მეოთხე თავი მთავრდება იმით, რომ იოსებმა, იგივე ბარსაბამ ანუ ნუგეშის ძემ გაყიდა ყველაფერი და მოციქულებს შესწირა. მეხუთე თავი იწყება საპირისპირო სულისკვეთებითა და შინაარსის მქონე ამბით, რასაც ანანიასა და საფირას ისტორია ჰქვია.
წმიდა წერილი ყურადღებას ამახვილებს ვინმე ანანიასა და თავის ცოლზე - საპფირაზე. „კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირის თანა, ცოლისა მისისა, განყიდა დაბაი“ (5.1). ანანია ებრაული წარმოშობის სახელია. ის შეიძლება იყო იმ 120 კაცს შორის, რომელთაც პეტრემ უქადაგა მატათიას გამორჩევის აუცილებლობაზე, რომელზეც შემდეგ სულიწმინდა გარდამოვიდა. ეს მტკიცდება იმით, რომ ანანიას სურს, იყოს ქრისტიანი და აღასრულოს ის, რაც ევალებათ ქრისტიანებს.
„და გამოახუა სასყიდლისა მისგან, - უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, - და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერხთა თანა მოციქულთასა“ (5.2). გამოხუება ნიშნავს გამოცლას, მოპარვას, ანუ მან იმ საზღაურს, რაც გაყიდული მიწისგან აიღო, რაღაც თანხა მოაკლო და დამალა, ეს იცოდა თავისმა ცოლმაც. ცოდვა ის კი არ არის, რომ ყანის თანხისგან რაღაც ნაწილი აიღეს (ყანა მათი საკუთრება იყო), არამედ ცოდვა გახლავთ ტყუილი, რადგან მათ დამალეს ყანის გაყიდვით აღებული თანხის ზუსტი რაოდენობა. ეს გახლდათ პირველი შავი ლაქა პირველ ქრისტიანთა ცხოვრებაში, ამიტომ სხვების შესაგონებლად იგი ყველაზე მკაცრი სასჯელის გარეშე ვერ დარჩებოდა. წმიდა პეტრე მოციქულმა ამ სიცრუის შესახებ ცხადია, სულიწმინდისაგან შეიტყო, რომლითაც იგი იყო აღვსებული. მან ანანიას პირდაპირ მიუთითა მის მიერ ჩადენილ ცოდვაზე და მისი საქციელი სატანის საქმედ შეაფასა. „ანანია, რაჲსათვის აღავსო შენი გული ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოხუებად სასყიდლისა მის დაბისასა?“ (5.3). ამ სიტყვებით აშკარად იკვეთება ანანიასა და საპფირას საქციელის საშიშროება პირველ ქრისტიანულ თემზე, ამიტომაც საჭირო იყო მისი ცხოვრებიდან ამოკვეთა. „ანუ არა იყო რაი, შენი იყო და გან-რაი-ჰყიდე, ხელმწიფებასავე შენსა იყოა? და რაისათვის დაიდევ საქმე ესე გულსა შენსა? არა ეცრუვნე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა“ (5.4). ამდენად, ქონების განზოგადება ძალდატანებითი და გარეგნულად აუცილებელი კი არ იყო, არამედ - სრულად ნებაყოფილობითი. ანანიას ცოდვა სწორედ მის მიერ დაშვებულ სიცრუეში მდგომარეობდა. მას სურდა, რომ მიწის გაყიდვით მიღებული თანხის ის ნაწილი, რომელიც მოციქულებთან მიიტანა, მთლიან თანხად წარმოედგინა. აღთქმა, რომელიც ანანიამ დადო, რომ რასაც გაყიდდა, ეკლესიას შესწირავდა, დაარღვია. ასეთმა განსჯამ ანანიას თავისი დაცემის სიღრმე დაანახა, რომელსაც იგი შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდა. 5.3 მუხლში წერია, რომ „შენ იცრუე სულიწმინდის მიმართ“, ხოლო 5.4-ში „ეცრუე არა კაცს, არამედ ღმერთს“, ე.ი. სულიწმინდა ღმერთია.
