ხალხთა ასეთი გაოცებისა და სხვათა უტიფარმა დაცინვამ მოციქულები აიძულეს, ხალხისადმი სიტყვით მიემართათ და მომხდარი სასწაული განემარტათ. ენების ფლობის ნიჭი ქრისტეს ყველა მოწაფეს ებოძა, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ, მაგრამ ახლა მათგან ქრისტეს უახლოესი 12 მოწაფე გამოვიდა და მოციქულმა პეტრემ მათი სახელით თავისი პირველი სამოციქულო სიტყვა წარმოთქვა. პეტრე, რომელმაც ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე პასუხი ვერ გასცა მხევალს, სულიწმინდის მიღების შემდეგ ათასეულთა წინაშე კადნიერად წარდგება, თუმცა კი ისინი დასცინოდნენ მას. „ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ხმაი თვისი და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანნო და ყოველნი, რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად იხუენით სიტყუანი ჩემნი“ (2.14) - ვკითხულობთ წმიდა წერილში. სიტყვებში „კაცნო ჰურიანო“, ადგილობრივი ებრაელები იგულისხმება, ხოლო „რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალემს“- ჩამოსულები. პეტრეს სიტყვა სწორედ ებრაელებსა და პროზელიტებს მიემართება. გარდა ამისა, ამ სიტყვებით იმიტომ მიმართავს, რომ მათ სიამოვნებდათ, როდესაც იერუსალიმის მკვიდრთ უწოდებდნენ.
პეტრე მოციქული ძალდაუტანებლად და სიმდაბლით განაქარვებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მოწაფეები „ტკბილითა განსავსე არიან“, „რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე“ (2.15), ეს დილის ლოცვის ჟამი ანუ დილის 9 საათი გახლდათ, რომლის დადგომამდეც წარმოუდგენელი იყო ღვთისმოშიში ადამიანის სიმთვრალე. არათუ სიმთვრალე, არამედ საკვებსაც კი არ იღებდნენ, მითუმეტეს ისეთი დღესასწაულის დროს, როგორიც ერგასი იყო. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი თვრება, ის არათუ უცხო ენაზე საუბრობს გამართულად, არამედ მშობლიური ენაც კი ავიწყდება (ამაში შეიძლება საკუთარი გამოცდილებითაც კი დავრწმუნდეთ).
მოციქულებს ძირითადად ისინი დასცინოდნენ, რომელთაც არ ესმოდათ ეს უცხო ენები, რადგან ესმით რა მოციქულთა ლაპარაკი, შესაბამისად გაოცებულნი არიან. ამის შემდეგ, მომხდარის განმარტებისას პეტრეს ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინისწარმეტყველის იოელის სიტყვები მოჰყავს: „და იყოს უკანასკნელთა დღეთა, - იტყვის უფალი ღმერთი, - მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინაისწარმეტყუელებდეს ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდეს და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო“ (2.17). საინტერესოა, რატომ იწყებს მოციქული პეტრე ქადაგებას ძველი აღთქმის ერთ-ერთი წინასწარმეტყველის, იოელის ხსენებით? იმიტომ, რომ მას ქონდა წინასწარმეტყველება ამ დღის (სულთმოფენობის) შესახებ. წმიდა პეტრე მოციქული შეკრებილთ არ უხსენებს ქრისტეს, რადგან ქრისტე მათთვის არ იყო განკაცებული ღვთის ძე და არც რაიმე ავტორიტეტი. იოელის წინასწარმეტყველება მესიანური ხასიათისაა, თუმცა მასთან არ არის ნახსენები „უკანასკნელი დღე“, არამედ „და იყოს უკანასკნელთა დღეთა“. ამით, როგორც ჩანს, პეტრე გამოხატავს ამ წინასწარმეტყველების კავშირს ძველი აღთქმის ჟამთან და მის აღსრულებას მხოლოდ ახალი აღთქმის პერიოდს განუკუთვნებს. „უკანასკნელ დღეში“ ანუ ბოლო ჟამში იგულისხმება დრო მაცხოვრის ამაღლებიდან მეორე მოსვლამდე, ან კიდევ ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდი.
„მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა“, სულში სულიწმინდა იგულისხმება, ეს სიტყვები არის ღვთის ნების უწყება კაცობრიობისათვის. მოციქული მიუთითებს სულიწმინდის ნიჭების განყოფაზე ცალ-ცალკე ყოველი მორწმუნისათვის. აქ ასაკობრივი ჯგუფებია: ძენი ანუ შვილები, მოხუცები და ჭაბუკები ანუ ყრმები.
