მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ფილიპე დიაკონი სამარიაში, სიმონ მოგვის მონათვლა (8.5-13)


 

 

ქრისტეს მტერთა გაბოროტების შედეგად, ქრისტეს რჯულს კიდევ უფრო ფართო გავრცელება მოყვა, გაბნეული ქრისტიანები ქრისტეს მოძღვრების თესლს ყველგან ავრცელებდნენ. „რომელნი იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა“ (8.5.) ღვთის სიტყვა იერუსალიმის გარეთაც გავრცელდა. როგორც „საქმე მოციქულთას“ 11.19-დან ჩანს მათ ფინიკიას, კვიპროსსა და ანტიოქიას მიაღწიეს.

ლუკა მახარებელი უპირველესად ფილიპე დიაკონის ქადაგების შედეგად სამარიის მცხოვრებთა გაქრისტიანებაზე მოგვითხრობს. „ფილიპე შთავიდა ქალაქსა მას სამარიტელთასა და უქადაგებდა მათ ქრისტესა“ (8.6). ვინ იყო ფილიპე, დიაკონი თუ მოციქული? ფილიპე იყო შვიდ დიაკონთაგან, რადგან 8.2. მუხლის მიხედვით მოციქულებს იერუსალიმი არ დაუტოვებიათ. ვარაუდობენ, რომ მან იქადაგა სამარიის მთავარ ქალაქში, რომელსაც ჰეროდემ შემდგომში სახელი შეუცვალა და სევასტოპოლი უწოდა.

„და ერჩდა ერი იგი სიტყვათა მათ ფილიპესთა ერთბამად სმენად მათდა ხილვად სასწაულებსა მას, რომელსა იქმოდა, რამეთუ მრავალთა, რომელთა თანა იყო სულები არაწმიდები, ღაღადებედ ხმითა მაღლითა და განვიდიან. და მრავალნი განრღუეულნი და მკელობელნი განიკურნებოდეს და იყო სიხარული დიდი ქალაქსა მას შინა“ (8.7-9.). ერჩდა ნიშნავს, ემორჩილებოდა. ფილიპემ დაუტევა თავისი საქმე (ტაბლის, ქონების განაწილება), სამარიაში გადავიდა და უფრო აღმატებული საქმიანობა, ქადაგება ანუ მოციქულობა დაიწყო. ის განაგდებდა არაწმინდა სულებს. იკურნებოდნენ განრღვეულნი და მკელობლები, ხალხმაც მიიღო მისი ქადაგება და სწორედ ამიტომ „იყო სიხარული დიდი ქალაქსა შინა“ (8.9.) - აღნიშნავს ავტორი.

წმინდა წერილი თხრობას იწყებს სიმონ მოგვის შესახებ, რომელიც ქალაქში მისნობით გახლდათ ცნობილი. ის არ ყოფილა მოგვი კარგი გაგებით, როგორებიც იყვნენ მოგვები, რომლებმაც ახალშობილ მაცხოვარს თაყვანი სცეს, არამედ ის იყო ჯადოქარი.

„კაცი ვინმე იყო, რომელსაც სახელი ერქუა სიმონ, წინაითვე იყო ქალაქსა მას შინა, ჰრგძნებდა და განაკვირვებდა ნათსავსა მას სამარიტელთასა, რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირითგან ვიდრე დიდადმდე, და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაი დიდი “ (8.10-11.). სიმონი აღიარებული იყო ღვთის კაცად, თუმცა ეს მანამ გაგრძელდა, სანამ იქ პეტრე მოციქული ჩავიდოდა. ხალხიც „ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განიკვირვნეს იგინი“ (8.12.), ანუ ხალხი ემორჩილებოდა მას, რადგან უამრავი „სასწაულებით“ განაკვირვებდა მათ. ის ჰაერშიც კი იწეოდა.

„და რაჟამს ჰრწმენა ფილიპესი სახარებაი სასუფეველისათვის ღმრთისა და სახელისათვის იესუ ქრისტესისა, ნათელს-იღებდეს მამანი და დედანი “ (8.13.). ფილიპეს ქადაგების ძალა და მის მიერ აღვლენილი სასწაულები იმდენად განსაცვიფრებელი გახლდათ, რომ სიმონის „მრევლმა“ ქრისტე ირწმუნა და ფილიპესკენ წამოვიდა. ფილიპეც ნათლავდა ანუ მღვდელმოქმედებას აღასრულებდა. თუ სად და როდის დაასხეს მას ხელი მღვდლად, ეს არ არის ტექსტში აღნიშნული.

„და სიმონსაცა თვით ჰრწმენავე და ნათელ-იღო, და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა და ჰხედვიდა სასწაულებსა და ძალთა დიდთა, რომელნი იგი იქმნებოდეს და დაუკვირდებოდა“ (8.14.). ფილიპემ სიმონი თავისი რწმენის საფუძველზე მონათლა, რადგან წერია, რომ სიმონს „ჰრწმენავე და ნათელ-იღო“, რა ირწმუნა სიმონმა? სიმონმა სიტყვიერად აღიარა, რომ ქრისტე ღმერთია, რაც საკმარისი აღმოჩნდა ნათლობისთვის. სიმონმა ფორმალურად აღიარა ქრისტე, რადგან მას სურდა აღესრულებინა ისეთივე სასწაულები, რომელსაც იქმოდა ფილიპე, რომ ხალხში კიდე უფრო მეტად გაეთქვა სახელი და მეტი გავლენა მოეპოვებინა.



წინა - სარჩევი - შემდეგი