ამ თავში გადმოცემულია სავლეს მოქცევისა და მონათვლის შესახებ. ამის შესახებ ლუკა მახარებელს თავად პავლე მოციქულმა მოუყვა და ლუკამ იგი ჩაწერა. ეს ისტორია კიდევ ერთხელ არის გადმოცემული ოცდამეორე და ოცდამეექვსე თავებში.
პავლე მოციქული მცირე აზიაში, კილიკიის ტარსუში დაიბადა (თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე), ოცდამეორე თავში თავად ამბობს ამის შესახებ. იმ დროისათვის კილიკია რომის იმპერიაში შედიოდა. ის იწოდება ელინისტად და მისი სამეტყველო ენა გახლდათ სირიულ-ქალდეური. მან კარგად იცოდა ებრაულიც, რადგან მისი მშობლები ებრაელები იყვნენ. პავლემ იცოდა არამეული ენაც, რომლითაც სახლში საუბრობდნენ, და ასევე ბერძნულიც, რომელიც საკომუნიკაციო საშუალება იყო ტარსუელებისათვის. ვინც კი შეისწავლა ცხოვრება მოციქულისა, ასკვნიან, რომ მას ძლიერ უყვარდა ბერძნული კულტურა, თუმცა მოქცევის შემდეგ მისთვის მთავარი მიზანი ქრისტეს სიყვარული იყო და მასზე ქადაგებას უთმობდა დღეებს, თვეებსა თუ წლებს.
პავლე მოციქულის დაბადებასთან დაკავშირებით ზუსტი ცნობა არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ ის ქრისტეს შობიდან მეექვსე ან მეშვიდე წელს დაიბადა. მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ნერონის დროს 60 წლის ასაკში, ანუ ქრისტეს შობიდან სამოცდაშვიდ წელს.
პავლე მოციქული გახლდათ რომის მოქალაქე, რაც ძალზედ იშვიათია იტალიის ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ მცხოვრებთათვის. რომის მოქალაქედ ითვლებოდნენ რომში მცხოვრებნი, ანუ ადგილობრივნი, პავლეს კი რომში არ უცხოვრია. თავისმა მამამ, როგორც ჩანს, ორი მიზეზის გამი მიიღო რომის მოქალაქეობის სტატუსი.
1. მას დამსახურება ქონდა კეისრის წინაშე.
2. შესაძლოა, მან გარკვეული საფასური გადაიხადა და ისე შეიძინა რომის მოქალაქეობა, ხოლო პავლემ ის მემკვიდრეობით მიიღო.
მოციქული პავლე გახლავთ ბენიამინის ტომიდან. ის თავდაპირველად განათლებას იღებს ტარსუში, შემდეგ კი გადადის ათენში, სადაც სწავლობს ანტიკურ ფილოსოფიასა და კულტურას. შემდეგ ის მიემგზავრება იერუსალიმში, სადაც გაიცნობს იუდაურ მოძღვრებას. ის ამ დროს იყო იუდეველ ფარისეველთა მწვალებლობის წარმომადგენელი. ემოწაფება ცნობილ სჯულის მოძღვარს, გამალიელს (გადმოცემით, სწორედ აქ გაიცნო პავლემ იოსები, იგივე იოსტოსი, ანუ ნუგეშის ძე), რომელიც გადმოცემით სვიმეონ ღვთისმეტყველის მამა გახლდათ. რაბინობა სურდა პავლესაც.
სავლე როცა მოექცა, დაახლოებით 27-30 წლისა იქნებოდა, რადგან მისი მოქცევის წლებად 34-37 წლებია მიღებული. წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად „პავლე მოექცა ქრისტეს აღდგომიდან ერთი წლის შემდეგ. თუ სავლე მოექცა 34-35 წლებში, ის ამ დროისათვის 27-28 წლისაა. თუ 37-ს მივიღებთ, მაშინ ის ყოფილა 30 წლის. სტეფანეს ჩაქოლვისას პავლეს შესახებ წერია, რომ იყო „ჭაბუკი“, რაც მეტყველებს, რომ იგი არ ყოფილა სინედრიონის წევრი.
