მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პეტრესა და იოანეს შეპყრობა, მათი დაკითხვა სინედრიონში (4.1 – 12)


 

 

დიდი დრო არ დასჭირვებია ხალხში პეტრეს ქადაგების გავრცელებას, ათასობით ადამიანი მიიზიდა მისმა ტკბილხმოვანებამ, სულიწმინდით გაჯერებულმა ქადაგებამ, თუმცა სასწაულის აღსრულების შემდეგ უფალმა მათზე განსაცდელი დაუშვა.

პეტრეს ქადაგებით გაღიზიანებულმა მღვდლებმა, ტაძრის დაცვის უფროსმა და სადუკეველებმა მოციქულები შეიპყრეს და მათი გასამართლება გადაწყვიტეს, რადგანაც ისინი ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე, მკვდრეთით აღდგომაზე, რასაც ეწინააღმდეგებოდა სადუკეველთა სექტის სწავლება (4.1-2). რამ გამოიწვია მღვდლების გაღიზიანება? ისინი ფიქრობდნენ, რომ მოციქულებს არ ქონდათ ქადაგების არც მორალური და არც ფიზიკური უფლება, რადგან მოსეს სჯულის თანახმად მხოლოდ მღვდელს უნდა ექადაგა. რაც შეეხება ტაძრის ერისთავს, ისინი იმიტომ გაღიზიანდნენ, რომ მოციქულთა ქადაგებამ უამრავი ადამიანი მოიზიდა, რამაც ტაძარში ხმაური გამოიწვია, მათ კი ტაძრის შიგნით სიმშვიდე უნდოდათ, ხოლო სადუკეველებისა კი - იმიტომ, რომ მათ არ სწამთ იესო ქრისტეს არც აღდგომა და არც სხვა რაიმე. ისინი აღდგომაზე ქადაგებამ გააღიზიანა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამივენი სინედრიონის მიერ იყვნენ წაქეზებულნი.

მათ „დაასხეს მათ (მოციქულებს) ზედა ხელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა“ (4.3). დამარხვა ნიშნავს დაცვას. მოციქულები მათ უნდა განესაჯათ სინედრიონის წინაშე და რადგანაც ღამდებოდა და შეუძლებელი იყო სინედრიონის წევრთა ( სულ 72 კაცი, აქედან 25 მაინც უნდა შეკრებილიყო) შეკრება, ამიტომ მოციქულთა გასამართლება გადადეს მეორე დღისთვის.

წმიდა წერილში ვკითხულობთ საოცარ სიტყვებს: „და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაი მათი, ჰრწმენა. და იყო რიცხვი იგი მორწმუნეთაი მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ“ (4.4). აი საკვირველი და საოცარი საქმე. ხალხმა როდესაც დაინახა მათი მოძღვარი შეპყრობილი, კი არ დაბრკოლდნენ, არამედ ჰრწმენა მათი სიტყვა (არა სასწაულის, არამედ სიტყვის გამო) და ნათელ - იღეს. 5 ათასი კაცი შეემატა ქრისტიანთა მცირერიცხოვან კრებულს. „და იყო ხვალისაგან შეკრებაი მთავართა მათთაი და ხუცესთაი და მწიგნობართაი იერუსალემს“ (4.5). მათ მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და თან საბოლოო იმ საკითხზე, რომელიც ძალიან სძულდათ და სახსენებლადაც კი ეჯავრებოდათ. მათ ქრისტეს სახელი უნდა ამოეშალათ მოციქულთა მეხსიერებიდან.

წმიდა წერილში ნახსენებია „ანა მღვდელთმოძღუარი და კაიაფა და იოანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღვდელთმოძღუართაისა“ (4.6). ანა ამ დროისთვის გადამდგარი მღვდელმთავარია, კაიაფა აღასრულებდა ყოველივეს. იოანე და ალექსანდრე - უცნობია. რადგანაც 4 მღვდელმთავარია ჩამოთვლილი, აქედან ჩანს, რომ დარღვეულია სჯული. სინედრიონი იყო ორგვარი: დიდი და მცირე, დიდს კაიაფა, ხოლო მცირეს ანა ხელმძღვანელობდა.

