მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ახალი დევნა სინედრიონისაგან, მოციქულთა შეპყრობა და ანგელოზის მიერ მათი გათავისუფლება. ქადაგება ტაძარში და გამალიელის ბრძნული რჩევა (5.17-42)


 

 

მოციქულთა ასეთი სასწაულები ცხადია, ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა, სწორედ ამიტომ „ადგა მღვდელთ-მოძღუარი-იგი და ყოველნი მისთანანი, რომელი-იგი იყო წვალებაი სადუკეველთაი, აღივსნენ შურითა და დაასხნეს ხელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე“ (5.17-18). მღვდელმთავარში კაიაფა იგულისხმება, რომელიც იმხანად სინედრიონს განაგებდა, იგი სადუკეველთა მწვალებლობას ემხრობოდა. რადგანაც ისინი უარყოფდნენ ქრისტეს აღდგომას, მოციქულები კი ქადაგებდნენ მათზე, ამით განრისხებულებმა შეაგულიანეს მღვდელმთავარი, რომ შეეპყროთ ისინი. იოსებ ფლავიუსის ცნობით, კაიაფას ერთ-ერთი ვაჟი სადუკეველი იყო. მათ შეიპყრეს 12 მოციქული და საპყრობილეში ჩასვეს, როგორც 5.33-დან ჩანს, მათ მოციქულების მოკვლაც განიზრახეს. „საქმე მოციქულთაში“ უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მოციქულებს შეიპყრობენ. პირველად პეტრესა და იოანეს (მეოთხე თავი), ეხლი კი ყველა მოციქულს.

სასწაულებს სასწაული ემატებოდა, რადგან „ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყუანნა იგინი“ (5.19). რაც უფრო ძლიერდებოდა ეკლესიის დევნა, მით უფრო მატულობს ღვთის სასწაულებრივი შემწეობა. ანგელოზები სულ ორჯერ გამოიხსნიან მოციქულებს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თორმეტივე მოციქულს, მეორედ კი პეტრეს გამოიხსნის მაცხოვარი ანგელოზის მიერ.

რატომ მაინცადამაინც ღამით? იმიტომ, რომ:

1. მხედრებს არ შეეშალათ ხელი.

2. სასწაული მათთვის ხილული ყოფილიყო, რადგან ღამით ვერაფერს ხედავდნენ და ადვილად ვერ გამოაღწევდნენ.

3. ანგლოზთა მიერ მათი გამოყვანა ხდება მოციქულთა ნუგეშისათვის, რათა უფრო კადნიერად ექადაგათ და ჰურიათათვისაც, რათა ამ სასწაულის მხილველთ აღარ შეეშალათ მათთვის ხელი.

ანგელოზმა უთხრა მათ: „მივედით და დაადექით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა“ (5.20), ანუ საპყრობილიდან გამოსვლისთანავე ისინი ქადაგებას აგრძელებენ. მოციქულები არ უნდა დაიმალონ, რადგან ამით შიშს გამოავლენდნენ, რომ ისინი დამნაშავენი არიან, არამედ მათ ტაძარში ქადაგება დაევალათ.

„ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ მოვიდა მღვდელთმოძღუარი იგი და მისთანანი და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრელისათა, და მიავლინეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა“ (5.21). მოციქულთა ასეთი სიმტკიცე სხვა ვერაფრით აიხსნება თუ არა სულიწმიდით.

„ხოლო მი-რაი ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და მოიქცეს იგინი და უთხრეს მას და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დახშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა, ხოლო გან-რაჲ ვაღეთ შინა არავინ ვპოეთ“ (5.22-23). ამით მტკიცდება სასწაულის სინამდვილე, რამეთუ როგორც უფლის საფლავს, ასევე საპყრობილეს მცველები იცავდნენ და კარები საიმედო კლიტეებით იყო დაკეტილი. ჰურიათ უნდა გულისხმა-ეყოთ, რომ ეს იყო არა კაცობრივი, არამედ ღვთაებრივი საქმე, მაგრამ ეს ბოროტი შესაკრებელი - ეს იყო შურით გონება დაბნელებული, რომ ვერარას გულისხმა-ჰყოფდა.

