მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები ბრუნდებიან სახლში. წმიდა წერილში მანძილი ზეთისხილის (ელეონის) მთიდან იერუსალიმამდე მოხსენიებულია როგორც „შაბათის გზა“ (1.12) რაც 2 ათასი წყრთის ტოლია, ამ მანძილზე მეტის გავლა ებრაელებს შაბათ დღეს ეკრძალებოდათ.
სახლი, რომელშიც მოციქულები იკრიბებიან ეკუთვნოდა მარკოზ მახარებლის დედას, მარიამს, სადაც ასევე მაცხოვარმა ადრე ზიარება დააწესა. მათ რადგანაც ეშინოდათ ქალაქში სიარულის, ამიტომ სასწრაფოდ ავიდნენ თავიანთ სოფელში, მოციქულები „აღხდეს ქორსა მას“, ანუ ზედა თვალში, ზედა სართულის ოთახში, სადაც ქალაქის ხმაურს მოშორებულებს, ლოცვა და სულიწმინდის გარდამოსვლისათვის მომზადება დაუბრკოლებლად შეეძლებოდათ. ლუკა მახარებელი ყველა მოციქულის სახელს ჩამოთვლის: „პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი“ (1.13). ჰეროდეს შიშით დაფანტული მოწაფეები ეხლა უკვე ერთად არიან შეკრებილნი, თუმცა მათ რიგებში არ არის იუდა ისკარიოტელი, აქედან ჩანს, რომ მან მოწაფეობისა და სახელით მოხსენიების პატივიც კი დაკარგა წმიდა წერილში.
„ესე ყოველნი იყვნენ განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედაით იესუისით და ძმებითურთ მისით“ (1.14). ანუ მათთან ერთად იყვნენ: ღვთისმშობელი, ასევე მენელსაცხებლე დედები და უფლის ხორციელი ძმები, ასევე 70 მოწაფეც. ზოგიერთ კომენტატორთა თანახმად, ამ ასოცში მხოლოდ მამაკაცები შედიოდნენ. სახლში ისინი ლოცულობდნენ, რაც მათ ზეამაღლებულ რელიგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს. 120 კაცს შორის არ იხსენიება იოსებ დამწინდველი, რადგანაც ის ამ დროისათვის ცოცხალი აღარ იყო. წმიდა მამები ამას იმიტომ ამბობენ, რომ იოსებს არასდროს არ მიუტოვებია მარიამი. როდესაც მაცხოვარი იოანე ღვთისმეტყველს აბარებს დედას, ცხადია, იოსები რომ ცოცხალი ყოფილიყო, ეს ერთგვარი დარღვევა იქნებოდა იმ წესრიგისა, პატივისა და სიყვარულისა, რაც მარიამისთვის აღასრულა იოსებმა. იოსებზე პირდაპირ წერია წმიდა წერილში, რომ კაცი მართალი იყო.
პეტრე, როგორც თავი მოციქულთა, რომელსაც ქრისტემ „ცხოვართა მწყემსვა“ და მოციქულთა წინამძღვრობა დაავალა, საუბარს პირველი იწყებს, თუმცა წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, „პეტრე ყველაფერს საერთო თანხმობით იქმს და თვითნებურად, ვითარცა უფროსი, არაფერს განაგებს“. პეტრე მოციქული იქ შეკრებილებს მიმართავს სიტყვით: „კაცნო, ძმანო“ (1.14). ძმად წოდებით იგი ნუგეშს სცემს მათ და აღძრავს ურთიერთის სიყვარულით. „ჯერ იყო აღსრულებად წერილი, რომელი იგი წინაისწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისათა იუდაისთვის, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუისთა, რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა და ხუედრებულ წილი მსახურებისაი ამის“ (1.16-17). წინასწარმეტყველებაში ასმერვე ფსალმუნი იგულისხმება, ხოლო ახსენებს რა იუდას სახელს, მას არ აყენებს წყევას ან გინებას, არამედ ლიტონად მოგვითხრობს, რათა ჩვენც ასეთი ადამიანების მიმართ გინება არ დავიწყოთ, რადგანაც მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ მოწაფეთა ნაწილისაგან გავარდა და წინამძღვარ-იქმნა შემპყრობთა მოძღვრისა სახიერისა. პეტრე მოციქული იუდას დაცემას საღვთო განგებულებით ხსნის. იუდას დაცემის „ასახსნელად“ პეტრეს წინასწარმეტყველება მოყავს, რათა აჩვენოს, რომ ამ მოვლენაში რაიმე არაჩვეულებრივი არ ყოფილა. ეს ნაწინასწარმეტყველევი იყო და ე.ი. უნდა მომხდარიყო.
