მეშვიდე თავში გადმოცემულია წმიდა სტეფანეს ქადაგება.
მღვდელმთავარი ბრაზით მიმართავს სტეფანეს, რომ თავისი დანაშაულის სიმძიმე დაანახოს და ამით შეაშინოს. „ჰრქუა მას მღვდელთმოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა?“ (7.1), ანუ აღიარებ თუ არა თავს დამნაშავედ იმაში, რაშიც ბრალს გდებენ? ამის საპასუხოდ სტეფანემ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ებრაელი ერის ისტორია აბრაამიდან სოლომონამდე მოკლედ მიმოიხილა და ბოლოს თავისი უსამართლო მსაჯულების წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდებაც გამოთქვა. მისი სიტყვის მთავარი მიზანია, რომ ღვთისგმობის ბრალდება, რაც მას წაუყენეს, ებრაელი ერის წინააღმდეგ მიმართოს.
სტეფანე ქადაგებას აბრაამით იწყებს. მან, როგორც ბრალდებულმა, ისე წარმოთქვა თავისი სიტყვა. ქადაგება ორ ნაწილად იყოფა. პირვეელ ნაწილში (1-50 მუხლი) ის თავს იმართლებს, ხოლო მეორე ნაწილში (51-60 მუხლი) სტეფანე ბრალმდებლებს ამხელს და უსამართლობაში სამართლიანად სდებს მათ ბრალს. სტეფანეს ქადაგებასა და წმიდა წერილის თხრობას შორის ერთგვარი უთანხმოებაა, სავარაუდოდ სტეფანე იუდაურ ბიბლიას ეყრდნობოდა.
„ხოლო მან (სტეფანემ) თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაი ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუამდინარეს, პირველ დამკვიდრებისა ქარანს შინა“ (7.2). შესაქმის მიხედვით აბრაამს ღმერთი ქარანში გამოეცხადება, ასევე გარდამოცემით ქალდეველთა ურში. სტეფანე ძმად და მამად მიმართავს მათ და ამით მათდამი თავის სიყვარულს აჩვენებს. სტეფანე საუბარს აბრაამით იწყებს იმის საჩვენებლად, რომ სჯულის მოცემამდე ადამიანები რწმენით განმართლდებოდნენ, რადგან როცა ღმერთი აბრაამს ეჩვენა, მაშინ არც ტაძრები იყო და არც მსხვერპლები სჯულის მიერ დადგინებული, ანუ თუ ღმერთი ინებებს, ამ ყველაფრის გარეშეც შეუძლია წყალობა მოავლინოს ადამიანზე.
„დაბადების“ წიგნიდან ჩანს, რომ აბრაამს ღმერთი პირველად ხარანში ეჩვენება და აქედან მოუწოდებს წასვლას, ხოლო სტეფანე გვეუბნება, რომ სანამ ქარანში მოვიდოდა, მანამდე ღმერთმა შუამდინარეშივე მოუწოდა.
„გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ “(7,3). ცხადია,სტეფანე საუბარს იწყებს ღვთის იმ განგებულებაზე, როდესაც უფალი დუმილით მოუწოდებს აბრაამს, დატოვოს ქალდეველთა ქვეყანა. როგორც ჩანს, აბრაამი ზნეობრივი ცხოვრებით ანუ „ბუნებრივი სჯულით“ ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. მან არ იცოდა ღმერთი და როგორც ჩანს, ღმერთს სწორედ ამ დაკვირვებითა და გამოძიებით სათნო-ეყო და ღვთის შთაგონებით (და არა ხილული გამოცხადებით) აბრაამი ხვდება, რომ უნდა დატოვოს ეს ქვეყანა და შემდგომად ამისა უკვე ქარანში მას ღმერთი ხილულად მოუწოდებს, რომ აქედანაც წავიდეს.
„მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთაისა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკვიდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა - ესე აწ თქუენ დამკვიდრებული ხართ“ (7.4). „დაბადების“ წიგნში წერია, რომ თერახი ქალდეველთა ქვეყნიდან გადმოდის და მკვიდრდება ხარანში. სტეფანე პირდაპირ ამბობს, რომ თერახის გადმოსვლის მიზეზი აბრაამი იყო, რადგან უფალმა მას მოუწოდა და თერახიც მას მიყვება.
