სამარიის მოქცევის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, კერძოდ „ჰინდოელი“ (ეთიოპიელი) დიდებულის გაქრისტიანება, რომელიც კარიბჭის პროზელიტი ანუ წარმართი გახლდათ. მან მიიღო იუდეველობა, მაგრამ ჯერ არ იყო წინადაცვეთილი.
„ანგელოზი უფლისაი ეტყოდა ფილიპეს და ჰრქუა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალემით გაზად, ესე არს უდაბნოი“ (8.27.) როგორც 8.26 მუხლიდან ჩანს, პეტრე და იოანე (მათთან ერთად შეიძლება იყოს ფილიპე, თუმცა ტექსტის თანახმად ის რჩება იერუსალიმში) ბრუნდებიან იერუსალიმში.
სად აქვს ფილიპეს გამოცხადება? ან კიდევ, რომელ ფილიპეს ეცხადება, 7 დიაკონთაგანს თუ 12 მოციქულთაგანს?
1. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს; „ეს ფილიპე სავარაუდოდ თორმეტთაგანია, რადგან იერუსალიმიდან გაიგზავნა, სადაც იყო თორმეტი მოციქული და მისი ნათლისცემის დროს მყისვე გარდამოვიდა სულიწმინდა.
2. ფიქრობენ, რომ გამოცხადებას ადგილი ჰქონდა იერუსალიმში და შესაბამისად ეს ფილიპე თორმეტ მოციქულთაგანია, რადგან მას არ დაუტოვებია იერუსალიმი.
3. ფიქრობენ, რომ გამოცხადებას ადგილი ჰქონდა სამარიაში. ფილიპეს მიერ ეთიოპელი საჭურისის მოქცევა უშუალოდ მოსდევს მის სამარიაში მოღვაწეობას.
4. ანგელოზი უფლისა ფილიპეს ეუბნება, რომ გავიდეს იერუსალიმიდან სამხრეთ ღაზისაკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც უდაბნო ეწოდება. წმინდა იოანე ოქროპირის თანახმად, იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზაზე გასვლა, მხოლოდ სამარიიდან შეიძლებოდა, სხვა გზით ეს შეუძლებელია.
ფილიპე „აღდგა და წარვიდა, და აჰა ესე რა კაცი ჰინდოი, საჭურისი, ძლიერი კანდაკისი, დედოფლისა მის ჰინდოეთისაი, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი იგი მოსრულ-იყო თაყუანის-ცემად იერუსალემდ და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინაისწარმეტყუელისასა“ (8.28-29). ფილიპე მაშინვე ემორჩილება გამოცხადებას.
ჰინდო იგივე ეთიოპიაა. ეთიოპია არის ორი: ერთი მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთით, ხოლო მეორე გახლავთ არაბეთში, ქანაანის აღმოსავლეთით. ეთიოპელები წარმართი შავკანიანები იყვნენ.
კანდაკი გახლავთ ეთიოპიის მმართველი დედოფლის ტიტული, როგორც მაგ: ეგვიპტისა ფარაონია.
საჭურისი არისტოკრატი იყო, განაგებდა სახელმწიფო ქონებასა და ფინანსებს. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ის გახლავთ ფინანსთა მინისტრი. იგი იწოდება საჭურისად. არსებობს საჭურისის ორი სახე: ხორცით საჭურისი და მსახურებითი საჭურისი. ხორცით დასაჭურისებულს ირჩევდნენ ჰარამხანის ზედამხედველად, მაგრამ შემდგომში უკვე ეს წესი იცვლება. რომც არ ყოფილიყო საჭურისი, ის მაინც საჭურისად ითვლებოდა, ანუ ეს არის უკვე მსახურებითი საჭურისი.
საჭურისი იერუსალიმში მოდის თაყვანის საცემლად. რატომ?
1. მან მიიღო იუდაური სჯული, წინადაიცვითა და ამ გზით ებრაელი საზოგადოებისა თუ ტაძრის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
2. ის იყო წარმოშობით წარმართი, რატომღაც მიიღო იუდაური სჯული, მაგრამ ჯერ არ იყო წინადაცვეთილი, ამიტომ არ იყო ებრაელთა შორის სრულუფლებიანი. ის იერუსალმში ჩადის, როგორც პროზელიტი და დგება ტაძრის სტოაში, საიდანაც ისმენს ღვთის სიტყვას. ეს გახლავთ მსახურებითი საჭურისი და არა ხორცით საჭურისი.
3. ის არ შეიძლება, ხორციელი საჭურისი ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა ებრაელთა სრულუფლებიანი წევრი და ლოცვას ვერ დაესწრებოდა, რადგან სინაგოგის სრულუფლებიანი წევრიც არ იქნებოდა.
შეხვდა თუ არა საჭურისი მოციქულებს?
1. იერუსალიმში საჭურისს არ უნახავს მოციქულები, ამისი სურვილიც კი არ ჰქონია.
2. მან მოუსმინა მოციქულებს, მაგრამ ამას შედეგი არ მოყოლია.
საჭურისი ეტლში კითხულობდა ესაიას წინასწარმეტყველებას. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „იხილეთ ამ კაცის სათნოება, რადგან ამხელა თანამდებობის პირი, რომელსაც უამრავი საქმე ექნებოდა, იერუსალიმში მისული იყო თაყვანის-საცემლად უბრალო ჟამს, რადგან არ ყოფილა რაიმე დღესასწაული. ის მგზავრობის დროსაც არ ისვენებს და კითხულობს არა რაიმე ლიტონს, არამედ ესაიას წინასწარმეტყველებას. შეიძლება, ის ყველაფერს ვერ იგებდა, მაგრამ სარწმუნოებით კითხულობდა (ამიტომ მისი რწმენისაებრ მოუგო მას უფალმა)“. ეთიოპიელი კაცის სახელი გახლავთ ინდიხი.