წმიდა პეტრეს სიტყვიდან ვგებულობთ მოღალატის საშინელი აღსასრულის დეტალებს, რაზეც არ საუბრობს სახარება. „ამან მოიგო დაბაი იგი სასყიდლითა მით სიცრუისაითა“ (1.18), აქ იგულისხმებიან ის მღვდელმთავრები, რომლებმაც იუდას მიერ დაბრუნებული ფულით შეისყიდეს დაბა, სადაც უცხოტომელებს ასაფლავებდნენ. სიცრუეში ქრისტეს გაყიდვა იგულისხმება. სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილას მოიკლა თავი იუდამ. სინოპტკოსებთან იუდას შესახებ წერია, რომ „წარვიდა და შიშთვილიბა“, პეტრე მოციქული კი უმატებს, რომ „განსივნა და განსქდა შორის და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი“ (1.18). ეს არ ეწინააღმდეგება სახარების თხრობას, როდესაც თავი ჩამოიკიდა, მისი სხეული დამძიმდა, თოკი გაუწყდა და ზეკიდებისაგან განსივებული დაეცა და გასკდა.
იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიას იეროპოლელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეს იყო მაგალითი უღმერთოთა ტანჯვისა, რამეთუ ესოდენ გასივდა იუდა, რომ გზა, რომელზეც იყო დაცემული, ისე ჰქონდა გადაღობილი, რომ ურემი ვერ გაივლიდა. იმ დროს იქ მიდიოდა ურმით კაცი, რომელმაც დავარდნილი იუდა ვერ დაინახა და ზევიდან გადაუარა. ურმისგან გასერილი იუდა გასკდა და ნაწლავები განიპო. თავი ისე ქონდა გასიებული, რომ თვალები გადაუფარა, რათა არ ეხილა ქრიტე, არ ეხილა ნათელი. მის სხეულს მატლი დაეხვია და მრავალი ტანჯვის შემდეგ მოკვდა. უცნობია, ვინ დამარხა იგი. დღესაც კი მიუთითებენ იმ ადგილს, სადაც იუდა მოკვდა, რადგანაც იქ სიმყრალის განსაკუთრებული სუნი დგას, ამიტომაც ის ადგილი დაუსახლებელ იქმნა და ეწოდა „აკელდამა, ესე იგი არს დაბაი სისხლისაი“ (1.19), ეს სიტყვები უკვე ლუკა მახარებელს ეკუთვნის. ამის შესახებ ამბობდა წინასწარმეტყველი დავითი, რომ „იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ“ (ფსალმუნი 68.25). დავითი აქ წინასწარმეტყველებს ღვთისმებრძოლთა წინააღმდეგ, რომ მათი სამკვიდრებელი გაუქმდება და ისინი ღმერთთან ვერ იქნებიან. ფსალმუნში წერია „სამკვიდრებელი მათი“ და „განსაგებელი მათი“, პეტრე კი ამბობს: „იყავნ სამკვიდრებელი მისი ოხერ და ნუ იყოფინ მკვიდრი მას შინა და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ“ (1.20). პეტრე მხოლობით რიცხვში იმიტომ საუბრობს, რომ მან ყოველი ღვთისმებრძოლი იუდას სახეში გააერთიანა. წინასწარმეტყველის სიტყვების მოტანით ცხადი ხდება, რომ განსაგებელი იუდასი ანუ პატივი მოციქულობისა სხვას უნდა მიეღო.
„ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებილთა ამათ კაცთაი ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, იწყო ნათლისცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან, მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი“ (1.21-22).
აი, ამ სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს სამოციქულო პიროვნება, რომელიც იუდას ნაცვლად უნდა აირჩიონ მოციქულებმა.
ანუ მოციქული უნდა აირჩეს ჩვენ შორის შეკრებილთაგან. არა ახალმოსული, არამედ ისეთი, რომელიც არის:
1. მხილველი და დამმოწმებელი მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებისა ნათლისღებიდან ვიდრე ამაღლებამდე.
2. დამმოწმებელი ქრისტეს აღდგომისა.
3. მოციქულობის კანდიდატი თავისი ცხოვრების წესით გამორჩეული უნდა იყოს მსგავსად სხვა მოციქულებისა.
რის საფუძველზე არჩევენ მოციქულები ახალ მოციქულს?
1. საფიქრებელია, რომ ამაზე თავად მაცხოვარმა მისცა მათ მითითება, რაც სახარებაში მოყვანილი არ არის.
2. ისრაელის 12 ტომის მსგავსად უფალმა 12 გამოირჩია. სწორედ ამ რიცხვის შესავსებად იღვაწეს მოციქულებმა, რომ სულიწმინდის გარდამოსვლამდე უდანაკლისოდ ყოფილიყო ეს რიცხვი.
