მთავარდიაკვნისა და პირველმოწამე სტეფანეს სამოციქულო მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული პირველი ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რომ საქმეთა აღმწერი მის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს. იგი ჯერ სტეფანეს პიროვნებას ახასიათებს, რომელიც აღსავსე იყო ძალითა და მადლითა და აღნიშნავს, რომ ხალხის თვალწინ მრავალ ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდა. როგორც ჩანს, სტეფანე დიაკონთა შორის ღვთაებრივი, მადლმოსილი ნიჭების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩეოდა, ის ყველგან ეძებდა ებრაელებს, რომ ქრისტეს რწმენაზე მოექცია, სწორედ ამიტომ შედიოდა იგი მათ სინაგოგებში. თალმუდის ცნობით იმხანად იერუსალიმში 480 სინაგოგა იყო.
„აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ლიბირტიმელთაი და კვირინელთაი და ალექსანდრიელთაი და კილიკიაით და ასიაით და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა“ (6.9). ცხადია, სტეფანე ღვთიური შეწევნით იქმოდა სასწაულებს. ის გახლავთ ღვთის სიტყვის მქადაგებელი. სტეფანე, პირველყოვლისა, ელინისტებს, თავისიანებს უქადაგებდა. მისი ქადაგება არ გასცდენია იერუსალიმის საზღვრებს.
წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ორი სახე არსებობს სარწმუნოებისა.
1) ახლადმოქცეულები, რომელთაც ირწმუნეს და მოინათლნენ და
2) სრულნი სარწმუნოებაში, რომელთაც აქვთ ძალა სასწაულთა აღსრულებისა.
ასეთი სრული მორწმუნეობით იყო აღსავსე სტეფანე. შვიდივეს დაასხეს ხელი, მაგრამ სტეფანემ უფრო მდიდრად მიიღო მადლი თავისი ძლიერი რწმენის შესაბამისად.
სტეფანეს წინააღმდეგ აღძრულნი არიან:
1.ლიბირტიმელები - განთავისუფლებულნი, ანუ ყოფილი მონები.
ვინ არიან ლიბირტიმელები?
1.1. ქრისტეს შობამდე 60 წელს პომპეუსმა იუდეველები შეიპყრო და რომში გადაასახლა. იქ მცხოვრები იუდეველები, როგორც გადასახლებულები, ატარებდნენ მონის სტასტუსს და ვერ ცხოვრობდნენ თავისუფალი მოქალაქეების მსგავსად.
1.2. ლიბირტიმელები არიან იუდეველები, რომლებმაც (როგორც გადამთიელებმა, არარომაელებმა), რომის იმპერიის შიგნით მიიღეს თავისუფალი მოქალაქის სტატუსი.
1.3. ლიბირტიმელები არიან ის იუდეველები, რომლებიც განთავისუფლდნენ რომაელთა ბატონობისაგან და გახდნენ რომის მოქალაქეები.
ვინ იწოდება რომის მოქალაქედ?
1.3.1. ვინც ცხოვრობდა რომში.
1.3.2. ვინც არ ცხოვრობდა რომში, ის არც იყო რომის მოქალაქე. გამონაკლისია პავლე, მაგრამ ეს გამონაკლისი ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას რაიმე განსაკუთრებული დამსახურება ქონდა რომის წინაშე.
1.3.3. რომის მოქალაქეობის შესყიდვაც ხდებოდა. შეიძლება პავლეს მამამ შეისყიდა ან იმპერატორმა აჩუქა.
2. კვირინეი - ეგვიპტის დასავლეთით მდებარე ლიბიის ქალაქი, სადაც იუდეველებს თავიანთი სინაგოგა ქონდათ.
3. ალექსანდრია - შედგება 5 ქალაქისაგან, აქედან ორში იუდეველები ცხოვრობდნენ, მათ იქ თავიანთი სინაგოგა ქონდათ.
4. კილიკია - პავლე და სტეფანე აქედან იყვნენ. ცხადია, ტარსუსში მათ სინაგოგაც ქონდათ. მათ თავიანთი სინაგოგა ქონდათ იერუსალიმშიც.
5. ასია - მათაც თავიანთი სინაგოგა ქონდათ იერუსალიმში, საერთოდ ხუთივე ქალაქის წარმომადგენლებს ქონდათ სინაგოგა იერუსალიმში. ისინი ყველანი ჩადიოდნენ იერუსალიმში მოსალოცად, რომელიც თანამემამულეთათვის ერთგვარი ერთობის ცენტრი იყო. ასიელთა სინაგოგა გახლავთ იმ იუდეველების სინაგოგა, რომლებიც მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ.
ვინც სტეფანე გამოიხმეს საპაექროდ, ესენი არიან იერუსალიმში არსებულ სინაგოგებთან დაწესებულ სკოლებში მოღვაწე ადამიანები. ამ შეშფოთების მოთავენი ლიბირტიმელები გახლდათ, რომლებიც ეთნიკურად ებრაელები, მაგრამ რომში მცხოვრები თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ. მათი საუბარი, ცხადია, სჯულის საკითხებს ეხებოდა, ანუ იყო თუ არა ქრისტე ღმერთი.
რატომ მაინცადამაინც სტეფანე და არა სხვა დიაკონი?