მღვდელმთავართ სურთ, რომ შეაშინონ მოციქულები, მაგრამ მათ არ განიკითხავენ ერის წინაშე, რადგან ეშინოდათ, რომ ამ კადნიერებას კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ მოექცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

მათ ბრალდებულნი შუაში ჩააყენეს, როგორც ეს მაშინ იყო მიღებული „და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე? (4.7). მათ იციან, რომ მკელობელი ქრისტეს სახელით განკურნეს მოციქულებმა, მაგრამ მაინც ეკითხებიან, რატომ?

1. მათ არ უხარიათ ეს სასწაული, რადგან ეს გახდა მიზეზი ხალხთა მოქცევისა და ნათლისღებისა, ამიტომ მისი დაჩრდილვა უნდათ.

2. მათ იციან პეტრეს უარყოფის შესახებ. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ პეტრე ახლაც გამოავლენს შიშს, უარყოფს ქრისტეს და იტყვის, რომ ქრისტეს სახელით არ აგვისრულებიაო ეს სასწაული.

3. მათ სურთ, რომ მოციქულებმა აღიარონ, თითქოსდა ეს სასწაული მათ თავიანთი ძალით ქმნეს.

და მოციქულთათვის დადგა ჟამი უფლის წინასწარმეტყველების აღსრულებისა, ანუ ჩვენ ვხედავთ, რომ მოციქული კი არ არის მეტყველი, არამედ მათში მეტყველებს სული ჭეშმარიტებისა. პეტრე და იოანე ორი უძლური მეთევზე გახლდათ და განა შეიძლებოდა მათ ეპასუხათ ესოდენ უსაშინლესი მსაჯულებისათვის სულიწმინდის დახმარების გარეშე? პეტრეს დაფიქრებაც კი არ დასჭირვებია, არც აღელვებულა, არამედ მშვიდად და გონივრულად პასუხობდა მათ. აკი ვკითხულობთ კიდეც წმიდა წერილში, რომ „პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაელისანო, უკუეთუ ჩუენ დღეს განვიკითხავთ ქველისსაქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა, ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაელისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი-თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ-იქმნა თქუენ მიერ, მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ-საკიდურთა, და არავინ არს სხვით ცხორებაი და არცაღა არს სახელი სხუაი ცასა ქუეშე მოცემულ კაცთა, რომლითაცა ჯერ-იყო ცხოვრებაი ჩუენდა“ (4.8-12). „მოხუცებულნო ერისანო“-ში სინედრიონის წევრები იგულისხმება. პეტრე მოციქულს კიდევ ერთხელ უწევს გამეორება იმისა, რომ ეს კაცი იესო ნაზარეველის სახელით განკურნეს. პეტრე მაცხოვრის ჯვარცმას ახსენებს მათ, ასევე ნაზარეველში მათ მესია უნდა დაინახონ.

ესაიასა და დავითთან მაცხოვარი ნახსენებია სიმბოლურად სიტყვით „ესე არს ლოდი იგი“ (ასევეა მათესა და ლუკასთან). საკიდური ლოდი არის ორი კუთხის შემაერთებელი ქვა, ანუ ქრისტე არის შემაერთებელი ძველი და ახალი აღთქმისა. მაშენებელში ებრაელი ხალხი იგულისხმება, რომელთაც მესიის სამეფო უნდა აღაშენონ, მაგრამ მათ ჰქონდათ ხორციელი აზროვნება. მესიის სამეფოში იგულისხმება ამქვეყნიური ეკლესია. ლოდი (ქრისტე), რომელიც იყო ამქვეყნიური ეკლესიის შესაქმნელად, სწორედ ის დაიწუნეს მაშენებლებმა (ებრაელებმა).



წინა - სარჩევი - შემდეგი