„და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა და კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე“ (5.11). აღსანიშნავია ის, რომ ლუკა, მახარებელი და ავტორი „საქმე მოციქულთასი“, ქრისტიანთა თემს პირველად უწოდებს ეკლესიას. რატომ დაუშვა ეს უფალმა? ეკლესია ახალდაარსებულია, სადაც არის იფქლი, იქ არის ღვარძლი, რომელიც უნდა აღმოიკვეთოს, რომ სხვას არ გადაედოს და არ გამრავლდეს. „ვაი მას, ვინც პარავს ეკლესიას, ის იზიარებს ანანიასა და საფირას ბედს. ხოლო ვინც იცის, რომ ვიღაც იპარავს და არ ამხელს მას, ისიც იმავე სასჯელშია,“ - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.
პირველი ადამიანები სცოდავენ, ისინი სიცრუეს დაემონნენ. ევა იტყუება ღვთის წინაშე, ადამი იმალება და ორნივ ისჯებიან, სამოთხიდან (ეკლესიიდან) განიძევებიან და სიკვდილს ექვემდებარებიან. ისინი ცოლ-ქმარი არიან, წამოეგებიან რა ბოროტებაზე, არ შეინანებენ სიცრუეს და შედეგად განიძევებიან და კვდებიან. ანალოგიურად არის მეხუთე თავშიც ანანიასა და საფირას შესახებ, ისინი იტყუებიან ღვთის წინაშე და ღმერთიც სჯის მათ. ეკლესიის გარეთ ყოფნა ხომ მორწმუნისათვის სიკვდილის ტოლფასია.
ხოლო ხელითა მოციქულთაითა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერთა შორის“ (5.12). ლუკა მახარებელი კიდევ ერთხელ გვესაუბრება ქრისტიანული თემის იმჟამინდელ მდგომარეობაზე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მრავალი ნიშები და სასწაულები „ერსა შორის“, ანუ ურწმუნოთა თვალწინ ქრისტეს რწმენაზე მათ მოსაქცევად, ხოლო მორწმუნეთა განსამტკიცებლად. „და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისასა“ (5.12), ანუ ქრისტეს მიმდევრები ყველგან ერთად იყვნენ, ტაძარშიც ერთად იდგნენ. იმ ადგილს, სადაც ისინი დგებოდნენ, „სოლომონის კარიბჭე“ ერქვა, რომელიც თავისი სიდიდით ჩანს, რომ მოსახერხებელი იყო ქრისტიანთათვის. ქრისტიანთა მიმართ განსაკუთრებული პატივი და შიშის გრძნობა იყო მიზეზი იმისა, რომ ხალხი მათგან მოშორებით დგებოდა. „ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი“ (5.13), ანუ ხალხი აქებდა მათ მაღალი რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობის გამო.
„უფროის-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაი და დედათაი“ (5.14), ანუ დღითიდღე იზრდებოდა ქრისტიანთა რაოდენობა. განსაკუთრებით გასაოცარი სნეულთა კურნების სასწაულები გახლდათ, როგორც მაცხოვრის სამოსთან შეხება შეიქმნა მაკურნებელი, ეხლა პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი მაკურნებელი გახდა. „უბანთაცა ზედა გამოაქუნდა უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაითა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ ვისმე მისი შეადგეს მათგანსა, და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაი იერუსალემს და მიაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი“ (5.15-16), ანუ მოციქულები ყველაფერს ქრისტეს სახელით აღასრულებდნენ.
წინა - სარჩევი - შემდეგი