1. იერუსალიმის სინაგოგებთან არსებულ სკოლებში მოღვაწე ებრაელ ელინისტებს, რომლებიც თავიანთ თავს მცოდნეებად მიიჩნევდნენ, თავიანთი ღირსებისთვის შეუფერებლად მიაჩნდათ ქრისტეს გალილეველ მოწაფეებთან კამათი რჯულის შესახებ.
2. შესაძლოა, მათ განცდილი ქონდათ მოციქულებთან მარცხი და ამიტომ, არ უნდოდათ, რომ ხელახლა შეკამათებოდნენ მათ, ვისთანაც დამარცხდნენ.
3. ებრაელმა ელინისტებმა მიმართეს მოციქულებს, მაგრამ ვინაიდან ისინი დაკავებულნი იყვნენ, ამიტომ მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ დიაკონთაგან ყველაზე ღირსეული შეერჩიათ, რომელიც მოციქულთა სახელით ილაპარაკებდა.
სტეფანეს სიტყვას „ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა, რომლითა იტყოდა იგი“(6.10). მაცხოვრის წინასწარმეტყველება „მე მოგცეთ თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლოს წინა-აღდგომად და სიტყვისგებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა“(ლკ.21.15), ჭეშმარიტად აღსრულდა სტეფანეს შემთხვევაში, რამეთუ ისინი არა სტეფანეს, არამედ საღვთო სულს ეკამათებოდნენ, რომლის მატარებელიც იყო იგი.
დიალოგი სტეფანეს გამარჯვებით დასრულდა, ამიტომ მათ ჩააგონეს ზოგიერთი იუდეველი, რომ ცილი დაეწამებინათ სტეფანესთვის. მათ თქვეს: „ვითარმედ, გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთვის და ღმრთისა“ (6.11). სტეფანეს პირველი ბრალდება ღვთისა და მოსეს გმობა გახლავთ (დამბეზღებელნი იყვნენ ელინისტებიც, რადგან ისინი სჯულის დაცვის მხრივ მეტ მოშურნეობას იჩენენ). ბრალდებამ მართლაც გამოიწვია ხალხის აღელვება, რომლებიც მანამდე მოციქულთა მიმართ კეთილად იყვნენ განწყობილნი. მსგავსად უფლის გასამართლების დროს, ხალხმა ცილისწამება მაშინაც დაუფიქრებლად დაიჯერა. „და აღძრეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა“ (6.12) ანუ სტეფანე შეიპყრეს და სინედრიონის წინაშე მიიყვანეს. სავარაუდოდ სტეფანე ლაპარაკობდა, ანდა შესაძლოა, მხოლოდ მიანიშნებდა ძველი აღთქმის აღსრულებას ქრისტე - მესიის მოსვლის შედეგად, ცრუ მოწმეებმა კი სტეფანეს სიტყვებს სულ სხვა აზრი მიანიჭეს. ბრალდებას სჭირდება მოწმეები, ვინც დაინახა ეს. მეორე ბრალდება გახლავთ წმიდა ადგილის შეურაცხყოფა (6.13). მათ ბრალი დასდეს, თითქოსდა ის ამბობდა: „იესო ნაზარეველმა დაარღვიოს ადგილი ესე და ცვალოს სჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე“ (6.14). „დაარღვიოს ადგილი ესე“, - იგივე დანაშაულია, რაც თავად უფალს დააბრალეს, აქ იგულისხმებს ქალაქი იერუსალიმი ან ტაძარი. როგორც იოანეს სახარებაში ამბობს უფალი: „დახსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ესე“ - იესო თავის სხეულს გულისხმობდა, შეიძლება ამავეს ამბობდა სტეფანეც.
„ცვალოს სჯული“ - ქრისტემ ახალი სჯული მოსეს სჯულზე დაამყარა, მაგრამ მას არ დაუგმია ის. ეს სჯული არ იყო მოსეს სჯული, არამედ თავად მაცხოვარმა გადასცა მათ.
ცხადია, იქ მყოფთა მზერა სტეფანესკენ იყო მიმართული, რომელსაც ესოდენ მძიმე დანაშაულში სდებდნენ ბრალს, თუმცა მის გამომეტყველებაში ვერც შიში დაინახეს, ვერც წუხილი და ვერც მტრული დამოკიდებულება, პირიქით „იხილეს პირი მისი, ვითარცა პირი ანგელოზისაი“ (6.15). ისინი სასწაულის მომსწრენი გახდნენ, მათ იხილეს გაბრწყინებული, უჩვეულო ნათლით მოსილი სტეფანეს სახე. რატომ მოხდა ეს? პირველ ყოვლისა, ამით ღმერთმა იუდეველებს ანიშნა, რომ ეს კაცი უსამართლოდ იყო ბრალდებული, თუმცა ეს სასწაული მათ სასწაულად არ მიუღიათ.
უფალმა მოსეზე მეტად გააბრწყინა მისი სახე, რადგან უფალი აპირებდა, რომ სტეფანეს პირით წარმოთქმულიყო საკვირველი სიტყვები.
სტეფანე სულიწმინდით და სინათლით შეიმოსა ფიზიკურად, მასზე ბევრად დიდი იყო შინაგანი ნათელი, რომელიც გააჩნდა მას. გარეგანი ნათელი შინაგანის ანარეკლია.
წინა - სარჩევი - შემდეგი