„და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღვდელთმოძღუართა , განიზრახვიდეს მათთვის, ვითარმედ: რაჲ-მე იქმნა ესე? მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაი დაჰკრიბონ. და ვითარცა მოიყვანეს იგინი, დააადგინეს შორის კრებულისა და ჰკითხვიდა მას მღვდელთმოძღუარი იგი“ (5.24-27), მათ ეშინოდათ ხალხის და არა უფლის. ისინი უგულისხმონი იყვნენ ამდენი საკვირველების შემდეგაც, ამიტომ კვლავ წარდგნენ მოციქულები სამსჯავროს წინაშე.

ისინი მოციქულებს ეუბნებიან: „არა მცნებით გამცენით თქუენ, რაი-თა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა ესერა აღგივსიეს იერუსალემი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ-ზედა სისხლი კაცისაი ამის?“ (5.28). ნიშანდობლივია, რომ საპყრობილიდან მათ გამოსვლაზე სიტყვაც არ ითქმის. ცხადია, მსაჯულები ხვდებოდნენ, რომ სასწაული აღსრულდა, მაგრამ ამას განზრახ არ იმჩნევდნენ, არამედ მოციქულებს შეახსენეს თავიანთი აკრძალვის სიტყვები. კაიაფა იმას კი არ ეკითხება, საპყრობილედან როგორ გამოხვედითო, რათა ღმერთის ძლიერება არ იქადაგონ, არამედ ხომ გითხარით, რომ მისი სახელით არ იქადაგოთო.

„აჰა ესერა აღგივსიეს იერუსალემი“, ამ სიტყვებით ვიგებთ, რომ მოციქულთა მოღვაწეობა წარმატებულია. „გნებავს მოწევნად ჩუენ-ზედა სისხლი კაცისაი ამის?“ ანუ გსურთ, ღვთის სასჯელის ღირსებად წარმოგვადგინოთ უდანაშაულოდ მოკლული კაცის სისხლისთვის? თუ თქვენ იესო ნაზარეველს აღმერთებთ, ამის გამო ჩვენ დავისჯებით, რადგან ის არ არის ღმერთი.

პეტრე თორმეტი მოციქულის სახელით იმეორებს იმას, რაც სინედრიონის წინა სხდომაზე უკვე ბრძანა, ოღონდ უფრო მკვეთრად და გადაჭრით. „მორჩილება ჯერ - არს ღმრთისაჲ უფროის, ვიდრე კაცთა“ (5.29). პეტრე ხაზს უსვამს ქრისტეს ღვთაებრიობას, ხაზს უსვამს იუდეველთა ბრალს ქრისტეს ჯვარცმით მკვლელობაში. „ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა - იგი თქუენ ხელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა“ (5.30), ეს სიტყვები სინედრიონის წევრთა პირად პასუხისმგებლობას გამოჰკვეთს, რადგან ძელზე დაკიდების ცნებას წყევლის ცნება უკავშირდება. მამას ახსენებს იმიტომ, რომ ქრისტე მამისაგან წარმოგზავნილად აღიარონ. მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, მასალა კი იყო ხის (ძველ ქართულად - ძელი, რუსულად - „სტოლბა“ და ბერძნულად - „ქსილოს“).

„ესე ღმერთმან წინამძღვრად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯვენითა თვისითა მიცემად სინანული ისრაელსა და მოტევებაი ცოდვათაი და ჩვენ ვართ მოწამე მისთა სიტყუათა ამათ და სული წმინდაი, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა“ (5.31-32). მოციქულები ეუბნებიან, რომ მამამ აღადგინა და აღამაღლა ქრისტე, რათა არავინ შერაცხოს ძე მამის მოწინააღმდეგედ. ისინი ჰურიებს არა მხოლოდ მკვლელობაში ამხელენ, არამედ სასოებასაც უნერგავენ, რომ გულწრფელი სინანულით შენდობას მიიღებენ უფლისაგან. სულიწმინდის მიცემაში ნათლობა და სულთმოფენობა იგულისხმება.