„და არა სცა მას სამკვიდრებელი მას შინა, არცა ფეხის წარსადგმელი და აღუთქუა მას სამკვიდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი“ (7.5). თუმცა კი აბრაამი ღვთის მითითებით ქანაანის მაწაზე ანუ პალესტინაში მივიდა. მას იქ მემკვიდრეობითი მიწის საკუთრებაც არ გააჩნდა. ეს ჩანს იქედან, რომ იგი იძულებულია, ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან იყიდოს მინდორი და გამოქვაბული სარას დასამარხავად (დაბ.23). აბრაამს აღთქმა მისცა უფალმა, რომ მისი ნათესავი გამრავლდებოდა, თუმცა მას საკუთარი შვილი არ ყავდა.
„ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა, და დაიმონებდენ მათ და ძვირსა უყოფდენ ოთხას წელ (7.6), ებრაელები 430 წელი ცხოვრობდნენ ეგვიპტეში. წმიდა იოანე ოქროპირი წერს, რომ სტეფანემ არ ჩათვალა 30 წლიანი პერიოდი, როდესაც ისრაელიანები ეგვიპტეში ახალშესულნი იყვნენ და კარგად ცხოვრობდნენ.
„და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას“ (7.7), მართლაც, „გამოსვლათა“ წიგნიდან ცნობილია ის 10 სასჯელი, რაც ეგვიპტეს დაატყდა თავს, რადგან ფარაონი ისრაელიანებს წასვლის ნებას არ აძლევდა.
„და მისცა მას სჯული წინადაცუეთისაი და მან შვა ისაკი და წინადასცვითა მას მერვესა დღესა, და ისაკმან - იაკობსა და იაკობმან - ათორმეტთა მათ მამათმთავართა“ (7.8). წინადცვეთა იყო წინა სახე ნათლისღებისა. წინადცვეთა ნიშნავს, მოვიკვეთოთ ჩვენგან მიბაძვა იმ ურჩობისა, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ახასიათებდათ, რამეთუ თვით აბრაამს ებრძანა ამისთვის წინადაცვეთა, რათა მოეკვეთა ის ბილწი ჩვეულება, როდესაც ქალდეველები ქორწინდებოდნენ თავიანთ დედასა და დაზე. როგორც ისააკს წინადასცვითეს რვა დღისას, ასევე მისი შთამომავალიც რვა დღისა წინადაიცვითნენ. წინადაცვეთა ასევე გახლავთ აღთქმა ღმერთის თავისუფალი მოქმედებისა, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ინებებს.
„და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს“ (7.9). იოსებს ახსენებს სტეფანე და ამით ამხელს მათ ღვთის მკვლელობაში, რადგან, როგორც მაშინ მათ გამოსაკვებად მოსული იოსები (იგულისხმება ის მომენტი, როცა იოსებს საჭმელი მიაქვს თავისი ძმებისთვის მინდორში) უბრალო შურის გამო გაყიდეს, ასევე ჰურიებმა უარყვეს ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა (მაცხოვარი), რომელიც მათ გამოსაზრდელად მოვიდა ზეციდან.
ღმერთმა იოსები „განარინა ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგვიპტელთაისა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა, იყო სიყმილი ეგვიპტეს და ყოველსა ქვეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი, ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგვიპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თვისთა და განეცხადა ფარაონს ნათესავი იოსებისი“ (7.10-13). როგორც იაკობის ძენი მიილვტოდნენ მათ მიერ განყიდული იოსებისაკენ, ასევე მათ, რომელთაც პური ცხოვრებისა ანუ ქრისტე განიშორეს, მათ სულიერი შიმშილი შეემთხვევათ, სანამ მისკენ არ მობრუნდებიან.
„და მოავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თვისსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა თვისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა, და შთავიდა იაკობ ეგვიპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი და მოიხუნეს იგინი სვიქემდ და დასხნეს საფლავსა მას, რომელ მოიღო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაითა ძეთაგან ემორისთა სვიქემს“ (7.14-16). ამ მოკლე მონათხრობიდან ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ არა მხოლოდ იოსების, არამედ თორმეტივე მამამთავარის ძვლები წამოიღეს აღთქმულ მიწაზე და დაასაფლავეს თავისი წინაპრების გვერდით, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი.
