„და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა“ (2.42), ნათლისღებისთვის მხოლოდ ქრისტეს გულწრფელი რწმენა და სინანული იყო საჭირო, ახალი სარწმუნოების შესწავლა კი თანდათან ხდებოდა. ყველა მორწმუნე თითქოს ერთ მეგობრულ ოჯახს შეადგენდა, ამ ერთობას საქმეთა აღმწერი გამოხატავს სიტყვით „ზიარება“- განტეხა პურისა. ისინი საღამოობით ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და შემდეგ იყო ტრაპეზი და ქადაგება.
„და იყო ყოველსა ზედა შიში და მრავალი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა“ (2.43), ანუ შიშით იყვნენ მოცულნი იმ სასწაულებისა და საკვირველებათა გამო, რომლებსაც მოციქულები აღასრულებდნენ. აქ, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს რჯულზე ამდენი იუდეველის მოქცევა იგულისხმება.
„ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად და აქუნდა ყოველივე ზოგად“ (2.44). მათ ყველაფერი საერთო ქონდათ, ნებაყოფილობით სწირავდნენ ყოველივეს.
„და დაბებსა და მონაგებსა განჰყიდდეს და განუყოფდეს მას ყოველთა, ვითარცა ვის რაი უხმდა“ (4.45), ანუ თავიანთ მამულებს და მოძრავ ქონებას ყიდდნენ და ღარიბებს უყოფდნენ თვითონ ან მოციქულთა ხელით, გაყიდვისაგან მიღებულ თანხას მოციქულთა განკარგულებაში გადასცემდნენ.
„და დღითი დღე განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა“ (2.46), ანუ ყოველ დღე ესწრებოდნენ იუდაურ ღვთისმსახურებას, რომელიც იერუსალიმის ტაძარში სრულდებოდა. ქრისტიანები იუდაიზმში სექტას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ ჭეშმარიტი იუდეველობის აღსრულებასა და დასრულებას, ამიტომ ქონდათ უფლება ტაძარში ლოცვისა.
„აქებდეს ღმერთსა და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა, ხოლო უფალი შესძინებდა ცხონებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა“ (2.47). მოციქულთა მოღვაწეობა შედეგიანი იყო, მორწმუნეთა რაოდენობა ყოველდღე იზრდებოდა. „აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა“, ეს კეთილი აზრი ქრისტიანებზე მორწმუნეთა რიცხვის თანდათანობით ზრდის მიზეზი გახლდათ. რაოდენობის ამ ზრდას საქმეთა აღმწერი განიხილავს, როგორც უფლის განგებულებას, ამიტომაც შენიშნავს, „უფალი შესძინებდა დღითი - დღედ ეკლესიასა“(2.47).
წინა - სარჩევი - შემდეგი