მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

სულიწმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე ერგასის დღესასწაულზე და ხალხის განკვირვება (2.1-13)


 

 

სულიწმინდის გარდამოსვლა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ხდება, როდესაც იერუსალიმში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ერგასობა - ეს უდიდესი დღესასწაული იყო ებრაელებისათვის, რადგან ამ დღეს მათ სინას მთაზე რჯული მიიღეს. სწორედ ამ დღეს ხდება სულიწმინდის გარდამოსვლა, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს, რომ ერთი და იგივეა ძველი და ახალი სჯულის მომცემი, მსგავსად იმისა, როგორც მაცხოვრის ვნება მოხდა პასექის დღესასწაულზე, მაშინ როდესაც იკვლებოდა კრავი და ამით დაგვანახა მაცხოვარმა, რომ თვითონ იყო ჭეშმარიტი მსხვერპლი.

სულთმოფენობას ბერძნულად „მარტვირია“ ჰქვია, რაც ნიშნავს დამოწმებას, დადასტურებას. რატომ არის მარტვირია ამ დღის აღმნიშვნელი? იმიტომ, რომ ამ დღეს დადასტურდა ქრისტეს სიტყვების ჭეშმარიტება, „მე რომ წავალ, თქვენ მოგივლენთ სულიწმინდას“.

რატომ გარდამოვიდა სულიწმინდა იერუსალიმში?

1. თანახმად ესაიას და მიქას წინასწარმეტყველებისა, რომ სიონიდან გამოვა სჯული და უფლის სიტყვა იქადაგება იერუსალიმში. (ესაია 2.3 და მიქა 4.2).

2. მაცხოვრის კურთხევის თანახმად, მოციქულები იერუსალიმს ვერ დატოვებდნენ სულიწმიდის მოსვლამდე.

მოციქულები „აღსრულებასა მის დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს“ (2.1), ანუ ისინი შეკრებილნი იყვნენ სახლში, სადაც ლოცულობდნენ. სახლი ეკუთვნოდა იოანე-მარკოზის დედას, რომელშიც უფალმა საიდუმლო სერობა აღასრულა.

„და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე“ (2.2). მოციქულები ელოდნენ სულიწმინდას, თუმცა კი არ იცოდნენ, როდის მოვიდოდა ის, ამიტომაც ისინი მუდმივ მზადყოფნაში არიან. მეყსეულად ხდება ეს ყველაფერი, რადგან მოულოდნელად მოსვლით განკვირდნენ მხედველნი და ამ სასწაულის (ხმაურის) გამო ყველანი სწრაფად შეიკრიბნენ. ხმა ზეციდან მოისმა, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს, რომ ზეცად ამაღლებულის მიერ მოივლინა სულიწმიდა და რომ საღმრთო საქმეა ეს. „ვითარცა ქარისაი,“ ანუ რომ არ ჰგონებოდათ ნივთიერი ქარი, ამიტომ ნათქვამია როგორც ქარი. ეს მსმენელთა უძლურების გამოა ნათქვამი, რადგან სხვანაირად ვერ დაიტევდნენ ამას. ხმაურს არა მარტო მოციქულთა, არამედ იქ მყოფთა ყურადღებაც უნდა მიექცია, რადგან იყო რა იუდეველთა დღესასწაული ერგასობა, იქ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც იყვნენ, როგორც ადგილობრივნი, ასევე პროზელიტებიც, ანუ ახლად მოქცეულნი, თესლით უცხონი, რჯულით ებრაელნი. „ვითარცა“ წერია იმიტომ, რომ ეს არ იყო მატერიალური ქარი, არამედ მისი მსგავსი.

სახლი, სადაც ისინი არიან შეკრებილნი, განასახიერებს:

1. დედამიწას, მთელ სამყაროს. ქადაგება სწორედ რომ ამ სახლიდან დაიწყო.

2. სახლი სახე-სიმბოლოა ემბაზისა, რადგან ამ დღეს მოციქულები ამ სახლში მოინათლნენ.

სასტიკი ქარი ნიშნავს მოციქულებისა და ეკლესიის ძალმოსილებას, ხოლო ცეცხლის ენები - ეკლესიის მდუღარე სარწმუნოებასა და ცეცხლოვან ქადაგებას.

„და ეჩვენნეს მას განყოფანი ენათანი, ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თვითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა“ (2.3). სიტყვა „დაადგრა“ მხოლობითშია გადმოცემული. ამ სიტყვაში იგულისხმება სულიწმინდა, ან ამით აღნიშნულია, რომ სულიწმინდა ერთია.

ცეცხლი არ არის ფიზიკურ-მატერიალური, არამედ შედარებული არის. ცეცხლი ზოგადად ღვთის მიუწვდომელ ბუნებას განასახიერებს. „სულიწმინდა ცეცხლის ბუნების მატარებელი კი არ არის, არამედ ამით გამოხატულია სულიწმინდის მიუწვდომელი ბუნება.“ -ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.

