წმიდა წერილი განაგრძობს თხრობას. პეტრე მოციქული თავის მომდევნო სიტყვაში მსმენელთ აუწყებს, რომ მესია, რაზეც იოელი წერდა, თქვენთან მოვიდა, თქვენ კი მოკალით იგი. „კაცნო ისრაიტელნო,ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მომართ, ძალითა და ნიშნებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით. ესე განჩინებითა და წინაისწარ ცნობითა ღმრთისაითა განცემითა ხელითა უსჯულოთაითა მოიყვანეთ და მოჰკალთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰსხნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ-იყო დაყენებაი მისი მისა მიერ“ (2.23-24).
მაცხოვარი თავისი ღვთაებრივი ბუნებით აღდგა, მაგრამ პეტრე მსმენელთა უძლურებას ითვალისწინებს, თუმცა აქ არ არის შეცდომაც, მამამ აღადგინა ძე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძეს არ შეეძლო აღდგომა.
პეტრე განაქარვებს რა საცდურს, რომ ღმერთი შესაძლოა ჯვარცმულიყო და მომკვდარიყო, წმიდა მოციქული ქრისტეზე იუდეველთა წარმოდგენით ლაპარაკობს, როგორც კაცზე, დავითის ძეზე, მას მეთხუთმეტე ფსალმუნიდან ებრაელთათვის დამაჯერებელი მოწმობა მოყავს. როგორც ცნობილია, დავითი თვითონ არ ამაღლებულა ზეცად, მაგრამ უფალზე ბრძანებს, რომ მამამ იგი მარჯვენით თავისა დაისვა. დავითი არა თავის თავზე, არამედ მესიაზე ლაპარაკობს: „რამეთუ დავით იტყვის მისთვის, წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა, ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროის ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხოვრებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა“ (2.25-28). დავითის წინასწარმეტყველება მაცხოვრის აღდგომასა და ამაღლებას ეხება. ეს არის ნათქვამი სიმბოლურ-ალეგორიულად. მამას არც მარჯვენა აქვს და არც მარცხენა, არამედ აქ მამასთან ძის თანასწორობა იგულისხმება. მოციქული ხაზგასმით მიუთითებს, რომ დავითი ამას თავის თავზე ვერ იტყოდა, „რამეთუ ეღესრულა და დაეფლა, - როგორც უბრალო მოკვდავი, - და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე“ (2.29).
„წინასწარმეტყველი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ხორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა“ (2.30). ნათან წინასწარმეტყველის პირით (მეორე მეფეთა 7.12,16) ღმერთი დავითს თავისი ტახტისა და სამეფოს მარადიულობას აღუთქვამს, რაც ჭეშმარიტად აღსრულდა მესიაზე, რომელიც დავითის ტომიდან ხორციელად მოივლინა, რომელიც ხორციელად მკვდარი სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა, მაგრამ იქ კი არ დარჩა, არამედ სულებს თავისი სიკვდილით კაცობრიობის გამარჯვების შესახებ უქადაგა და ხორცი თავისი კვლავ განაცხოველა, რომელსაც ხრწნა არ შეხებია და მკვდრეთით აღდგა. (2.31).
„ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომელსა ვართ ჩუენ ყოველი მოწამე“ (2.32), პეტრე მოციქული მაცხოვრის აღდგომას ორნაერად ამტკიცებს:
1. ის მამამ აღადგინა (სამება ერთარსია).
2. ამას ვამოწმებთ ჩვენც.
„მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაი სულისა წმიდისაი მიიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმით, რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყვის იგივე: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯვენით ჩემსა, ვადრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“ (2.31-35). ასმეცხრე ფსალმუნის მოხმობით პეტრე ამტკიცებს, რომ დავითი თავის თავზე კი არა, არამედ უფალზე ლაპარაკობს, რომ ღმერთმა იგი თავის მარჯვენით დაისვა.
