მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

მკელობელის განკურნება (3.1-26)


 

 

პეტრე და იოანე მახარებელი ხშირად დადიოდნენ ერთად, სადაც კი უფალი სასწაულებს აღასრულებდა, განუყრელად ერთად არიან პეტრე და იოვანე, მაგალითად: აღდგომის შემდეგ სწორედ მათ მიაშურეს სამხრეთისაკენ. პეტრე მოციქულის მწარე დაცემისა და სინანულის შემდეგ მის გვერდით სწორედ რომ იოანე მახარებელი დგას. ერთმანეთთან ყველაზე ახლოს სწორედ პეტრე და იოანე იყვნენ.

მეცხრე ჟამზე (შუადღის 3 საათი) მოციქულები ტაძარში ადიან სალოცავად. ამდენად, მოციქულებისთვის იერუსალიმის ტაძარი კვლავ რჩება წმიდა ადგილად.

წმიდა წერილი დაბადებიდან კოჭლი კაცის შესახებ გვესაუბრება. „კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თვისით, რომელი - იგი აღიკიდიან და დასვიან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა“ (3.2), ეს კაცი 40 წელზე მეტისა იყო (4.22), ამიტომ სასწაული, რომელიც აქ აღსრულდა, უფრო განსაცვიფრებელია.

მკელობელი გახლავთ სახე - სიმბოლო ცოდვით დაცემული კაცობრიობისა, ის წმიდა წერილში საკუთარი სახელით არ არის მოხსენიებული, რატომ?

1. ეს წიგნი არ არის სახელთა აღსანუსხი სია, არამედ - მოციქულთა ცხოვრებისა და სასწაულებისა.

2. ამ კაცის მდგომარეობა (კოჭლობა) ქცეული იყო მის საკუთარ სახელად.

3. მთავარი იყო სასწაულის არსის წარმოჩენა და არა მისი სახელი.

ეს კაცი იყო „მშვენიერი ბჭის“ გარეთ, რომელიც არის ქრისტე, შემყვანებელი ჩვენი მამასთან, ის ითხოვდა მოწყალებას. ლაიტფუცის აზრით, მკელობელი მოწყალებას მხოლოდ იუდეველთაგან ითხოვდა, რადგან წარმართებისგან ფულის აღება და მათთან ურთიერთობა დანაშაულად ითვლებოდა. მან მიხედა პეტრეს და იოანეს და შემწეობა სთხოვა. მოციქულებმა ერთდროულად შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „ვერცხლი და ოქროი არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს ჩუენ გცეთ, სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაითა, აღდეგ და ვიდოდე“ (3.6). მოციქულებს არ ქონდათ ოქრო და ვერცხლი, მაგრამ გულგრილად ვერ ჩაუარეს მთხოვნელს და რაც ქონდათ, ის მისცეს. ამ სიტყვებით მოციქული აქარწყლებს კოჭლის იმედს (მათგან ფულადი დახმარების მიღებისა), მაგრამ სამაგიეროდ სხვა რაიმეს, უფრო აღმატებულს აძლევს მას.

მოციქული სასწაულს იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით იქმს, რითაც მიუთითებს, რომ ჯვარცმული, მომკვდარი იესო ცოცხალია და თავადაა წყარო ადამიანთა კურნებისა. გარდა ამისა, ნაზარეველად ახსენებენ იმიტომ, რომ ამ ტაძარში შეკრებილთათვის იესო ნაზარეველია და არა ღმერთი. ამ გზით კი პეტრეს მათ თვალში იესოს სახელის ამაღლება სურს, რომ უფრო განდიდდეს და გაიზარდოს ის. მოციქულები საიდუმლოდ ქადაგებენ, რომ იესო ნაზარეველი თავისი ღმრთაებრივი ძალით იქმს ყოველივეს, რომ მხოლოდ მისი სახელის მოწოდებაც კი საკმარისია.

მოციქული სიყვარულის ნიშნად ხელს კიდებს და წამოაყენებს (3.7), ამით კი უფრო მეტ რწმენას აღუძრავს მას, მოციქულებმა ხელი იმისთვის მოკიდეს, რომ შემთხვევითობისათვის არ მიეწერათ ეს სასწაული. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ პეტრემ ქრისტესგან იცოდა, რომ იგი ზოგიერთებს სიტყვით კურნავდა, ზოგიერთებს - შეხებით. ხელი იმიტომ მოკიდა და წამოაყენა, რომ თავისთავად ქმნილად არ ჩაეთვალათ ეს სასწაული.

განკურნებული შინ კი არ ბრუნდება, არამედ ტაძარში შედის, რომ ღმერთს მადლობა გადაუხადოს (3.8-9). ეს კაცი ტაძარში მოციქულებთან ერთად შედის, მას მოციქულებზე ხელი ქონდა ჩაკიდებული, რადგან:

1. ეშინოდა, ხელს თუ გავუშვებ, არ დავეცეო.

2. ხალხს რომ დაენახა თუ ვინ არის მისი განმკურნებელი.