ცეცხლს აქვს 2 თვისება: წვა და ნათება. ენა განასახიერებს მოციქულთა მქადაგებლობას. ცეცხლი წვავს, ე.ი. მოციქულთა სიტყვები ურწმუნოთათვის დამწველი იქნება, ხოლო მორწმუნეთათვის განმანათლებელი. როგორც ცეცხლს უკავშირდება ენა, ასევე უკავშირდება ძე მამას. ცეცხლი სახეა მამისა, სიტყვა კი მეორე ჰიპოსტასია. აქ თქმულია ის, რომ ძე თანაარსია მამისა. როგორც ძე იშვების მამისაგან, ასევე ენა მოდის ცეცხლისაგან. რატომ მაინცადამაინც თავს ზემოთ? იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს არ ჰგონებოდათ, რომ მოციქულები თავიანთი ძალით ლაპარაკობდნენ. ამ მოვლენით მოციქულებს ხელი დაესხათ, როგორც მთელი ქვეყნიერების მოძღვართ, ხოლო ხელდასხმა თავზე ხდება. სულიწმინდით აღივსო არამარტო მოციქულები, არამედ 120 კაცი, თუმცა 12 მოციქულზე უფრო მდიდრად გარდამოვიდა იგი.

მთავარეპისკოპოსი ინოკენტი ამბობს: „როდესაც გვესმის, რომ სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე, ადამიანური აზროვნებით კი ნუ გავიგებთ ამას, თითქოს სულიწმინდა სადღაც იყო და მოწაფეებისათვის ჩამოვიდა, ეს ყოველივე დაუშვებელია, რადგან ის, როგორც ღმერთი ყველგან მყოფობს, არამედ სულიწმინდის გარდამოსვლა უნდა გავიგოთ ისე, რომ ღმერთმა მოციქულებში გამოავლინა თავისი ძალმოსილება, ანუ გააქადაგა, ააწინასწარმეტყველა ისინი.“

სულიწმინდის ენების სახით გარდამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ამით უფალმა მიანიშნა ის ძალა და შესაძლებლობა, რომლებიც მიეცათ მოციქულებს ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად მთელ დედამიწაზე, ხოლო ცეცხლისა იმიტომ, რომ ამით მინიშნებული ქონდა ის ნიჭი, რომელიც ეძლეოდა მოციქულებს ცოდვათა დასაწვავად.

„და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად“ (2.4). მოციქულები არა თავიანთი ძალით, არამედ იმის შესაბამისად ქადაგებდნენ, რის ძალასაც მათ სულიწმინდა აძლევდა.

1. სულიწმინდის მადლი ყველას თავს ზემოთ გაჩერდა და ყველამ თანაბარი ძალა მიიღო.

2. ვინც იწოდა ქრისტეს მოციქულად, ყველას თავს ზემოთ იხილეს ცეცხლოვანი ენები, მაგრამ 12 უფრო მზად იყო ამისათვის და მათ უფრო მეტი მადლი და ძალა მიიღეს, ეს მტკიცდება მათი საქმიანობითაც. მოციქულები ზოგიერთი სულიერი ნიჭის თანაზიარნი მანამდე არც ყოფილან, ახლა კი ისინი აღივსნენ სულიწმინდით, მათზე გარდამოვიდა მადლმოსილი ნიჭების მთელი სისრულე, ისინი სულიწმინდის მოქმედებით გარდაიქმნენ, განიწმინდნენ, იკურთხნენ და განათლდნენ, თითქოსდა ახალი ადამიანები გახდნენ. ამ მადლმოსილი ფერისცვალების ხილული გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ მოციქულებმა „იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად“. როგორც კი მათი გული ზეციური ცეცხლით აღიგზნო, მათ მაშინვე უფალი განადიდეს, რაც სხვადასხვა ენებზე საუბრითაც გამოიხატა. მოციქულების სხვადასხვა ენებზე ამეტყველება გასაგებიცაა, მათ ქრისტეს რწმენა დედამიწაზე უნდა გაევრცელებინათ და უცხო ენათა ცოდნა ამის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა გახლდათ. უცხო ენებზე მეტყველების ნიჭი ოდესღაც ადამიანთა ამპარტავნების დასასჯელი იარაღი გახლდათ ღვთის ხელში (დაბ.11.1), ეხლა კი ეს ნიჭი იქცა საშუალებად, რომლის დახმარებითაც განყოფილი ხალხები ერთ მთლიანობად უნდა ქცეულიყვნენ ქრისტეს ეკლესიაში.

„ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკჳდრებულნი ჰურიანნი, კაცნი ღვთისმოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“ (2.5), აქ ლაპარაკია იუდეველებსა და პროზელიტებზე.