პეტრეს მიერ თავის მართლების სიტყვა იუდეველთა მისამართით უსასტიკეს ბრალდებაში გადადის, რაზეც სინედრიონის წევრები მრისხანებისაგან „განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა“ (5.33), თუმცა ეს წინააღმდეგობა აღკვეთილ იქნა გამალიელის ბრძნული რჩევით, რომელიც პავლე მოციქულის მასწავლებელი იყო, შემდეგ მოექცა და ეკლესიის მიერ მოციქულთა სწორად არის შერაცხილი. გამალიელი ურჩევს, დაფიქრდნენ, სანამ სასტიკ ზომებს მიიღებენ, მან ბრძანა მოციქულთა გარეთ გაყვანა (5.34) „და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაი გეგულების ყოფად?“ (5.35) ანუ წინდახედულება გამოიჩინეთო. მისი აზრით ქრისტიანობა მოვლენების ბუნებრივ განვითარებას უნდა მიანდონ იმის რწმენით, რომ თუ ეს საქმე ღვთისგან არაა, თავისით დაირღვევა და ამის დამამტკიცებლად იყენებს არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავს. „უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და ეტყოდა თავსა თვისსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხვით ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნნეს ვითარცა არარაი“ (5.36). ფადოს მმართველობის დროს, ისრაელში გამოჩნდა გრძნეული კაცი თევდა, ის იყო ისტორიული პიროვნება, მან მდინარე იორდანეც კი შეაჩერა და ხალხი გაიყვანა. მან მრავალი ადამიანი დაარწმუნა, რომ მისთვის ქონება მიეტანათ და მას შესდგომოდნენ. ფადომ გაგზავნა მხედართმთავარი ილი, რომელმაც ხალხი დახოცა, ხოლო თევდას თავი მოკვეთა და იერუსალიმში მოიტანა. ის იყო ერთ-ერთი სექტის ლიდერიც, მტრობდა სინედრიონს და რომის ხელისუფლებას, ამიტომ იქნა მოკლული.

გამალიელი მეორე მოვლენის შესახებაც ყვება. „ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განადგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს“ (5.37). იუდა გალილეველი ამბობდა, რომ კეისარს არ უნდა მივაგოთ საღვთო პატივი და არ უნდა გადავუხადოთ ხარკი, ამიტომ ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

გამალიელი აგრძელებს: „და აწცა გეტყვი თქუენ: განეშორეთ კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე, გინათუ საქმეი ესე, დახსნეს, ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ხელ-გუეწიფების დახსნად მისა, ნუუკუე ღმრთისა მოლალეცა იპოვნეთ, ხოლო იგინი ერჩდეს მას“ (5.38-39). საოცარ სიტყვებს ამბობს გამალიელი, რომ თუ ეს საქმე ადამიანურია, ის დაირღვევა, ხოლო თუ ღვთიურია, არავის შეუძლია მის წინააღმდეგ წასვლა და თან შეიძლება ღმერთის წინააღმდეგ უდიდეს ცოდვაში ჩავარდეთ ამით. ყურადსაღებია გამალიელის რჩევის მოტივის ცოდნა. ფიქრობენ, რომ იგი ქრისტიანებს ფარულად თანაუგრძნობდა. გადმოცემით ის იყო სვიმეონ ღვთისმიმრქმელის მამა.

მართლაც, მათ მოუსმინეს გამალიელს, „დაიბარეს მოციქულები, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაითა არღარა იტყოდიან სახელითა იესუისითა და განუტევნეს იგინი“ (5.40). მოციქულთა გვემა და ტანჯვა ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მოციქულები ქრისტეს სახელის გამო განიცდიან გვემას. მათ არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, რადგან ჩაკლული აქვთ ეგოიზმი, პატივმოყვარეობა, საკუთარი თავის განდიდების სურვილი, ამიტომ ქრისტეს სიყვარულის გამო ითმენენ ყოველივეს, მათთვის დიდია ქრისტე, ამიტომ ითმენენ ყოველივეს, უფრო მეტიც, წმიდა წერილში წერია, რომ „უხაროდათ, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათვის გინებად“ (5.41). აი, რწმენის საოცარი გამოხატულება.

„და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა“ (5.42). მიუხედავად აკრძალვისა, მათ მაინც გააგრძელეს ქადაგება.



წინა - სარჩევი - შემდეგი