წმიდა მოწამენი მწუხარებით აღივსნენ პირველმოწამის ტანჯვით აღსრულების გამო, მაგრამ მათ შეიმეცნეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო დევნა-შევიწროვებისა. სტეფანეს მკვლელობა ერთეულ შემთხვევად არ დარჩენილა, ეს გახდა დასაწყისი იერუსალიმში ეკლესიის დიდი დევნისა. საეკლესიო გარდამოცემა მოგვითხრობს ქრისტიანთა წამების შესახებ. მათი ასეთი შეჭირვება სახარების ქადაგების დასაბამი გახდა.
პირველმოწამე სტეფანეს სისხლმა არათუ ვერ დააცხრო მრისხანება ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ სულ უფრო გაამძაფრა იგი. ამან ვერც სახარების ქადაგების გავრცელება ვერ შეაჩერა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად გავრცელდა იგი.
სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ ებრაელებმა ბოლომდე გამოავლინეს თავიანთი კლანჭები ქრისტიანთა მიმართ, სტეფანეს ჩაქოლვამ ისინი დააბრმავა და მათ მორწმუნეთა გინება და შეურაცხყოფა დაიწყეს.
წმიდა წერილი ასახელებს სავლეს, რომელიც წამქეზებელი, ხელის შემწყობი იყო სტეფანეს ჩაქოლვისა (8.1), სავლე და სტეფანე ნათესავები იყვნენ (დეიდაშვილები ან სტეფანე სავლეს დისშვილი გახლდათ).
ებრაელმა ზილოტებმა (მოშურნეებმა) თავიანთი თვალით იხილეს მოციქულთა მიერ აღსრულებული სასწაულები, მაგრამ არ მიიღეს ის და თქვეს, რომ ეხლა თუ არ შევაჩერებთ მათ, რომლებიც ქადაგებენ ღმერთისა და მოსეს წინააღმდეგ, ჩამოაყალიბებენ ახალ რელიგიას და ჩვენ დავიჩრდილებით.
„იყო მას დღესა შინა დევნულებაი დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალემს და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაისასა, თვინიერ ხოლო მოციქულთა“ (8.2). მოციქულების გარდა ყველა იუდეისა და სამარიის ქალაქებში გაიხიზნა. მოციქულები წმინდა ქალაქს ისე უყურებდნენ, როგორც ამ ქვეყნად ღვთის ახალი სასუფევლის გულისგულს, ამიტომ თავიანთ თავს იერუსალიმის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. ეკლესიის დიდი დევნა სწორედ იერუსალიმიდან დაიწყო.
„და შემოსეს სტეფანე კაცთა ღმრთის მოშიშთა და ყუეს ტყუებაი დიდი მის ზედა“ (8.3). როგორც ჩანს, ქრისტიანებმა სტეფანე ვერ დაკრძალეს, ისინი ამას ვერც მოახერხებდნენ, არამედ იგი დაკრძალეს „კაცთა ღმრთისმოშიშთა“, ანუ იმ იუდეველებმა, რომლებიც ქრისტიანებს თანაუგრძნობდნენ და ეყოთ გამბედაობა ამ წმინდა საქმის აღსასრულებლად.
საქმეთა აღმწერი, წმიდა ლუკა მახარებელი, ამ ღვთისმოშიშ კაცებს ქრისტიანობის ფანატიკოს მდევნელებს უპირისპირებს. „ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (8.4). სავლე კარდაკარ დაძრწოდა და ქრისტიანებს, ქალებსა თუ კაცებს, საპყრობილეში მიათრევდა. როგორც ჩანს, სავლე სინედრიონის იარაღს წარმოადგენდა, ანუ ის უფლებამოსილი იყო, ასე ემოქმედა. ამას იგი თავად აღიარებს: „რამეთუ გესმინა თქუენ ოდენ სლვაი ჩემი ჰურიაებსა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვსტყუევნიდი მათ“ (გალატელთა 1.13).
წინა - სარჩევი - შემდეგი