მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

სინედრიონის მიერ მოციქულებისათვის ქრისტეს სახელით ქადაგების აკრძალვა და მათი გათავისუფლება (4.13-22)


 

 

სინედრიონის წევრებისათვის ქრისტეს მოციქულები იყვნენ უწიგნური, გაუნათლებელი ადამიანები. მათ უკვირდათ, რომ წმ.მოციქულს ციტატები მოყავდა ძველი აღთქმიდან. ებრაელები გალილეაში მცხოვრებთ უწიგნურებს ეძახდნენ და წმიდა წერილის წაკითხვის უფლებასაც კი არ აძლევდნენ (4.13). ისინი იძლივნენ მოციქულთა სიტყვით და ვერ შეძლეს ცილობა, ვინაიდან ფაქტი სახეზე იყო, რადგან „ხედვიდეს კაცსა მას მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა“ (4.41). ვერაფრით ვერ გააქარწყლეს მოციქულთა ქადაგება, სინედრიონის წინაშე ბრალდებული პეტრე მათ ბრალმდებლად ექცა, - ქრისტეს მკვლელობაში ამხილა ისინი, - ამიტომ როგორც უძლურებმა, „ბრძანეს განსვლაი მათი გარე კრებულისაგან“ (4.15) და დაიწყეს მსჯელობა თუ რა გაეკეთებინათ. „და თქუეს (სინედრიონის წევრებმა): რაი-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებულ იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკვიდრთა იერუსალემისათა ჩანს და ვერ ხელ-გუეწიფების უარის-ყოფად“ (4.16), ანუ მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ. სახალხოდ მათ ვერ დავსჯით, რადგან ყველასათვის ცნობილია მათ მიერ აღსრულებული სასწაული. როგორც ჩანს, მათ ერთგვარი გაუბედაობა დაემუქრათ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბოლო ხანს, ქრისტეს აღდგომის დღიდან მოყოლებული მოხდა. შეიძლება მათ შორის იყვნენ ისეთებიც, როგორიც იოსებ არიმათიელი ან ნიკოდიმოსი იყო, ამიტომ მათი გადაწყვეტილება საკმაოდ რბილი გამოდგა. მათ მოციქულებს ქრისტეზე ქადაგება აუკრძალეს, რომ „არა უთხრობდნენ სახელითა ამით არავის კაცსა“ (4.17). სინედრიონის წევრები ვერ სჯიან პეტრეს და იოანეს მარტივი მიზეზის გამო, მათ ხალხის ეშინიათ, როგორც იესოს დასჯისას ეშინოდათ თავის დროზე, სამართლებლივად კი ვერაფერი მოიგონეს გასასამართლებლად. მათ „მოუწოდეს მათ (მოციქულებს) და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუისითა“ (4.18), მოციქულები კი ამ აკრძალვას გასაოცარი სიმტკიცითა და გაბედულობით პასუხობენ. „ხოლო პეტრე და იოვანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაი უფროის ანუ ღმრთისაი, საჯეთ“ (4.19). მოციქულები ეპაექრებიან მათ, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ არ ისაუბრონ იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით იხილეს (4.20). სინედრიონს ხალხის წინაშე შიშმა არ მისცა საშუალება იმისა, რომ მოციქულებისთვის რაიმე დაეშავებინათ და ისინი გაათავისუფლეს. აქ ვხედავთ მოციქულთა ბრწყინვალე მორალურ გამარჯვებას, მაგრამ აქვე ჩანს რწმენისადმი მომავალი დევნის მრისხანე ნიშნებიც.

წმიდა წერილში წერია, რომ „უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ“ (4.22).

მოციქულთა შეპყრობის სამი მიზეზი იყო:

1. მათი მქადაგებლობა.

2. ადამიანები მათ რომ უსმენდნენ.

3. სადუკეველებმა ბრალი დადეს მათ, რადგან აღდგომის შესახებ ქადაგებდნენ.



წინა - სარჩევი - შემდეგი