„და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაი, რომლისათვის ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძინდა ერი იგი და განმრავლდა ეგვიპტეს შინა, ვიდრემდის აღდგა სხუაი მეფე ეგვიპტეს ზედა, რომელმაც არა იცოდა იოსები. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე - განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხონდნენ“ (7.17-19). უფალი არა მთელი 400 (430) წლის განმავლობაში არამედ როცა მოახლოვდა გამოსვლის ჟამი, სწორედ მაშინ დაუშვებს ისრაელიანებზე მძიმე განსაცდელებს.
სწორედ ასეთ „ჟამსა იშვა მოსე და იყო იგი მკვირცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თვისისასა“ (7.20). მკვირცხლი ნიშნავს უბიწოს, სათნოს, ხოლო მოსე - წყლიდან ამოყვანილს. იგი ნილოსზე ბანაობის დროს შეამჩნია ფარაონის ასულმა, თავისთან წაიყვანა და ზრდიდა მას (7.21).
„და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაითა და იყო იგი ძლიერ სიტყვითა და საქმითა მისითა“ (7.22), ანუ მოსე სრულად დაეუფლა ეგვიპტელთა ცოდნას, თუმცა ეს არ ჩანს წმიდა წერილიდან, მაგრამ მოწმობს გარდამოცემა, რომელიც ფილონის მიერაა ჩაწერილი. გამოთქმა „იყო იგი ძლიერ სიტყვითა და საქმითა მისითა“ არ ეწინააღმდეგება მოსეს მოწმობას საკუთარ თავზე, რომ არ არის მჭერმეტყველი, არამედ ენაბრგვილია ( გამოსვლა 4.20).
„და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცი წელნი ჟამთა მისთანი, მოუხდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა თვისთა ძეთა ისრაელისათა, და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და იყო შურისგებაი დაწუნებულისა მისთვის და მოკლა მეგვიპტელი იგი. ჰგონებდა, ვითარმედ გულისხმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ხელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხორებაი, ხოლო მათ არა გულისხმა-ყვეს“ (7.23-25). სტეფანეს ცნობით, მოსე 40 წლისა იყო, როცა დაჩაგრული ებრაელი დაიცვა. ქრისტე 12 წლის ასაკში აიყვანეს რა იერუსალიმის ტაძარში, პირველად გამოავლინა თავისი ღვთაებრივი ბუნება. მან მოსეს მსგავსად თავისიანებს ანიშნა, რომ ღმერთი მათ მის მიერ გამოიხსნის, თუმცა კი ვერ გულისხმა-ყვეს ეს.
როგორც მოსე იქმნა გამოხსნილი წყლისაგან კიდობნით, ასევე გამოიხსნება ყოველი ადამიანი, რომელიც ინათლება და ეკლესიურია.
ამბობენ, რომ მოსემ ეგვიპტელი მოკლა არა ხელის აღმართვით, არა ცემით, არამედ სიტყვით, ვითარცა პეტრემ ანანია. ხელითაც რომ მოეკლა, ეს არ იქნებოდა მკვლელობა, არამედ მსგავსია ელიასა და ფინეზის ნამოქმედარისა, რომლებიც საღვთო შურით იყვნენ აღვსილნი.
„კუალად მეორესა დღესა იხილა მოლალენი და დააგებდა მათ მშვიდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაისათვის ავნებთ ურთიერთას? ხოლო რომელი - იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? ანუ ჩემიცა მოკლვაი გნებავს, ვითარ - იგი მოჰკალ გუშინ მეგვიპტელი იგი? და ივლტოდა მოსე სიტყვითა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მიდიამისასა, სადა - იგი ესხნეს ორ ძე“ (7.26-29). ეგვიპტელის მოკვლით და ისრაელიანის გადარჩენით, წესით უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მოსე იყო ის ადამიანი, რომელიც გადაარჩენდა ისრაელს. ხოლო ესენი არა საქმით, არამედ სიტყვის შესმენით მოკლავენ მოსეს, რადგან რომ არ გაქცეულიყო, მას ფარონი მოკლავდა. მოსე მიდიამში მიდის, რათა დაცხრეს მათი რისხვა, მსგავსად ქრისტესი, რომელსაც უთხრეს, ვისი ხელმწიფებით იქმთ ამას, ქრისტე გალილეაში მიდის.
