველისა და წინამძღოლის - სულიწმინდის გარდამოსვლის შესახებ. მაცხოვარი მოწაფეებს სულის მოსვლის ზუსტ ჟამს არ უსახელებს (1.5), რათა ისინი მარადის მის მოლოდინში ყოფილიყვნენ, რომ მოლოდინმა მათ მუდმივი სულიერი მღვიძარება და რწმენა გაუძლიეროთ.
„ხოლო რომელნი იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?“ (1.6). ეს კითხვა მეტყველებს იმაზე, რომ მოციქულები ხორციელად აზროვნებენ და მესიაზე ჯერ კიდევ არ აქვთ სწორი წარმოდგენა. „ერთად ეკითხებიან, რათა უფრო ღირს-ჰყოს ისინი, აუწყოს ის, რაც მათ აინტერესებთ“, - ამბობს ნეტარი იერონიმე. „სასუფეველში“ სულიწმინდის გარდამოსვლა იგულისხმება.
მოციქულები ეკითხებიან:
1. აღდგება თუ არა ისრაელის დიდება? მოციქულებზე ჯერ კიდევ არ არის სულიწმინდის მადლი, ამიტომ ისინი ჯერ კიდევ ხორციელად აზროვნებენ.
2. ეკითხებიან მეორედ მოსვლაზე.
„ხოლო მან (ქრისტემ) ჰრქუა მათ (მოციქულებს): „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაი, რომელი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა“ (1.7). მოციქულები სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მსგავს კითხვას აღარ დასვამენ, მათი საქმე სახარების ქადაგებაა, ამისთვის კი აუცილებელია სულიწმინდის მოვლენა. „არამედ მოიღოთ ძალი მოსლვისა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა და იყვენით ჩემდა მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა“ (1.8), ანუ როდესაც სული თქვენზე გადმოვა, თქვენ აღარ იზრუნებთ ამაო საქმეებზე, არამედ შეუდგებით თქვენს საქმეს, რომ „იქადაგოთ სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოველსა სოფელსა“. ჯერ იერუსალიმში უნდა იქადაგონ მოციქულებმა, სადაც ჯვარს აცვეს უფალი, რადგან ქადაგება ჯვარცმული და აღმდგარი მესიის შესახებ პირველს მათ უნდა გაეგოთ, შემდეგ ღვთის სიტყვა რჩეული ერისათვის უნდა ექადაგათ, შემდეგ სამარიელებისათვას და შემდეგ „ყოვლისა სოფლისათვის“.
მოციქულმა უნდა დაამოწმოს, რომ
1. ქრისტე არის განკაცებული ძე ღვთისა
2. ქრისტე ნამდვილად აღდგა.
მოციქულის ქრისტოლოგიური გააზრება სხვანაირია. მოციქული მომდინარეობს სიტყვისაგან „ციქუა“, რაც ნიშნავს შუამავალს, მსახურს, ანუ მოციქული გახლავთ შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის. მოციქული მხოლოდ თორმეტს ეწოდება, რადგან ისინი არიან დამმოწმებელნი ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობისა და აღდგომისა.
მაცხოვარი სიტყვის დასრულებისთანავე, მყისვე ამაღლდა (1.9), რომ მისთვის რაიმე უჯერო არ ეკითხათ „და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა“ (1.9), ამით აღსრულდა წინასწარმეტყველება დავითისა „დადვა ღრუბელი აღსავალად თვისა“ და ესაიასი - „აჰა, ესერა ზის ღმერთი ზედა ღრუბელსა სულმცირესა“. ღრუბელში იგულისხმება:
1. ფიზიკური, მატერიალური ცა, რომელიც გადალახა მაცხოვარმა და გადაინაცვლა სხვა, სულიერ სამყაროში.
2. ღრუბელი უკავშირდება ღვთიურ განგებულებას, ის გახლავთ ღვთის დიდების მყოფობის სიმბოლო, რომელიც ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ნათლის ღრუბლის სახით ცხადდებოდა.
მოწაფეებს მაცხოვრის აღდგომის პროცესი არ უხილავთ, მაგრამ იხილეს აღდგომილი. იხილეს აღდგომილის ამაღლება, მაგრამ არ უხილავთ ამაღლებული.
უფლის ამაღლებას ამოწმებს ორი ანგელოზი, რომლებმაც მიიღეს ადამიანის სახე და ისე ეჩვენნენ მოციქულებს, რომ არ შეეშინებინათ ისინი (1.10). ორი ეჩვენა იმიტომ, რომ „პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ“. მათ კაცის სახე ქონდათ, მაგრამ მათი სპეტაკი სამოსელი მათ ანგელოზებრივ ბუნებას მიანიშნებდა. „რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (1.12). მაცხოვარი რა სახითაც ამაღლდა, ზუსტად ისეთივე სახით დაბრუნდება მიწაზე, ანუ აქ არის წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე. გარდა ამისა, ანგელოზებმა მოწაფეებს მოღვაწეობისაკენ მოუწოდეს, რომ მომზადებულიყვნენ მომავალი საპასუხისმგებლო საქმეებისათვის.
„მაშინ მოიქცეს იერუსალემდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ზეთისხილთაი“ (1.12). უფალი ამაღლდა ელეონის მთიდან, რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარეობს. როგორც ჩანს, თეოფილე არ იცნობდა პალესტინას, ამიტომ ლუკა მახარებელი უხსნის, რომ ელეონის მთიდან იერუსალიმამდე შაბათის გზა (2 ათასი წყრთა) იყო. ელეონის მთა, რომელიც უფლის უდიდესი დამცირების მომსწრე იყო (გეთსიმანიის ბაღი ელეონის მთის დასავლეთ ფერდობზე მდებარეობდა), ახლა მისი უდიდესი განდიდების მომსწრე გახდა - ქრისტეს ზეცად ამაღლებისა, ვითარცა ძე ღვთისასი თავის ზეციურ მამასთან.
უფალი სიწყნარეში ამაღლდა, ამ დროს მოციქულებმა კიდევ უფრო მეტად შეიცნეს მასში მეუფე და ბატონი. ისმის კითხვა, თუ რა სახით ამაღლდა უფალი. უფალმა თომას ჭრილობები აჩვენა, ნაიარევი ხელებზე და ფერდში, სწორედ ამგვარად ამაღლდა ის, რათა მიმხვდარიყო კაცობრიობა, რომ იგი იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. მეორედ მოსვლის დროს, ჯვარზე წამების ნიშნად, მაცხოვარი ამ ნაიარევით წარდგება კაცთა წინაშე და ჭრილობებდამჩნეული ხელით განსჯის მათ, რომლებმაც ცოდვით მიულურსმეს უფალს ხელ-ფეხი.
წინა - სარჩევი - შემდეგი