იყო თუ არა დაოჯახებული? იუდეველი კომენტატორები ამბობენ, რომ პავლე მოციქული იერუსალიმში ყოფნის ჟამს დაქორწინდა. რაბინისათვის ცოლი აუცილებელი იყო, თუმცა პავლეს ცოლი რომ ყოლოდა, ამას თავის ეპისტოლეებში მიუთითებდა, როცა იგი ოჯახის სიწმინდეს ეხება. იგი ცოლსაც და ქმარსაც უკრძალავს ერთმანეთის მიტოვებას. მოციქული პავლე სამგზის მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესია იმ საქმის მსახურნი დარჩნენ, რისკენაც უფალმა მოუწოდა.
ამდენად, სავლეს პიროვნებაში თავმოყრილია ყოველივე საუკეთესო, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა იმ დროინდელ ახალგაზრდას. ამავდროულად მას ისეთი თვისებებიც ჰქონდა, რომლის მოცემაც არცერთ ცივილიზციას არ ძალუძს. ჭეშმარიტებისაკენ ლტოლვა და სულიერი სიწმინდე, ეს ადამიანის გულის საიდუმლოა ღმერთთან მიმართებით.
პავლე მოქცევამდე მსგავსი იყო იმ ფიცრისა, რომელიც დედაზარდლის ქსელით არის დაფარული. იპოვა რა მეუფემან, განწმინდა მისი გული და კაცობრიობის სამაგალითოდ წარმოაჩინა. ოქროპირი წერს: „სახილველ ყოფად ანგელოზთა და კაცთა“.
მეცხრე თავის პირველი მუხლი გვაუწყებს იერუსალიმიდან დამასკომდე პავლეს მოგზაურობას. ის სდევნიდა ქრისტიანებს, როგორც მწვალებლებსა და სექტანტებს. ეს ახალგაზრდა ფარისეველი ჯერ 30 წლისაც არ არის. იმ მღელვარებით აღსავსე ეპოქაში, როცა ვინმე ნაზარეველი იესოს მოწაფეები „შფოთსა“ და „არეულობას“ თესავენ ხალხში, იგი თავგამოდებით იცავს წინაპართა სჯულს. „ხოლო სავლე უფროისად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუხდა მღვდელთმოძღუარსა მას და ითხოა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღვრებისა გზასა, მამები ანუ დედები კრულნი მიიყვანნეს იერუსალემდ“ (9.1-2).
სამარიაში ქრისტიანობის გავრცელებითა და პროზელიტი საჭურისის მონათვლით იუდეველების ფარგლებს გარეთ სახარების ქადაგებას სათავე დაედო. პავლე ფარისეველთა კურთხევით დამასკოში მიემგზავრება, რომ იქ ქრისტიანები ამოხოცოს. პავლე არ დაკმაყოფილდა იერუსალიმით და ქრისტიანთა გაავებულ დევნას იუდაურ სამყაროს გარეთ განაგრძობს. ცხადია, წარმართების ასეთი გულმოდგინება, ანუ დევნა ქრისტიანებისა, იყო არა ღმერთის გულისათვის, არამედ კაცობრივი დიდებისათვის გულმოდგინება, ხოლო სავლე საღვთო შურით იყო აღვსილი და ცდილობდა, დაეცვა თავისი მამაპაპისეული სჯული. ამიტომ მთავრებთან კი არ მიდის ნებართვის ასაღებად, არამედ მღვდელმთავრებთან, რადგან ეშინოდათ, რომ სამეუფეო ქალაქი ქრისტეს მქადაგებლებს არ დაეპყროთ. სავლეს სულიერი მდგომარეობა იყო ისეთი, რომ ადამიანური წარმოდგენით მისი რამენაირი ცვლილება გამორიცხული იყო. „როგორც ადამიანს სჭირდება ჰაერი, ასევე ითხოვდა პავლეს სული ქრისტიანთა დასჯას, რასაც ცხადია, სიკვდილი მოჰყვება“.
პავლე მოციქული დამასკოში ქრისტიანთა მოსასპობად მიდის, თუმცა მოქცევის საშუალებად იქცა მისი ეს ნაბიჯი და ანანიას ხელით მოინათლა. პავლეს მიზანია, რომ იესოს მიმდევრები შეიპყროს დამასკოში და ჩამოიყვანოს იერუსალიმში. „პავლე ცდილობდა, თავისი რკინის ხელები დაესხა ქრისტიანებისათვის, მაგრამ ღვთიური განგებულებით პირიქით მოხდა, მას დამასკოში დაესხა ანანიას მაკურნებელი ხელები (რაც გახდა საწინდარი მისი ნათლისღებისა)“. პავლეს არათუ პატიმრები მოჰყავს იერუსალიმში, არამედ თავად რჩება პატიმრად დამასკოში. ვისი შეპყრობაც უნდოდა, იმისგან გახდა შეპყრობილი“.