„და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩუენა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაი ალითა ცეცხლისაითა მაყულოვნით“ (7.30). ანგელოზად სახელდებული ეს არის ძე ღმრთისა, „დიდისა განზრახვისა ანგელოზი“, როგორც წინასწარმეტყველი უწოდებს მას. ცეცხლი არის ღმერთი, რომლის მადლიც არის შემწველი, როგორც ჩვენ ხორცთა უძლურების გამო ვრჩებით შეუწველნი მსგავსად ამ მაყვლის ბუჩქისა. უდაბნო არის წარმართთა ეკლესია, როგორც ამბობს ესაია:„იხარებდა უდაბნოდ წყურვილი, იშუებდე და ყუაოდე ვითარცა შროშანი.
„ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკვირდა ხილვაი იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ხმაი უფლისაი. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაი, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. ჰრქუა მას უფალმან: წარიხადენ სანდალნი ფერხთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ესე, რომელსა ზედა დგა, ქუეყანაი წმინდა არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაი, რომელ არს ეგვიპტეს და სულთქუმანი მათნი მესმნეს და და გარდამოვხედ განრინებად მათა და აწ მოველ და მიგავლინო შენ ეგვიპტედ. ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა. ესე ღმერთმან მთავრად და მხსნელად მოუვლინა ხელითა მის ანგელოზისაითა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა, ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ“ (7.31-36). ხალხის მიერ უარყოფილი მოსე ღმერთმა არა მარტო მსაჯულად და მმართველად დაადგინა, არამედ - მხსნელადაც. სტეფანე აქ მოსეს წარმოაჩენს, ვითარცა მესიის წინასახეს, რომელიც ებრაელებმა ასევე უარყვეს. შემდეგ სტეფანე მიუთითებს მოსეს წინასწარმეტყველებაზე, რომ უნდა მოვიდეს მესია, რომლის წინასახეც თავადაა (მეორე რჯული 18.15). „ესე არს მოსე, რომელმან იგი ჰრქუა ძეთა ისრაელისათა, ვითარმედ: წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან მამათაგან თქუენთა, ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ“ (7.37), მოსეს მსგავსად ქრისტეც დაწუნებულ იქნა. მოსე მიდიამში გაიქცა ფარაონოსგან დევნილი, ქრისტე კი ჰეროდეს გამო ეგვიპტეში მიჰყავთ. მოსე ძველის სჯულმდებელია, ქრისტე კი - ახლის. ძველად წინასწარმეტყველთა მიერ ეუწყებოდა ხალხს ღვთის სიტყვა, ხოლო უკანასკნელთ - ძე ღმერთის მიერ.
„ესე არს, რომელი იყო კრებულისა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზის მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა“ (7.38). სტეფანე ახსენებს სინას მთაზე მიღებულ სჯულს და ბრძანებს, რომ მოსემ ღვთის მცნება ანგელოზისგან მიიღო, რომელიც მას ესაუბრებოდა, თუმცა „გამოსვლათა“ წიგნში მოსესთვის სჯულის მიცემა იეღოვა ღმერთს მიეწერება. შეიძლება, აქ „უფლის ანგელოზში“ წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასი, ძე ღვთისა იგულისხმება. ცრუ მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ სტეფანე სჯულსა გმობსო, არადა პირიქითაა, სტეფანე სჯულს განადიდებს, უწოდებს რა მას „სიტყუანი იგი ცხოვრებისანი“, ანუ ისეთი სიტყვები, რომელშიც მაცოცხლებელი ძალა მდგომარეობს. ცხადია, ამ სიტყვებში 10 მცნება იგულისხმება.
„რომელთაი არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგვიპტედ. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა-მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგვიპტით, არა ვიცით, თუ რაი შეემთხვია მას. და ქმნეს ხბოი მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ხელსა მათთასა“ (7.39-41). სტეფანე ებრაელებს კიცხავს მოსეს წინაშე ურჩობისათვის, შეახსენებს, როგორ ნანობდნენ ისინი ეგვიპტის დატოვებას, როგორ გაიკეთეს ოქროს ხბოს კერპი, რაშიც ეგვიპტელთა წარმართობის გავლენა ჩანს.
„მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინაჲსწარმეტყუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაელისაო?“ (7.42) ცის მნათობში არა ანგელოზები, არამედ ცის მნათობი ციური სხეულები იგულისხმებიან, რამეთუ იმ ხბოსაც მთების სახე ჰქონდა. სტეფანე ამოს წინასწარმეტყველს იმოწმებს, რომ უდაბნოში 40 წლის განმავლობაში ისინი თაყვანს-სცემდნენ ცის მნათობებს: მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რადგან პირდაპირ სახელდებს წარმართულ ღვთაებებს, რომლებსაც ებრაელები ეთაყვანებოდნენ. „და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკვლავი ღმრთისა თქუენისა რემფაისი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანისსაცემელად და მოგხადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვანსა. კარავი იგი საწამებელ-იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა, რომელი-იგი შემოიღეს მამათა ჩუენთა შემდგომითი შემდგომად იესუის თანა დამკვიდრებასა მას წარმართთასა, რომელი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთაისა ვიდრე დღეთადმდე დავითისითა, რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი, ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი“ (7.43-47). მოლოქი - ესაა სირიისა და ქანაანის კერპი, მისი სახით გაღმერთებულია მზე, ვითარცა წყარო სიცოცხლისა, ხოლო რემფასი - (იგივე რეფანი) ეს არის არაბთა, ფინიკიელთა და ეგვიპტელთა მიერ გაღმერთებული პლანეტა სატურნი, რომელიც დრო-ჟამის სიმბოლოს წარმოადგენდა.
ამის შემდეგ სტეფანე უარყოფს ბრალდებას, თითქოს მან მრავალჯერ დაგმო წმინდა ადგილი. „არამედ არა თუ მაღალი იგი ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს“ (7.48) - ბრძანებს სტეფანე. მას წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები მოყავს იმის თაობაზე, რომ ღმერთი ყოველგანმყოფია და ტაძრით არ იფარგლება. „ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაი კუარცხლბეკი არს ფერხთა ჩემთაი. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაი-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაი? ანუ არა ხელმან შენმან შექმნა ესე ყოველი?“ (7.49-50). ამ წინასწარმეტყველებით სტეფანე იუდეველთა დრო მოჭმულ წარმოდგენას არღვევს, თითქოს ჭეშმარიტი ღვთისმსახურების ერთადერთი ადგილი იერუსალიმის ტაძარია.
სტეფანე დიაკონი მათ მხილებას იწყებს: „ქედფიცხელნო და წინადაუცვეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ“ (7.51). სტეფანე, რომელიც უკვე სიკვდილისათვის ემზადება, კადნიერად ამხელს მათ იერემიას სატყვებით: „წინადაიცვითეთ წინადაცუეთილებაი გულთა თქუენთაი“, იერემია ისრაელის სახელს ამხელს, სტეფანე კი - სინედრიონს. გულით წინადაუცვეთილება ნიშნავს ცოდვებში ცხოვრებას, როცა ადამიანს არ სურს ცოდვათაგან განშორება. ქედფიცხელი ნიშნავს ურჩს. გულით წინადაცვეთა გულისხმობს განშორებას ამ ყველაფრისაგან, განძარცვავს სასმენელიდან იმ საბურველისა, რაც აბრკოლებს ღვთის სიტყვის მიღებას.
„რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელთაგანი არა დევნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიტნეს, რომელნი წინაისწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომლისა - იგი თქუენ აწ შინაგანმცემელ და მკვლელ იქმნენით“ (7.52). სტეფანე მათ ეკითხება, არის რომელიმე წინასწარმეტყველი, რომლებიც მესიაზე წინასწარმეტყველებდნენ, რომელიც თქვენ არ მოგიკლავთ? ეს თვით სულიწმინდის დევნაა, თქვენ მათ მიერ ნაწინასწარმეტყველევი მესია მოკალით.
თქვენ „მოიღეთ შჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ“ (7.53). წმიდა წერილში არ წერია, რომ მოსეს ღმერთთან ანგელოზი აკავშირებდა. გადმოცემით ღმერთსა და მოსეს შორის იყვნენ ანგელოზები, რომ მოსემ სჯული ღმერთისგან ანგელოზების მეშვეობით მიიღო. „თქვენ სჯული მოგეცათ, მაგრამ ვერ დაიცავით იგი, არ ცხოვრობდით ანგელოზებრივი ცხოვრებით.
სჯული წამალია, მაკურნებელია, მაგრამ თუ ადამიანი მას სწორად არ მიუდგა და სწორად არ დაიცვა, მისთვის არათუ მაკურნებელი, არამედ პირიქით, დამსჯელი ხდება.
წინა - სარჩევი - შემდეგი