სტეფანე მშვიდად და უშფოთველად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, მაგრამ პირუტყვს მიმსგავსებულმა უგუნურმა ებრაელებმა არ აცადეს ამ ტკბილხმოვანების გაგრძელება. „ხოლო მათ, ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდნენ მის ზედა კბილთა მათთა“ (7.54). იუდეველნი ამ ბრალდების გამო რისხვისგან კბილებს აღრჭიალებდნენ. ისინი დაბოღმილები იყვნენ და მიზეზს ეძებდნენ მის მოსაკლავად. „ხოლო იგი (სტეფანე) სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედა ცად და იხილა დიდებაი ღმრთისაი და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“ (7.55). დიდება დიდებულების სინონიმია. „დიდებაი ღმრთისაიში“ თავად მამა ღმერთის დიდებულება იგულისხმება.
„მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“, წმინდა წერილში ასეთი შინაარსის მუხლი არ გვხვდება, ეს არის ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც ძე, ვითარცა სრული კაცი და სრული ღმერთი, დგას (და არ ზის) მარჯვენით მამისა. ცხადია, აქ თანასწორობაც არის.
ამაღლების შემდეგ არამატერიალური განზომილებიდან, მესამე ცად რომ იწოდება პავლე მოციქულის მიერ, ის პირველად წმიდა დიაკონ სტეფანეს ეცხადება.
რატომ იდგა მაცხოვარი ფეხზე? სტეფანე პირველი მოწამეა, რომელმაც სისხლი დაღვარა ქრისტესთვის, მას ირგვლივ თანამოზიარე არ ყავდა. ქრისტეს ფეხზე დგომა ნიშნავს, რომ იგი, ვითარცა სრული ღმერთ-კაცი, მზად იყო სტეფანეს დასახმარებლად, რადგან მას ეს სჭირდებოდა. ცხადია, ეს გამაძლიერებელი იყო სტეფანესათვის. მაცხოვარი ამ შემთხვევაში განასახიერებს მსაჯულს, რომელიც უყურებს ერთდროულად უმიზეზოდ დასჯილ წმიდა სტეფანესა და მის დამსჯელებსაც.
როდესაც სტეფანემ თქვა: „აჰა, ესერა ვხედავ ცათა განხმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა" (7,56), მათ ღვთის გმობად მიიღეს ეს სიტყვები, მათ არც კი აუხედავთ ზეცისაკენ, არამედ „ხმითა მაღლითა ღაღადყვეს და ხელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა" (7.57). სტეფანეს, ვითარცა მგმობარს, ეცნენ ყურებზე ხელის დაცობით. მათ გული და გონება გაუქვავდათ, შეიძლება ქვა უფრო თბილი იყოს, ვიდრე მათი გულები, რადგან ქვა ჩვეულებრივი ტემპერატურით თბება, ხოლო ებრაელების გული ყოვლის გამთბობმა უფალმაც ვერ გაათბო.
სტეფანე „განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკვლელნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერხთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე’’ (7.58). ეს ყველაფერი იერუსალიმში ხდებოდა. ის მაცხოვრის მსგავსად ქალაქგარეთ გაყავთ მოსაკლავად. სტეფანე ქვებით ჩაქოლეს. მისი სახე იმდენად იყო განათებული, რომ ქრისტიანები ნეტარებით უყურებდნენ. ხოლო მტრები პატივიცემით განიმსჭვალებოდნენ მის მიმართ.
სტეფანეს ჩაქოლვა იყო ფანატიკოსთა თვითნებური გამძვინვარება, რომლებიც მხარდაჭერას გრძნობდნენ სინედრიონისაგან, რომელიც შეიძლება აქეზებდა კიდეც მათ.
კანონის თანახმად, მოწმეებს მათ მიერ დადანაშაულებული ადამიანისათვის ქვა პირველებს უნდა დაეკრათ. ისინი ფართე აღმოსავლურ სამოსს იხდიდნენ ხოლმე, ქვის სროლაში ხელი რომ არ შეეშალათ და ამ სამოსს „დასდებდეს ფერხთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე", ეს ის სავლეა, რომელიც შემდგომში პავლე ხდება. ის იყო სინედრიონის წარმომადგენელი, მაგრამ არა სინედრიონის წევრი, რადგან იყო ჭაბუკი (28 წლის), სინედრიონის წევრად გახდომა კი 30 წლის ასაკში შეიძლებოდა.
როდესაც სტეფანემ ხალხის შფოთი იხილა, ლოცვა დაიწყო. გვემულმა სტეფანემ ორნაირი ლოცვა აღუვლინა ღმერთს - თავის თავსა და თავის მკვლელებზე. ეს გავს ჯვარცმული მაცხოვრის ლოცვას ზეციური მამის წინაშე.
სტეფანე ჯერ თავისი თავისთვის ლოცულობს: „უფალო, იესო ქრიტე, შეივედრე სული ჩემი" (7.59), სტეფანემ ამ ლოცვით ცხადყო, რომ ძველად, როდესაც ყველა ადამიანის სული, მათ შორის მართლებისაც ჯოჯოხეთში მიდიოდა, ახლა დამთავრდა ეს, რადგან მართალნი ღმერთთან მიდიან, რადგან ის ამბობს: „ხელთა შენთა შევვედრებ, უფალო, სულსა ჩემსა".
ამის შემდეგ სტეფანემ „დაიდგინა მუხლნი და ხმითა დიდითა თქუა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას" (7.60). სტეფანეს ლოცვამ სავლეს შემთხვევაში შედეგი გამოიღო. სტეფანემ საღვთო მცნება აღასრულა და ქრისტეს მსგავსად თავისი მკვლელებისთვის ილოცა, „და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (7.60). საქმეთა აღმწერი მარტვილის (მოწამის) აღსრულებას ძილს უწოდებს.
ამ დღიდან დაიწყო ქრისტიანთა დევნა, ამ დღეს ეწამა წმინდა დიაკონი ნიკანორა და 2 ათასი მორწმუნე.
წინა - სარჩევი - შემდეგი