კოჭლი კაცის განკურნების შემდეგ ქრისტიანული თემის წევრთა რაოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა, ამიტომ საქმეთა აღმწერმა საჭიროდ ჩათვალა რიცხობრივად გაზრდილი თემის ცხოვრების წესის კიდევ ერთხელ დახასიათება იმის საჩვენებლად, რომ მათი შინაგანი მდგომარეობა იგივე დარჩა, რომ ერთსულოვნება და ძმური სიყვარული კიდევ ერთხელ იქნა შენარჩუნებული, ასევე შენარჩუნდა ქონების ერთიანობაც, თავის საკუთრებად არავინ არაფერს მიიჩნევდა. „ხოლო სიმრავლესა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაი ერთ და არცა ერთმან ვინ თქვის მონაგები მისი თვისად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად“ (4.32) - ვკითხულობთ კიდეც წმიდა წერილში.
რაც შეეხება კონკრეტულად მოციქულებს, ისინი „ძალითა დიდითა ჰყოფდეს (მოციქულნი) წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა“ (4.33), ანუ მოციქულები ქრისტეს აღდგომას განსაკუთრებული ძალით ქადაგებდნენ. ქრისტეს აღდგომა, ვითარცა ქრისტიანული რწმენის საფუძველი, მოციქულთა მთელი ქადაგების საწყისი და გულისგული გახლდათ.
„და არავინ იყო ნაკლულევანი მათ შორის, რამეთუ რომელნი - იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა, გინა დაბებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაი მათ და დადებდეს ფერხთა თანა მოციქულთაისა და მიეცემოდა კაცად - კაცადსა, რაიცა ვის უხმდა“ (4.34-35). პირველ ქრისტიანთა შორის გაჭირვებული არავინ არ იყო, რადგან მამულებისა და სახლების მფლობელები საკუთარი ნებით ყიდდნენ ქონებას და მიღებულ თანხას მოციქულებს გადასცემდნენ, რომლებიც ამ გზით შექმნილი საერთო სალაროდან გაჭირვებულებს შეეწეოდნენ.
„ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშისცემისაი, ლევიტელი, კვიპრელი ნათესავით, ამას აქუნდა დაბაი და განჰყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერხთა თანა მოციქულთაისა“ (4.36-37). იოსებმა, რომელსაც ქრისტეს მოციქულებმა ბარნაბა უწოდეს, რაც ებრაულად ნუგეშის ძეს ნიშნავს, კვიპროსზე გაყიდა დაბა და აღებული ფული მოციქულებს შესწირა. ის იყო ლევიტელი, ანუ ტაძრის მსახურთა წოდებიდან იყო (ლევიტელი წესით იერუსალიმში უნდა ყოფილიყო) და ქრისტეს მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა. ეს ბარნაბა იყო პავლეს თანამგზავრი, 70 მოციქულთაგანი. ფიქრობენ, რომ სინამდვილეში ის იყო იოანე-მარკოზ მოციქულის ძმის შვილი.
წინა - სარჩევი - შემდეგი