„ჰრქუა სულმან წმინდამან ფილიპეს: „მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ“ (8.30), ფილიპე დაემორჩილა ანგელოზის ბრძანებას და „მივიდა და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინაისწარმეტყუელისასა და ჰრქუა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ?“ (8.31). ფილიპეს გზად ეტლით მიმავალი დიდებული შემოხვდა, რომელიც ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა. რა ენაზე კითხულობდა იგი წიგნს? სავარაუდოდ ებრაულ ან ბერძნულ ენაზე 70 მთარგმნელის მიერ შესრულებულ თარგმანს, რომელსაც სეპტუაგინტა ეწოდება. შეიძლება ძველ ბერძნულ ენაზე კითხულობდა, რადგან მაშინ ძველი ბერძნული საერთაშორისო ენა იყო.
ფილიპე საჭურისს ეკითხება, თუ გესმის ის, რასაც კითხულობ? ხოლო მან ბავშვური სიმდაბლით აღიარა, რომ არ ესმის. „ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღუარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსვლად და დაჯდომად მის თანა“ (8.32). ეს არის სექტანტების მამხილებელი მუხლი, რომლებიც ამბობენ, რომ წინამძღვრის ანუ მოძღვრის გარეშეც გახლავთ შესაძლებელი წმინდა წერილის განმარტება და მიღება. აქ ასევე გამოჩნდა ეთიოპიელის სიმდაბლეც, რადგან იგი ითხოვს მასწავლებელს, ხოლო ამპარტავანი თავად უწყებს სხვას მოძღვრებას.
„ხოლო თავი საკითხავისაი მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაი მისი“ (8.33-34). საჭურისი კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველის წიგნის ორმოცდამეცამეტე თავს, სადაც არის წინასწარმეტყველება მაცხოვრის ჯვარცმაზე.
„მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ ვისთვის იტყვის წინაისწარმეტყუელი ამას, თავისა თვისისათვის ანუ სხვისა ვისთვისმე“ (8.35) ფილიპემ საჭურისს ქრისტეს შესახებ ახარა. „აღაღო პირი თვისი ფილიპე და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნათაგან იესუისთვის. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა და ჰრქუა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაი-ღა ყენება არს ჩემდა ნათლისღებად?“ (8.37). ქადაგება ქრისტეს შესახებ ისეთი წარმატებული გახდა, რომ როდესაც წყაროს მიუახლოვდნენ, საჭურისმა ფილიპეს მონათვლა სთხოვა. ფილიპემ უთხრა საჭურისს: „გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს? მიუგო და ჰრქუა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაი არს იესუ ქრისტე“ (8.38). ფილიპემ მხოლოდ ერთი რამ მოითხოვა მისგან-მთელი გულით რწმენა-და როდესაც მან იესო ქრისტე ძე ღვთისად აღიარა, „უბრძანა დადგინებაი ეტლთა მათ და შთახდნეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი და ნათელ სცა მას“ (8.39). ფილიპეს ნათლობისათვის ჭურჭელი არ ჰქონდა მომზადებული, მან არ იცოდა, რომ საჭურისი უნდა მოენათლა, ამიტომ იგი მას ნათლავს წყალში, სადაც ორივენი ჩავიდნენ. სავარაუდოდ წელამდე წყალში.
„და ვითარცა აღმოხდეს წყლით სული წმინდაი მოვიდა საჭურისსა მას ზედა და სულმა უფლისამან წარიტაცა ფილიპე, და მერმე არღარა იხილა საჭურისმან მან და ვიდოდა გზასა თვისსა სიხარულით“ (8.40). სულიწმინდა ყოველგვარი შუამდგომლობის გარეშე გარდამოვიდა საჭურისზე, იგი თავისი სარწმუნოების მიხედვით მყისვე აღივსო სული წმინდით. რაც შეეხება ფილიპეს, იგი ღვთის ანგელოზის მიერ მყისვე იქნა აღტაცებული, რადგან საჭურისი მას აღარ მოეშვებოდა და აიძულებდა თან წაჰყოლოდა და დამწუხრდებოდა, თუკი უარს მიიღებდა. გარდა ამისა საჭურისი ამით მიხვდა, რომ ის არ იყო უბრალო კაცი.
„და ფილიპე იპოვა აზოტით კერძო (8.41) ანუ ფილიპე აზოტში აღმოჩნდა, სადაც განაგრძო ქადაგება. „მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსვლადმდე მისა კესარიად“ (8.41). საეკლესიო გარდამოცემამ შემოგვინახა ცნობები საჭურისის შემდგომი ბედის შესახებ. იგი თავის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ იქ სახარების პირველი მქადაგებელი გამხდარა. ქრისტეს რჯულზე მრავალი მოაქცია, მათ შორის თავისი დედოფალიც, რომელიც თვითონვე მოუნათლავს. იგი მოწამეობრივად აღესრულა.
საინტერესოა, რატომ არ იხილა საჭურისმა ფილიპე იერუსალიმში, არამედ გზად მიმავალმა? წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „იმიტომ, რომ ჯერ არ ჰქონდა ისეთი სრული სარწმუნოება, რომ დევნილი და გვემული ეხილა მოციქულები და ამით არ დაბრკოლებულიყო“.
წინა - სარჩევი - შემდეგი