„ და მი-ოდენ-რაი ვიდოდა იგი და მიეახლა დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოის მისსა ბრწყინვალებაი ნათლისაი ზეცით გარდამო“ (9.3). პავლე მოციქული ამ ახალი სწავლების ძირფესვიანად ამოსაძირკვად დამასკოში მიემართება, ეს სიამაყის გრძნობასაც ბადებს მასში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პავლე გულწრფელია, თავის სიმართლეში დარწმუნებულია, მაგრამ სწორედ ამ დროს მისი გზა ქრისტეს გზას უერთდება. პავლე მოციქული გზაჯვარედინზე აღმოჩნდა და მთელი გულით მიიღო ქრისტე. ამდენად უფალი მიდის ყოველ ადამიანთან შესახვედრად, ვინც გზაშია, თუნდაც მცდარი იყოს ეს გზა, მთავარია, ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყოს იგი.
როდესაც პავლე დამასკოს უახლოვდებოდა, უეცრად იხილა ზეციდან მომავალი შუქი, იმდენად კაშკაშა და თვალის მომჭრელი, რომ მოულოდნელობისაგან მიწაზე დავარდა. ლუკა მახარებელი არ ამბობს, იხილა თუ არა პავლემ ამ ნათელში ქრისტეს ზეციური სახება.
ვისთან ერთად მიემგზავრება სავლე, ცნობილი არ არის. ასევე უცნობია, მოექცნენ თუ არა ისინი.
პავლემ ეს ნათელი გზაზე იხილა, არც დამასკოში და არც იერუსალიმში, რატომ?
1. სხვებსაც რომ ეხილათ და სხვანაირად არ მოეყოლათ და საეჭვო არ გაეხადათ ეს სასწაული, არამედ თვითონ ყოფილიყვნენ ყოველივეს მთხრობელნი აგრიპას წინაშე.
2. რომ გამოცხადებოდა იერუსალიმში, შეიძლება პავლეს ან სხვა ვინმეს ეფიქრა, რომ ეს მოხდა ქრისტიანთა რაღაც მანქანებით, ანუ ისინი დაეჭვდებოდნენ ამ გამოცხადების ჭეშმარიტებაში.
3. სავლესთვის ეს გამოცხადება სინამდვილე უნდა გამხდარიყო. ქრისტეს გამოცხადების დროს ის მარტო არ იყო. მას უნდა გამოერიცხა აზრი იმის შესახებ, რომ ამაში ქრისტიანები მონაწილეობდნენ.
კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (1 კორინთელთა 9.1 და 15.8) პავლე ადასტურებს, რომ ნათელში, რომელმან იგი მოიცვა, უფალი განჭვრიტა. პავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმაი, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაი დეზისა“ (9.4). სავლე ეცემა მიწაზე, ოცდამეექვსე თავიდან ვიგებთ, რომ სავლესთან ერთად სხვებიც ეცემიან. უფალი არ ეუბნება სავლეს, რომ მე ვარ ძე ღვთისაო, რადგან პავლემ არ თქვას, რომ მე ღვთის ძეს არ ვდევნიო, არამედ „მე ვარ იესო, რომელსა შენ სდევნი“ (9.5), ანუ, მე, იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ ლიტონ კაცად მცნობ, მე შენი უფალი ვარ. მაცხოვარი სიტყვებით: „საულ, საულ“, შეახსენებს საულ მეფის ამბავს, რომ როგორც ის სდევნიდა დავით მეფეს, ასევე შენ, მეორე საული სდევნი დავითის შთამომავალს.
რატომ მიმართავს სახელით ორჯერ?
1. როდესაც ადამიანს სძინავს, შეიძლება მას ერთჯერ მიმართვით არ გამოეღვიძოს, ანუ ქრისტეს მისი სულიერი ძილისაგან გამოღვიძება უნდა.
2. უფალმა იცის საულის უკეთურება, ამ სახელის წოდებით აჩვენა, რომ იგი ყოვლისმცოდნეა.
3. უფალი გამოხატავს მზრუნველობას და გამოსწორების სურვილს მისგან.
პავლე მოციქულს სურს, რომ დამასკოში სწრაფად ჩავიდეს, სულიერად: პავლე, რაც არ უნდა მოიმოქმედო, ღვთის ნებას წინ ვერ აღუდგები.
