მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პეტრე და იოანე სამარიაში. სიმონ მოგვის ამბავი (8.15-25)


 

 

სამარიელების მონათვლა მით უფრო ღირსშესანიშნავი მოვლენა გახლდათ, ესენი იყვნენ პირველი ხალხი, რომლებიც ებრაელთა შუამავლობის გარეშე გაქრისტიანდნენ, თანაც ბერძენი მქადაგებლების მიერ. მოციქულებმა ეს იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, რომ მათთან პეტრე და იოანე მოციქულები მყისვე გააგზავნეს (8.15.), პეტრე ამ დროისთვის სხვა მოციქულთა თანასწორია, ის არ არის თავი მოციქულთა. ისინი აუცილებლად თვლიან დავალების შესრულებას, რომელიც მათ მოციქულთა კრებულმა დაავალა, რომლის ცალკეულ წევრებს თანაბარი უფლებები აქვთ. პეტრე და იოანე „ვითარცა მოვიდეს, ლოცვა-ჰყვეს მათთვის, რაითა მიიღონ სული წმიდაი , რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაი, გარნა ბანილ ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუისითა, მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაი“ (8.16-18.).

1. ხელდასხმა ამ შემთხვევაში მეორე საიდუმლოა, რომელსაც მირონცხებით ასრულებდნენ და რომელსაც ფილიპე ვერ აღასრულებდა, რადგან მხოლოდ დიაკონი გახლდათ.

2. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „განა ფილიპეს არ შეეძლო სულიწმინდის მიცემა, მაგრამ ჯერ არ იყვნენ ისინი ამისთვის მზად. ამასთან ერთად ფილიპე დაელოდა მოციქულებს და ამით პატივისცემა გამოხატა მათდამი, ხოლო როცა ისინი მივიდნენ, მათთან ერთად ისიც ხელის დადებით მისცემდა მის მიერ ნათელღებულთ სულიწმინდას. თუმცა, მადლი ბრალთა მიტევებისა მიღებული ჰქონდათ ნათლისღებისთანავე, ხოლო ეს სულის მიცემა კურნებისა და სასწაულთმოქმედების ძალას ანიჭებდა მათ.

3. პეტრე და იოანე სამარიაში ჩამოდიან, რათა გაამხნევონ და ხელი შეუწყონ ფილიპეს ქადაგებაში.

4. მოციქულები განაგრძობენ ფილიპეს მიერ დაწყებულ კეთილ საქმეს, რომ ახალ ნათელღებულთათვის მიენიჭებინათ სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭი.

5. ფილიპეს, როგორც წმინდანს, შეეძლო ახალ ნათელღებულებისათვის სულიწმინდის მადლის ბოძება, მაგრამ არ გააკეთა, რადგან უპირატესი მოციქულების მიმართ სიყვარული და სიმდაბლე გამოიჩინა.

6. პეტრე და იოანე იმიტომ ჩავიდნენ სამარიაში, რომ მონათლულებისათვის სული წმინდა გარდამოევლინათ, შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ფილიპეს ეს არ შეეძლო. რომ შეძლებოდა, მაშინ მოციქულები არ ჩავიდოდნენ. ფილიპეს ნათლობა იყო იოანესეული ან სულიწმინდისეული.

7. ფილიპეს ნათლობა იოანეს ნათლობის მსგავსი იყო. პეტრე და იოანე ღვთისმეტყველი იმიტომ ჩამოდიან, რომ ნათლობისას სულიწმინდის მადლი გადასცეს მათ.

8. ფილიპემ ვინც მონათლა, ის მონათლა წყლით. ფილიპე იყო მატარებელი სულიწმინდის მადლისა, მან გადასცა ნათლღებულებს ეს მადლი და იგი გახდა ცოდვათა მიმტევებელი. ფილიპემ და იოანემ კი იმათ დაასხეს ხელი, რომელთაც ქადაგება შეეძლოთ.

9. პეტრემ და იოანემ ყველას დაასხეს ხელი, მათგან ნაწილი მღვდლობისთვის განწესდა, ნაწილი კი რწმენაში განმტკიცდა.

„ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ხელთ-დასხმითა მით მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმინდაი, მიუპყრა მათ ფასი“ (8.20.) ეჭვგარეშეა, სულიწმინდის მიღებას გარეგნული, ხილული ნიშნები სდევდა თან, რაც იხილა სიმონ მოგვმა. აქედან ცხადია, რომ სიმონი თუმცა მოინათლა, მაგრამ სულიწმინდის მიღების ღირსი არ გამხდარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საქციელი აუხსნელი იქნებოდა. მისი სული ვერ გაიწმინდა დიდებისმოყვარეობისაგან, ხედავდა რა თუ როგორ მოქმედებდა სულიწმინდა სხვებზე, აღარ დაელოდა თავის რიგს და სასწრაფოდ სთხოვა მოციქულებს, მისთვის არა მხოლოდ სულიწმინდის ნიჭი მიეცათ, არამედ ძალაუფლებაც, თავადაც რომ გარდამოეყვანა სულიწმინდა სხვებზე (8.20.). ამ თხოვნაში მოგვის ნამდვილი სახე მისდა უნებურად განცხადდა, მას უნდოდა ამ გზით თავისი მაგიური ძალა კიდევ უფრო მეტად განემტკიცებინა. ფულის შეთავაზებით მან თავისი თავი გასცა, აშკარა გახდა, რომ ის ისეთი ადამიანია, რომელიც ანგარებითა და ბილწი ზრახვებით ხელმძღვანელობს. „მაშ, როგორ მოინათლა იგი? - კითხულობს წმიდა იოანე ოქროპირი და თავადვე პასუხობს, ისევე როგორც ქრისტემ გამოირჩია იუდა, ეს საღვთო განგებულებაა და ადამიანი ვერ ჩასწვდება მას.

„ჰრქუა მას პეტრე: ვერცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასისა მოპოვნებად“ (8.21.). ეს გამოთქმა უნდა გავიგოთ, როგორც მითითება სიმონის ზნეობრივი მდგომარეობის დამღუპველობაზე და მონანიებისაკენ მოწოდება. პეტრე მოციქული განაგრძობს: „არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკვიდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა“ (8.22.), სიმონ მოგვის ცოდვა იმდენად დიდია, რომ პეტრე მას მიტევებას არ ჰპირდება, არამედ ვარაუდის სახით ბრძანებს: „შეინანე უკუე უკეთურებისა ამის შენისა და ევედრე უფალსა მი-ხოლო-თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაი ეგე გულისა შენისაი“ (8.23.). პეტრე მოციქული კერძო სამსჯავროს უმართავს სიმონს. ეს ცოდვა განსაკუთრებულად ღრმა და გულწრფელ სინანულს მოითხოვს, მაგრამ რადგან პეტრე ხედავდა, რომ სიმონს ამის უნარი არ ჰქონდა, უთხრა: „რამეთუ სიმწარედ ნაღვლისა და თანაშეკრულ ცოდვისა გხედავ შენ, რამეთუ ხარ“ (8.24.), სიმონი მწარე ნაღველით მოწამლული იყო, პეტრეს სიტყვების გამო შეშინებულმა კი უთხრა მათ: „ილოცეთ თქუენ ჩემთვის უფლისა მიმართ, რაჲთა არა მოვიდეს ჩემზედა რაი-იგი თქუენ სთქუთ“ (8.25.). სიმონს არ უნდა, თავი შეიწუხოს, ამიტომ პეტრეს სთხოვს ლოცვას. მისი თხოვნაც კი არ არის წმინდა. პარალელი შეიძლება გავავლოთ „გამოსვლათა “ წიგნთან:

„და დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რათა მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს“ (გამოსვლა 8.8).

„ახლა კი მომიტევეთ ჩემი ცოდვა ამ ერთხელაც და შეევედრეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომ ამარიდოს ეს სიკვდილი“ (გამოსვლა 10.17). ფარაონსაც და მოგვსაც სიკვდილის ეშინია.

საეკლესიო გარდამოცემა წარმოგვიდგენს მოგვს, როგორც ქრისტიანობის ერთ-ერთ უბოროტეს მტერსა და ყველა გნოსტიკურ-ფილოსოფიური მწვალებლობების მამამთავარს. მოგვიანებით იგი რომში გამოჩნდა და მოციქულ პავლეს დაუძინებელ მტრად ევლინება. პავლეს ლოცვით ის მდინარე ტიბრში დაინთქა, როცა ჰაერში ასვლასა და მდინარის თავზე გადაფრენას ლამობდა. მისმა ცოდვამ ეკლესიის ისტორიაში სიმონის სახელი მიიღო, რაც ღვთის მადლის, ანდა სამღვდელო წოდების ფულით ყიდვას გულისხმობს.

პეტრე და იოანე მოციქულებმა ქრისტეს რწმენაზე მოქცეული სამარიელები ქადაგებით განამტკიცეს და შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდნენ, გზადაგზა ჩერდებოდნენ და ქადაგებდნენ.



წინა - სარჩევი - შემდეგი