მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

მოციქულთა ლოცვა და სულიწმინდის გარდამოსვლა მორწმუნეებზე (4.23-31)


 

 

როგორც კი მოციქულები გაათავისუფლეს, ისინი „მოვიდეს თვისთა თანა და უთხრეს მათ, რაი - იგი მღვდელთმოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ“ (4.23), ანუ მივიდნენ იმ სახლში, სადაც დანარჩენი მოციქულები და ზოგიერთი მორწმუნე იმყოფებოდა, რომლებიც ალბათ ამ საქმის კეთილად დასრულებისთვის ლოცულობდნენ.

„ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ხმაი ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაი და ზღუაი და ყოველი, რაჲ არს მას შინა. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა, რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იძრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის, რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა იესუს, რომელსა შენ სცხე. ჰეროდე და პონტოელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაელისა, საქმედ, რაოდენი ხელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყვისა შენისა, განრთხმად ხელი შენი და კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელისა წმიდისა ძისა შენისა იესუისითა“ (4.24-30). ლოცვა მიემართება მამას. ამ ლოცვით ისინი ნუგეშსა და მხნეობას იღებენ, თავის საქმეს ღმერთს ავედრებენ და მისგან მხოლოდ სიმტკიცესა და გამძლეობას ითხოვდნენ ჭეშმარიტების საქადაგებლად. ლოცვას, სინედრიონის მიერ წარმოთქმული მუქარის გამო, საფუძვლად დაედო დავითის ფსალმუნნი, რომელშიც მესიისა და მისი სახით თავად მამა ღმერთის წინააღმდეგ ამბოხი გამოიხატება. „მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“ (ფსალმუნი 2.1-2), ეს სიტყვები პირდაპირ მიესადაგება უფალს, რომლის წინააღმდეგაც აღიძრა ყველა იმ ქალაქში (იერუსალიმში). ქრისტეს წინააღმდეგ შეკრებილი მთავრები და მეფენი ხუთნი იყვნენ:

1. ეშმაკი,

2. სიკვდილი,

3. ცოდვა,

4. ჰეროდე და

5. პილატე, ხოლო „თესლებ - ჰრომაელნი და ბერძენნი ერისა თანა ისრაელისა“ (4.27).

მოციქულები ლოცვას აღასრულებენ არა ვნებისა და ტანჯვისაგან დახსნის ვედრებით, არამედ თხოვნით, რომ მიენიჭოთ გამბედაობა და სიმტკიცე, რათა ქრისტეზე იქადაგონ და რომ ეს ქადაგება ნიშებითა და სასწაულებით იქნას განმტკიცებული.

მხურვალე რწმენით ლოცვას ღმერთმა გასაოცარი ნიშნით უპასუხა. „და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებილ და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისა განცხადებულად“ (4.31). მიწისძვრა ადამიანთა გამოფხიზლებას უკავშირდება, რომ ცოდვას განერიდონ. მიწისძვრით ღმერთმა მოციქულებს ნიშანი მისცა, რომ მტერთა წინაშე მარტოს და დაუცველს არ დატოვებდა. მათი ლოცვა მეყსეულად აღსრულდა, სულიწმინდისგან განსაკუთრებული ზეშთაგონება მიიღეს, ქრისტესთვის მომავალი ვნების გზას უშიშრად შეხედეს და იგრძნეს, რომ გაძლიერდნენ და უნარი შესწევთ, რომ ღვთის სიტყვა მტკიცედ იქადაგონ.



წინა - სარჩევი - შემდეგი