წმიდა წერილში წერია, რომ ეს კაცი „აქებდა ღმერთს“ (3.9). ცხადია, ტაძარში უამრავი ადამიანი იქნებოდა და იგი საყოველთაო ყურადღებას მიიპყრობდა. „მშვენიერ ბჭეში“ მჯდომარე კოჭლი, რომელიც ქრისტეს ანუ ჭეშმარიტების გარეშე ცხოვრობს, თუმცა კი ახლოს არის მასთან, მაგრამ კი არ არის მასში, უფლის მოციქულთაგან იქნა განკურნებული, ანუ მოციქულებმა ეს კაცი ბჭესთან, ე.ი. ქრისტესთან მიიყვანეს. მოციქულთა მთავარი დანიშნულება სწორედ ადამიანთა გადარჩენა გახლავთ.

პეტრე მოციქულმა ხალხის მოზღვავება, სასწაულის წინაშე განკვირვება გამოიყენა და ერს სიტყვით მიმართავს. ქადაგება ორ ნაწილად იყოფა. პირველელ ნაწილში მოციქული ხალხს ამ სასწაულის ნამდვილი აღმსრულებლის და მისი აღსრულების მიზეზზე მიუთითებს, მეორე ნაწილში კი იგი ხალხს შეაგონებს, რომ მოინანიონ და ქრისტესკენ მოიქცნენ, რომ მიიღონ ცოდვათა მიტევება და წინასწარმეტყველთა მიერ აღთქმული მესიანისტური კურთხევის ღირსნი გახდნენ.

პეტრე მოციქული თამამად ელაპარაკება ჰურიებს და ღვთის მკვლელობაში ამხელს. ის თავის ქადაგებას აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის სახელით იწყებს (3.13). ამით სურს, სასწაულის ნამდვილი ავტორი ანახოს ადამიანებს, ხოლო ქრისტეს წარმოადგენს აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის მიერ.

„წმინდა და მართალი უარ ჰყავთ“ (3.14), წმინდა და მართალი ქრისტეს ეპითეტებია, რომელიც უარყვეს იუდეველებმა და აირჩიეს კაცის მკვლელი ბარაბა (3.14). „წინამძღუარი ცხოვრებისაი“(3.15) - ცხადია, ქრისტეა, აქ იგულისხმება მარადიული სიცოცხლე, რისი მომცემიც სწორედ ქრისტეა. ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა (3.15) და ახლა, ამ კოჭლის განკურნებით განადიდა იგი. კოჭლის განკურნება ცხადია, ქრისტესადმი რწმენის შედეგია (3.16).

კოჭლი განიკურნა:

1. მოციქულთა რწმენით

2. თვით კოჭლის რწმენით

3. კურნება იმისთვის მოხდა, რომ ამ სასწაულის მოწმეები ქრისტეს რჯულზე მოაქციოს.

მოციქული არ უცხადებს მათ მამისა და ძის თანასწორობას, არამედ აქარწყლებს მათ ეჭვებს, თითქოსდა ქრისტე მამის წინააღმდეგი იყოს, ამხელს მათ მკვლელობაში და შემდეგ სცემს ნუგეშს, უღებს სინანულის კარს და ახსენებს წინასწარმეტყველებას ქრისტეს ვნებაზე, რომელმაც ეს ყველაფერი ნებით ივნო ჩვენთვის (3.18-19).

პეტრე მოციქული „განსვენების ჟამს“ (3.20) უწოდებს მეორედ მოსვლას, რომ მათ მიერ ჯვარცმული იესო ქრისტე მოვა „განსჯად ცხოველთა და მკვდართა“.

„რომლისა იგი ჯერ-არს ზეცათა შეწყნარებაჲ“ (3.21), ეს გამოთქმა უფალ იესო ქრისტეს განსულიერებული სხეულით ზეცად სუფევას გულისხმობს, ამაღლების დღიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე, რომელსაც ჟამი „კუალად-გებისა ყოველთა“ (3.21) ეწოდება. აქ იგულისხმება, რომ იუდეველებმა უარყვეს მესია და ამით ღმერთთან დადებული აღთქმა დაარღვიეს, შედეგი კი ის გახლავთ, რომ ისინი დაშორდნენ ღმერთს, თუმცა სწორედ ეს ერია ის ერი, რომლისგანაც „იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი (3.25). ის აღთქმა, რომელიც ღმერთმა იუდეველთა მამამთავარ აბრაამს მისცა, უნდა აღსრულდეს. მესია მხოლოდ ებრაელებს არ ეკუთვნით, მაგრამ მხოლოდ ებრაელებს იგი ღმერთმა „პირველად მოუვლინა“ (3,26) და ეს ახალი ბიძგია სინანულისაკენ.

პეტრე მოციქული თავის სიტყვაში ცდილობს, მსმენელს აჩვენოს, რომ ქრისტიანობა ძველ რჯულს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება, არამედ ეს არის მისი გაგრძელება და ღირსეული აღსრულება. მოციქული ასევე სიფრთხილეს გამოხატავს ქრისტეს მტრებისადმი, მათ სიმართლეს ეუბნება, მაგრამ გაღიზიანებისა და რწმენის გარეშე ცდილობს, ისინი ჩადენილი დანაშაულის გამო დააფიქროს და მათში სინანული აღძრას.



წინა - სარჩევი - შემდეგი