„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა...“პირველ უფალში მამა ღმერთი იგულისხმება, ხოლო მეორეში ძე ღმერთი. მამას არც მარჯვენა აქვს და არც მარცხენა, ეს არის სახეობრივად თქმული, რაშიც მამისა და ძის თანასწორობა იგულისხმება. ტერმინი „ვიდრემდის“ (მანამ), ძველ ქართულად კი ნიშნავს დროის განუსაზღვრელობას, ის არ არის შემოფარგლული დროით.
„განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაელისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ-ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს აცუთ“ (2.36), ანუ მათ მიერ ჯვარცმული იესო არის მესია, რომელზეც წინასწარმეტყველნი ღაღადებდნენ, „რომელი თქუენ ჯუარს - აცუთ“. ეს გაბედული და ხმამაღალი ნათქვამია, პეტრეს ქადაგება თანდათან მამხილებელი ხდება. „ამით შესანიშნავად დაასრულა მან თავისი სიტყვა, რათა მსმენელთა გულები შეეძრა“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.
პეტრე მოციქულის სიტყვამ მსმენელებზე მართლაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ „ესმა რაი ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს: რაი-მე ვყოთ კაცნო ძმანო?“ (2.37). იუდეველთ სძულდათ ქრისტეს მიმდევრები, მტრებათაც კი თვლიდნენ მათ, ეხლა კი გარდაიქმნენ ისინი და მოციქულებს ძმებად მოიხსენიებენ. კითხვაზე: „რაი-მე ვყოთ კაცნო ძმანო?“ - პეტრე მოციქული პასუხობს: „შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა და მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაი“ (2.38), ანუ პეტრე მათ ეუბნება, რომ ჭეშმარიტი სინანულის გამოხატულება ის იქნება, თუ ქრისტეს სახელით ნათელ-იღებთ, ანუ ჯერ სინანული იყო და შემდეგ ნათლისღება, აქედან სწავლება - ადამიანს თუ გულწრფელად არ უნდა, არ უნდა მონათლო. სინანულითა და ნათლისღებით მათ მიეტევებათ ქრისტეს მკვლელობის ცოდვა, მათ ვინც მოკლეს, სწორედ მისი სახელით მოინათლნენ. ქრისტეს სახელით მონათვლაში ცხადია არსობრივად მამაცა და სულიწმინდაც იგულისხმება.
ნათლისღებით ნებისმიერ ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ ყველას არ მიეცემა ერთნაერი მადლი სარწმუნოებისა.
„რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩუენმან“ (2.39), რა აღთქმაზეა ლაპარაკი? ცხადია, რაც აღუთქვა უფალმა ებრაელებს, ის თანაბრად მოეკითხება აბრაამის სულიერ მემკვიდრეებს. „შორიელთაში“ წარმართები იგულისხმებიან, რომელთაც უფალი მოუწოდებს. ჰურიები ეხლა აღარ ბრაზობენ ამაზე, რადგან მონანულ სულს არავის მიმართ შური და რისხვა არ ამოძრავებს, თუმცა პეტრე მაინც არ ახსენებს სიტყვას წარმართი, რითაც უფრთხილდება ახალმოქცეულთა სუსტ რწმენას.
„და სხვითაცა მრავლითა სიტყვათა ეწამებოდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხონდით ნათესავისა ამის დრკუისაგან“ (2.40). „დრკუ“ ნიშნავს მოხრილს, გაღუნულს, რაც არ არის სწორი. „დრკუ ნათასავში“ მაცხოვრის უარმყოფელი ებრაელები იგულისხმებიან. სიტყვები: „და სხვითაცა მრავლითა სიტყვითა უწამებდა“, საქმეთა აღმწერი ყველაფერს არ აღნიშნავს, რაც პეტრე მოციქულმა უთხრა მსმენელებს.
წმიდა წერილში წერია საოცარი სიტყვები, რომ მსმენელებმა „სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა ვითარ სამ ათასნი ოდენ“ (2.41). ამდენად, პირველი ქადაგებით ქრისტიანთა რაოდენობა 3 ათასით გაიზარდა
წინა - სარჩევი - შემდეგი