მეექვსე თავში გადმოცემულია 7 დიაკვნის გამორჩევის ამბავი. რატომ გახდა საჭირო მათი გამორჩევის აუცილებლობა? ამის მიზეზი მარტივია. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ მორწმუნეები სწირავდნენ რა თავიანთ მონაგებს ეკლესიას, იგი მატერიალურად მდიდრდებოდა და ქონება ქვრივ-ობლებზე ნაწილდებოდა.
„ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტვინვაი ბერძენთაი ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაი იგი დღითი-დღედ ქურივთა მათთაი“ (6.1). ეკლესიაში „იყო დრდტვინვაი“ ანუ ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებამ იჩინა თავი. ეს შფოთი ჩამოვარდა მოწაფეთა შიგნით, რომელიც არა სჯულით, არამედ ენით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მიზეზი ამ შფოთისა იყო უდებება, რომლის გამოც უგულებელყოფილ იქნა ძველი ჩვეულება ქვრივებზე ზრუნვისა.
ბერძნებად ან ბერძენისტებად ის ებრაელები იწოდებიან, რომლებიც ისრაელის (პალესტინის იუდეის) საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ და ბერძნულად საუბრობდნენ. ელინისტებად წოდებულნი წმიდა წერილსაც ყველგან ბერძნულად კითხულობდნენ.
ქონებას მოციქულები ანაწილებდნენ, მაგრამ ხალხის სიმრავლისა და დროის სიმცირის გამო, როგორც ჩანს, სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ ყველაფერს, რის გამოც დაიჩაგრნენ ქვრივი ელინისტები, ამიტომ „მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაი სიტყვისა ღმრთისაი და მსახურებაი ტაბლებსა“ (6.2), - ბრძანეს მათ, ანუ მოციქულებმა ამ უკმაყოფილების აღმოსაფხვრელად იერუსალიმის მთელი ქრისტიანული საზოგადოება შეკრიბეს. მოციქულთა მთავარი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგებაა, ხოლო გაჭირვებულთა ხორციელი საკვებით უზრუნველყოფა შეიძლება სხვას მიანდონ. ამიტომაც ისინი აყენებენ წინადადებას, რომ ამ მსახურებისთვის „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნეს შვიდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ სახმარსა ამას ზედა, ხოლო ჩვენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ“ (6.3-4). მოციქულები ავალებენ მოწაფეებს, რომ გამოირჩიონ 7 კაცი, რომელთაც მოციქულები დიაკვნებად დაადგენენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ სულიწმინდით შემოსილნი, მათ უნდა ქონებოდათ „სიბრძნე“, რათა მსახურება ბრძნულად, გონივრულად აღასრულონ.
საიდან უნდა სცოდნოდათ მოწაფეებს, თუ ვინ უნდა გამოერჩიათ? ცხადია, მათი კეთილი და სათნო ცხოვრებიდან გამომდინარე, რადგან ისინი არა მარტო მოციქულთა, არამედ ხალხის თვალშიც წმინდა უნდა ყოფილიყვნენ.
„და სათნო უჩნდა სიტყუაი ესე წინაშე ყოვლისა მის სოფლისა“ (6.5), ანუ მოციქულთა ეს შემოთავაზება სიხარულით იქნა მიღებული. „და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქიელი“ (6.5). იმდენად დიდი იყო ეს საფასე, რომელიც უნდა გაენაწილებინათ და ასევე, რიცხვი ქვრივთა, რომ საჭირო იყო 7 კაცის გამორჩევა, რომელთა თავიც იყო სტეფანე. მხოლოდ მასზე წერია, რომ ის იყო „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“. სტეფანე გახლავთ ბერძნული წარმოშობის სახელი, სტეფანოზ ნიშნავს გვირგვინს, სახელი წინასწარმეტყველებს მის მომავალზე. სტეფანე იყო ებრაელი ელინისტი, რომელიც გადმოცემით კილიკიის ტარსუსში ცხოვრობდა, ის იყო პავლე მოციქულის ნათესავი (პავლეს დეიდაშვილი ან დის შვილი იყო). ისინი არიან ცნობილი ფარისევლის, გამალიელის მოწაფეები. სტეფანემ სინედრიონის წინაშე აღიარე ქრისტე, რის გამოც ის ქვებით ჩაქოლეს და პირველმოწამე გახდა.
შემდეგი გახლავთ ფილიპე, რომელიც ასევე იხსენიება „საქმე მოციქულთაში“, ის მოღვაწეობას განაგრძნობს სამარიაში. რაც შეეხება დანარჩენ ხუთს, მასზე წმიდა გარდამოცემა მოგვითხრობს:
პროხორე - ჯერ მოციქულ პეტრეს თანამგზავრი, შემდეგ კი იოანე ღვთისმეტყველის თანმხლები და გადამწერი ყოფილა, შემდეგ აკურთხეს ნიკომიდიის ეპისკოპოსად, ბოლოს კი ანტიოქიაში აღესრულა მოწამეობრივად.
ნიკანორი - სამოცდაათთაგანი იყო, ის ეწამა სტეფანეს მოწამეობის დღეს.
ტიმონი - არაბეთის ეპისკოპოსი, სახარების ქადაგების გამო იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველი დაატეხეს თავს, შეაგდეს გახურებულ ქურაშიც. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი მოწამეობრივად აღესრულა.
პარმენი - მოციქულთა თვალწინ გარდაიცვალა და მათ მიერ იქნა დაკრძალული.
ნიკოლოზი - პროზელიტი, ანტიოქიელი იყო, მის სახელს უკავშირდება ნიკოლაიტელთა სექტა. პროზელიტის დიაკვნად არჩევა ხდება ბერძენთა საამებლად, მაგრამ იგი ვერ გახდა თავისი მსახურების ღირსი, რადგან მისი სახელი წმინდანთა შორის არ იხსენიება. ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთი იყო მოღალატე, ასევე 7 დიაკვნიდან ერთი მოღალატე გამოდგა.
გამორჩეულები „დაადგინეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მას ზედა ხელნი მათნი“ (6.6). მოციქულებმა ილოცეს და სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე. კონკრეტულად თუ როგორ, რა სახით ილოცეს, ეს არ არის გადმოცემული.
მომდევნო მუხლიდან ჩანს, რომ მათმა ხელდასხმამ ნაყოფი გამოიღო და უფლის სიტყვა მრავლდებოდა. „და სიტყუაი იგი ღმრთისაი აღორძინდებოდა და განმრავლდებოდა რიცხვი იგი მოწაფეთაი იერუსალემს შინა ფრიად და მრავალი ერი მღვდელთაი მათ ერჩდა სარწმუნოებით“ (6.7). მღვდლებში იუდეველი მღვდლები იგულისხმებიან, რომელთათვის ქრისტე ჯერ კიდევ არ იყო განკაცებული ღმერთი, მესია. ისინი დაემორჩილნენ დიაკვნებს და აღიარეს ქრისტე.
სტეფანე იწოდება პირველ მოწამედ, მისი ჩაქოლვის დღეს აღესრულა ნიკანორაც. პარმენი მოციქულთა თვალწინ კვდება, ფილიპე კი სამარიაში გადადის. ვის უნდა დაეკავებინა მათი ადგილი, შეივსო თუ არა მათი რიცხვი, ამის შესახებ ცნობები არ არის შემონახული.
წინა - სარჩევი - შემდეგი