დეზი არის ხარების მოსათვინიერებელი რკინის იარაღი, სულიერი გაგებით ასე უნდა მოთვინიერდეს პავლე.
სავლემ ვერ იცნო ქრისტე. შეიძლება, მას არც ყავდა იგი ნანახი. იესო ქრისტე მას საკუთარი სახით ეჩვენა დამასკოს გზაზე, ამიტომ ვერ იცნო იგი პავლემ, მაგრამ თავის თავზე უპირატესად აღიარა და მიმართავს სიტყვით „უფალო“. პავლეს რომ ქრისტე ცოდნოდა, მაშინ არ დასვამდა კითხვას: „ვინ ხარ, შენ, უფალო?“
ოცდამეორე თავიდან ვიგებთ, რომ სანამ უფალი მას დამასკოში წასვლას დაავალებს, მანამდე სავლე მას დაეკითხება? „რაი-მე-ვყო უფალო?“ კომენტატორთა თანახმად, ამ სიტყვების წარმოთქმისას იწყება პავლეში სულიერი ფერისცვალება. მას დაავიწყდა დამასკოში წასვლა და ქრისტიანთა დევნა. პავლემ თავისი ნება საღვთო ნებას დაუქვემდებარა, ის ქრისტეს ძალდატანებით არ მოუქცევია.
მაცხოვარი პავლეს კონკრეტულ დავალებას აძლევს, იგი დამასკოში უნდა შევიდეს. უფალი მაშინვე არ კურნავს მას, არამედ აყოვნებს, რათა „უმეტესად“ ეთხოვა განკურნება და ეს თვალთ დაბნელება და მყისვე ახელა, რაიმე საოცრება არ გონებოდა.
„და კაცნი იგი, რომელი იყვნეს მის თანა, დგეს გაკვირვებულნი. სმენით ესმოდა ხმაი იგი, ხოლო ხედვით ვერარას. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ხელი მისთანათა მას და შეიყვანეს დამასკოდ“ (9.7-8). პავლეს თანამგზავრები გაოცებულნი დგანან. ოცდამეექვსე თავის მიხედვით ჯერ სავლე ეცემა და შემდეგ ისინი, თუმცა პირველად ისინი ადგებიან. მათ გაიგონეს პავლეს ხმა, ხოლო ქრისტესი არა, ქრისტეს მხოლოდ პავლე ხედავდა. ისინი ხედავენ ნათელს, მაგრამ არა ქრისტეს. შეიძლება, მათ გაიგონეს მაცხოვრის ხმა.
ოცდამეორე თავში რომ წერია, რომ „არ ესმოდათ“, გულისხმობს იმას, რომ ბგერები კი ესმოდათ, მაგრამ ვერ გაიგეს საუბრის ნამდვილი აზრი.
უფლის ნათელმა პავლეს განუწმენდელი თვალი დააბრმავა, ეს ერთი მხრივ მდევნელის სასჯილიც გახლდათ, მეორე მხრივ კი მიანიშნებდა, რომ სიმბოლურად ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტების მიმართ სავლე თვალხილულიც კი ბრმა იყო.
დაბრმავდა პავლე და არა მასთან მყოფები, რათა ვინმეს არ გონებოდა, რომ ეს სავლეს თავს მომხდარი სასწაული კი არა, რაღაც შემთხვევითი ვნება იყო. პავლეს დაბრმავების ნამდვილი მიზეზი არ იყო სინათლე, რადგან მაშინ ყველანი უნდა დაბრმავებულიყვნენ, არამედ ეს იყო ქრისტეს ხილვის შედეგი.
ღრმა სინანულში მყოფ პავლეს სამი დღე არაფერი არ უჭამია და არ დაულევია (9.9). დაბრმავება პავლეს უნებლიედ ხდება, ხოლო მარხვა მისი ნებით, რადგან მიხვდა თავის დანაშაულს, რომ უსამართლოდ დევნიდა და წყალობას ითხოვს მის მიერ დევნილისაგან, რომელიც არა ანგელოზების მიერ, არამედ „თავით თვისით“ ეჩვენა სავლეს, როგორც ფიცხელსა და ძნელად მოსადრეკელს. გარდამოცემის თანახმად სამდღიანი ლოცვისა და მარხვის დროს ხდება სავლეს აღტაცება მესამე ცაში, თუმცა შეიძლება მისი აღტაცება მოხდა მაშინ, როცა იგი არაბეთის უდაბნოში გადადის.
წინა - სარჩევი - შემდეგი