„ვითარცა ესმნეს სიტყუანი-ესე ანანიას, დაეცა და სულნი წარხდეს“ (5.5). ანანია მეყსეულად კვდება, ეს გახლავთ ღვთისაგან მოვლენილი უშუალო სასჯელი დამნაშავისა მის მიერ სულიწმინდის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე ცოდვის გამო. ანანიას ცოდვა შეიძლებოდა მთელი ტომისთვის საშიში გამხდარიყო, ამიტომ ეს ლპობაშეპარული ტოტი მყისვე მოიკვეთა, რათა დანარჩენებს ჭკუა ესწავლათ, რომ მისთვის არ მიებაძათ. წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, ეს სასწაული მკელობლის განკურნებაზე უფრო საკვირველი იყო, რამეთუ სამი რამ გამოჩნდა ამით:
1. ცნობა მოპარულისა.
2. განცხადება დაფარულ გულისსიტყვათა.
3. მეყსეული სიკვდილი.
ანანიას სიკვდილის გამო „დაეცა შიში ყოველთა, რომელთა ესმა ესე“ (5.5). ეს ყველაფერი შეიძლება საღვთისმსახურო შეკრების დროს მოხდა და ღვთის ესოდენ დიდ სასჯელს შეუძლებელია, ყველა არ შეეძრა.
„და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაფლეს“ (5.6). ირღვევა ძველაღთქმისეული სჯული, რომლის თანახმადაც მზის ჩასვლამდე მიცვალებულებზე შეხება არ შეიძლებოდა, ეხლა კი ჭაბუკებმა მიცვალებული გაიტანეს და დაფლეს. საინტერესოა თუ ვინანი არიან ჭაბუკები. ისინი შეიძლება მოვიაზროთ ეკლესიის მსახურებად. აღსანიშნავია ის მომენტი, რომ ისინი პეტრე მოციქულის დაუკითხავად დგებიან და თითქოსდა თავიანთ მოვალეობას აღასრულებენ. ფიქრობენ, რომ დიაკვნობამდეც იყო ჭაბუკთა წოდება.
„და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე და შევიდა“ (5.7), ანუ 3 საათის განმავლობაში ცოლმა ვერ გაიგო ეს. პეტრე მოციქულს სურდა, რომ მისთვის თავის მართლებისა და მონანიების საშუალება მიეცა, თუმცა კი ქალი იმის გამო მივიდა, რომ შეწირულობისათვის საქები სიტყვები მოისმინოს მოციქულისგან. პეტრემ უთხრა მას: „მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაი იგი? ხოლო მან ჰრქუა: ჰე, ეგოდენის“ (5.8), ამ კითხვაში დანაშაულის მიზეზი იკითხება.
პეტრე ამხელს ანანიას ცოლს. „რაისათვის ესრეთ შეითქუენით განცდად სულისა უფლისასა? ანუ არა ესერა ფერხნი დამფვლელთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა?“ (5.9). ანანიასა და საპფირას თავიანთი მცირედმორწმუნეობიდან გამომდინარე არ ეგონათ, რომ ამ ამბავს ვინმე და მათ შორის ღმერთიც თუ გაიგებდა. ისინი არიან პირმოთნენი და სახე ფარისეველთა, მათ გამოსცადეს უფალი, ანუ ცდილობენ, თავიანთი ბოლომდე გაიტანონ. პეტრე ეკითხება, კარებთან შენი ქმრის დამმარხავნი დგანან და გინდა შენც მკვდარი გაგიტანონ აქედან?
პეტრესა და საპფირას დიალოგს არავინ არ ესწრებოდა, რომ საპფირას ცოდვის აღიარება არ შერცხვენოდა, ამას ვიგებთ სიტყვებით „და დაეცა მეყსეულად ფერხთა მისთა და სულნი წარჰხდეს“ (5.10), გარდა ამისა
1. მეშვიდე მუხლში წერია „შევიდა“.
2. პეტრე ეუბნება, შეხედე, შენი ქმრის დამმარხველნი კარებთან დგანან. მათ ვერ ხედავს საპფირა.
3. საპფირა პეტრეს ფეხებთან დაეცა, ანანია კი სხვათა თვალწინ.
„შევიდეს ჭაბუკნი იგი და პოეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა“ (5.10), ანუ საპფირას თავისი ქმრის გვერდით მარხავენ.
წინა - სარჩევი - შემდეგი