„და იყო რაჲ ხმაი ესე, შეკრიბნა სიმრავლე ერისაი და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა კაცად-კაცადსა სიტყუაი მათი, იტყოდეს რაი იგინი“ (2.6), რადგანაც ზეციდან ხმა სახლში გაისმა, ამიტომ გარეთ მყოფნი იქითკენ გაეშურნენ სახილველად, რადგან შეშფოთებულნი იყვნენ და ჰგონებდნენ, რომ უკვე მოიწია მათზე სასჯელი ქრისტეს მკვლელობის გამო, ნაწილი კი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით მოვიდა და შევიდა სახლში, სადაც მოციქულები იყვნენ. ცეცხლი რომ სახლს მთლიანად მოდებოდა, შიგ ვერავინ ვერ შევიდოდა და დამმოწმებლებიც არ იქნებოდნენ.

მოციქულებს თვითონ მსმენელნი ეუბნებოდნენ, რომ შენ პართებრ ლაპარაკობ, შენ რომაელებრ და ა.შ. და თვით ეს ხალხი გახდა მოწმე ამ დიდი სასწაულისა. მოციქულები მათ ელაპარაკებოდნენ იმ მადლზე, რაც მიიღეს, ასევე ჯვარცმაზე, დაფლვაზე, აღდგომასა და ამაღლებაზე.

„განკრთეს ყოველნი და დაუკვირდა ერთსა ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი არიან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თვისი სიტყუაი ჩუენი, რომელნი ვართ“. (2:7-8). ხალხი ამ „გაუგებარი“ მოვლენით გაოცებულია. მოციქულები გარეგნული ნიშნებით გალილეიდან იყვნენ, ახლა კი სხვადასხვა ენებზე მეტყველებენ და თანაც ისე, რომ იქ შეკრებილნი ნაცნობ ენასა თუ კილო-კავს განარჩევენ. გალილეა ცნობილი იყო როგორც ბნელი ქვეყანა და იქ მყოფთ უკვირდათ, ამ ქვეყნის მკვიდრნი როგორ ლაპარაკობდნენ განსხვავებულ ენებზე.

საქმეთა აღმწერი მრავალ ქვეყანას ჩამოთვლის, საიდანაც ეს ადამიანები იყვნენ ჩამოსულები: „პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკვიდრნი შუამდინარისანი, ჰურიასტანისანი და კაბადუკიაისანი, პონტოისანი და ასიაისანი, ფრიგვიაისანი და პამფვილიისანი, ეგვიპტისანი და ადგილისა ლიბიისანი, კვირინით კერძონი და მოსრულნი ჰრომით, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმა, იტყვიან რაი ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!“ (2.9-11). მოციქულები ყველა ენებზე ამეტყველდნენ, მაგრამ იმჟამად თხუთმეტის ცოდნა გამოავლინეს, რადგან ამის საჭიროება იყო, თან მათ სცეს პატივი და უფალი ადიდეს მათ ენებზე. ყველანი ხედავდნენ ამ სასწაულს, მაგრამ შურით დაბრმავებულნი ამბობდნენ: „რაჲმე ჰნებავს ამით ყოფად? ხოლო სხუანი ეკიცხვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ტკბილითა განსავსე არიან“ (2.12-13). აქედან ჩანს, რომ ეს საოცარი მოვლენა ყველას ერთნაირად არ მიუღია. კეთილგონიერი ადამიანები მათში სასწაულებრივ ნიშანს ხედავდნენ. ცდილობდნენ, ამოეცნოთ, თუ რას მოასწავებდა იგი, ხოლო გაბოროტებულმა ადამიანებმა მომხდარის დაცინვა დაიწყეს და ეს ყოველივე ღვინის მოქმედებას მიაწერეს და ამით შეურაცხყვეს სულიწმინდის მოქმედება. ისინი არ არიან მართლები, რადგან:

1. იყო დილის 9 საათი (მესამე ჟამი), ერგასის დღესასწაული, იუდეველნი კი არათუ დღესასწაულზე, არამედ 9 საათამდე, ლოცვამდე არ ჭამდნენ.

2. იყო გაზაფხული, ამ დროს კი ახალდაყენებული ღვინო არ არის.

3. როცა ადამიანი თვრება, მას მშობლიურ ენაზე ალაპარაკებაც კი უჭირს, მაშინ როცა მოციქულები სხვადასხვა ენებზე დაუბრკოლებლად ლაპარაკობდნენ.

4. ცილისმწამებლები ერთი მხრივ მართლები არიან. მოციქულები მართლაც იყვნენ მთვრალები, ოღონდ სულიერი ღვინით ე.ი. ლოცვით, სულიწმინდით.



წინა - სარჩევი - შემდეგი