ამ მოთხოვნებს 120 კაციდან მხოლოდ 2 აკმაყოფილებდა. „იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს და მატათია“(1.23). გამოსარჩევად ორი დააყენეს და არა მრავალი, რათა გულდაწყვეტილი ერთი დარჩენილიყო და მის შემდეგ შფოთი არ მომხდარიყო. მატათია, უფლის პირველი მოწაფე, ერთი სამოცდაათთაგანი გახლავთ, ხოლო იოსები ასევე გამორჩეული ადამიანი იყო, მის შესახებ პაპია ამბობს, რომ მას მტრებმა საწამლავი მისცეს, მან კი ჯვარი გადასახა, დალია და უვნებლად ეგო.
იოსები, იგივე ბარსაბა, იგივე იოსტოსი წმიდა წერილში სამი სახელით მოიხსენიება, რატომ?
1. იოსები გავრცელებული სახელი იყო და 70 მოციქულში რომ არ არეოდათ და არ გაეიგივებინათ, ამიტომ მოიხსენიებენ მას სამი სახელით.
2. შეიძლება, მისი სახელი თავისი ცხოვრების სამ ეტაპს აღნიშნავდეს. მაგალითად:
ა). იოსები დაარქვეს მშობლებმა, როცა უფალს დაუახლოვდა ეწოდა ბარსაბა, ხოლო გამყარდა რა რწმენაში, ეწოდა იოსტოსი.
ბ). იოსები მშობლებმა დაარქვეს, იოანეს ნათლობის შემდეგ ეწოდა ბარსაბა, უფალთნ შედგომის შემდეგ კი იოსტოსი.
3. მსახურებაში მხურვალების გამოჩენის გამო შეეცვალა მას სახელი.
ჰქონდა თუ არა მატათიას ნანახი მკვდრეთით აღმდგარი უფალი ხორციელი თვალით? ეს სახარებაში არ ჩანს, მაგრამ ეკლესიის მამები ამბობენ, რომ მას აუცილებლად გამოეცხადებოდა ქრისტე, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევეში ის ვერ გახდებოდა მოციქულობის კანდიდატი.
მოციქულებმა გამოარჩიეს ორი, რომელთაც გულმხურვალე სარწმუნოება ჰქონდათ აღდგომისა და საუკუნო ცხოვრებისა, შემდეგ კი „ილოცვიდეს და თქუეს: „შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი,რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაი, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თვისსა“ (1.24-25), ანუ, შენ, უფალო, რომელიც ყოველივეს წინასწარმცნობი ხარ, გამოაჩინე ჩვენთვის ის, რომელიც წინათვე გამორჩეული გყავდა შენი წინასწარხედვით.
მოციქულები სიფრთხილით ეკიდებიან იუდას სულის საბოლოო განსასვენებელის ხსენებას, ისინი არ ამბობენ, რომ იგი ჯოჯოხეთშია, მათ თითქოს არ ემეტებათ იუდა სატანჯველისათვის, ამიტომაც ამბობენ „წარვიდა ადგილსა თვისსა“, აქედან სწავლება: არასოდეს არცერთი ადამიანი არ უნდა გავუშვათ, არ უნდა გავიმეტოთ ჯოჯოხეთისათვის.
„და მისცეს წილნი მათ და გამოუხდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ (1.26). გამორჩევა ხდება კენჭისყრით, ანუ ფურცელზე დაწერდნენ სახელებს, ფურცელს ჭურჭელში ათავსებდნენ, შეანჯღრევდნენ და ვინც პირველი ამოვარდებოდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა, წილი კი ამ გზით მატათიას ხვდა. ამაში ღვთის ნება დაინახეს და მატათია „თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა“ (1.26). წილისყრით გამორჩევა ხდება, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ არიან სულიწმინდით შემოსილნი, თუმცა ალბათ წაკითხული ქონდათ, რომ იონას გამორჩევა, რომელიც უბრალო კაცებმა ჩაატარეს, იყო ყოველგვარი ლოცვის გარეშე. სწორედ აქედან აიღეს მათ მაგალითი.
მატათა მოციქული იუდასა და ეთიოპიაში ქადაგებდა ქრისტიანობას, იგი იერუსალიმში მღვდელმთავარ ანანიას ბრძანებით ჩაქოლეს. ასევე არის გარდამოცემა, რომ იგი დაკრძალულია საქართველოში, გონიოში, სადაც მიუთითებენ მისი საფლავის ადგილსაც. მოციქულის ხსენების დღეა 9 აგვისტო. რაც შეეხება იოსებს, იგი გახლდათ იუდეაში ელიმფეროპოლის ეპისკოპოსი და ასევე მოწამეობრივად აღესრულა, მას ეკლესია 30 ოქტომბერს იხსენიებს. მოციქულობის ორივე კანდიდატი 70 მოწაფეთაგანი იყო.
წინა - სარჩევი - შემდეგი