სულიწმინდის საღვთო ნება ადამიანებს სხვადასხვა გზითა და საშუალებით ეუწყება. ხილვა და ჩვენება არის გამოცხადება, მაგრამ წმიდა წერილში „ხილვა“-ში ღმერთის ცხადი გამოცხადება იგულისხმება, როცა არ ძინავს ადამიანს, ხოლო ხილვიერი გამოცხადება სიზმარში წმიდა წერილის ენით ჩვენებას ნიშნავს.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ძენი გახლავთ სახე მორწმუნეებისა, ძლიერი ადამიანებისა, ვინც არ არის ახლადმოქცეული. ჭაბუკებში ახლადმოქცეულები იგულისხმება, ხოლო მოხუცებში ისინი, რომელთაც გაიარეს ორივე საფეხური და მოღვაწეობით დაღლილნი ღვთის ნებას ძილში იგებენ, როცა განისვენებენ ისინი.
ქრისტემდე კაცობრიობის უზარმაზარი ნაწილი - წარმართები - სულიწმინდის ნიჭებს სრულად იყვნენ მოკლებულნი. იუდეველებს შორის ნიჭები მხოლოდ ზოგიერთებს ეძლეოდათ, ვინც განსაკუთრებული მსახურებისთვის გახლდათ გამორჩეული. ქრისტიანობაში კი ეს ნიჭები საიდუმლოების მეშვეობით ყოველ მორწმუნეს ეძლევა. სწორედ ამის აღსრულება დაიწყო სულთმოფენობა დღეს. „და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა მოვჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაისწარმეტყუელებდეს“. იოელი სულიწმინდის მოფენის ზუსტ დროს არ ასახელებს, რამეთუ საქმე სასწაულისა საკმარისი ნიშანი იყო თუ როდისთვის იყო ეს მოსწავებული. ძველ აღთქმაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მონებს სულიწმინდის ნიჭები მიეღოთ და ეწინასწარმეტყველათ, ახალ აღთქმაში კი მონობის ბორკილები იმსხვრევა და სულიწმინდა თავის ნიჭებს მოჰფენს ყველას სქესისა და წოდების განურჩევლად, რადგან ქრისტეს სასუფეველში ყველა თანასწორია, ეს მუხლი ასევე ქრისტეს ტანჯვისა და იერუსალიმის დანგრევას მოასწავებს.
უფალი იოელის პირით რაღაც მოვლენას წინასწარმეტყველებს. წმიდა წერილში ვკითხულობთ: „მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა და იყოს ყოველმან, რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს“ (2.20-21). სწორედ მაშინ, როცა ცაში ასეთი მოვლენები მოხდება, ქვეყანაზე დიდი სასწაული აღსრულდება, ეს გახლავთ წინასწარმეტყველება ქრისტეს ჯვარცმაზე და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რაშიც წარმართთა მოქცევა იგულისხმება.
1. სისხლში ნაგულისხმევია მაცხოვრის სისხლი, რომელიც უსამართლოდ დაიღვარა.
2. შეიძლება, ეს იყოს წინასწარმეტყველება იუდეველთა სისხლზე, რომელიც 70 წელს ტიტეს მიერ დაიღვარა იერუსალიმის აღებისას (ცეცხლი განასახიერებს სულიწმინდის სხვსდასხვა ნიჭებს).
„არმური კუამლისაი“ ორნაერად განიმარტება:
1. ვისთვისაც ეგ ყველაფერი მომაქცეველი არ იქნება, ის აღმოჩნდება სიბნელეში. „არმური კუამლისაი“ სახეა ჯოჯოხეთისა.
2. იერუსალიმის დანგრევა 70 წელს.
სიტყვებში „მოწევნადმდე დღისა მის“ იგულისხმება ძველი აღთქმაში მესიის ჟამი, ხოლო ახალ აღთქმაში მესიის მიერ ამა სოფლის განსჯის, საშინელი სამსჯავროს დღე.
სახარებაში წერია, რომ მაცხოვრის ჯვარცმისას მეექვსედან მეცხრე ჟამამდე სამყარო სიბნელემ მოიცვა, თუმცა არაფერია ნათქვამი მთვარის სისხლად გადაქცევის შესახებ, მაგრამ თუკი მზემ შეიცვალა თავისი სახე, ცხადია, ეს შეიძლება სხვასაც მიემართოს. შეიძლება ეს მიემართებოდეს მეორედ მოსვლას, რაშიც „გამოცხადებაშიც“ ვხვდებით გარკვეულ მინიშნებებს.
მაგრამ ყველა, რომელიც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება (2.21). წმიდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ გადარჩება არა ის, ვინც უბრალოდ მოუხმობს უფლის სახელს, რადგან თავად ქრისტე ბრძენებს, რომ ყველა კი არ შევა ღვთის სასუფეველში, ვინც ამბობს: უფალო, უფალო, არამედ ის, ვინც გულისყურით მოუწოდებს, მართლად იცხოვრებს და სათანადო მოშურნეობას გამოიჩენს.
წინა - სარჩევი - შემდეგი