სავლეს მოქცევასთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, გამოცხადება აქვს ანანიას. „ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: ანანია, და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო“ (9.10). ანანია გახლავთ ებრაული სახელი, ის არის გაქრისტიანებული ებრაელი, რომელიც გადმოცემით დამასკოს ეპისკოპოსი გახდა და მოწამეობრივად აღესრულა. უფალმა მას (სამოცდაათთაგანი იყო) პავლესთან მისვლა დაავალა. „აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი“ (9.11). მართალთა უბანი, ეს გახლავთ წმინდანთა უბანი ანუ ქრისტეს მადლით გაბრწყინებულნი. ისინი წმინდანები არიან არასაეკლესიო გაგებით. ამის შემდეგ მეორე გამოცხადება აქვს პავლეს. მან „იხილა ჩუენებით კაცი, სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ხელნი მის ზედა, რაჲთა აღიხილნენ“ (9.12).
ანანიას თავიდან წასვლა არ უნდოდა, რადგან იცოდა სავლეს მიერ ეკლესიის დევნის შესახებ და ეტყვის კიდეც: „უფალო, მასმიეს მრავალთაგან, რაოდენი ძვირი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალემს შინა და აქაცა მოუღებიეს ხელმწიფებაი მღვდელთმოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა“ (9.13-14). ამდენად, ანანიამ იცის, ვინ არის სავლე, ამიტომ შეეწინააღმდეგა უფალს, მაგრამ „ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაითა ზე-აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა, და მთავართა, ძეთა ისრაელისათა, და მე უჩუენო მას, რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათვის“ (9.15-16). ამდენად, სანამ თავად სავლეს ეტყოდეს უფალი თუ რა უნდა გააკეთოს მან, მანამდე იგი ანანიას უმხელს, რომ სავლე წარმართთა მომაქცეველი იქნება. აქ განისაზღვრა პავლეს მომავალი სამოციქულო ადგილი.
ამის შემდეგ, გაიგო რა უფლისგან ყველაფერი, „აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა და დაასხნა მის ზედა ხელნი მისნი და ჰრქუა: საულ, ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხვიდოდე, რაჲთა აღიხილნენ თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა“ (9.17). სავლე, უმეცრებით მდევნელი, ახლა უკვე შეგნებულად შეეწევა დევნილებს. იგი პირველად ქრისტეს მოწაფეებისათვის იყო საზარელი, ახლა კი მეფეების, მთავრებისა თუ ჰურიათათვის გახდა ასეთი.
ანანიამ ხელი დაასხა სავლეს, მას თვალი აეხილა და სულიწმინდით აღივსო. ანანია დაემორჩილა ღვთიურ გამოცხადებას, შედის ამ სახლში და მიმართავს სიტყვით - „საულ“ და ქრისტესმიერი ერთობის გამო ამატებს: - „ძმაო“. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ყოველივე, რაც პავლეს ეხება, კაცობრივი არ იყო და ადამიანის მიერ კი არ აღესრულებოდა, არამედ ამის აღმსრულებელი თავად ღმერთი ბრძანდებოდა“.
„და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო“ (9.18).
1. არ უნდა ვიფიქროთ, რომ სავლეს თვალებს რაღაც ქერცლის მსგავსი, მატერიალური ნივთიერება ჩამოსილდა, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი, შინაგანი შეგრძნება გახლდათ.
2. ქერცლი სიმბოლურად მოსეს რჯულს განასახიერებს, რომლის მორჩილიც იყო ის დამასკოს გზაზე გამოცხადებამდე. ჩამოვარდა ქერცლი. ე.ი. ჩამოსცილდა იუდაური რჯული და ქრისტეს ნათელს ეზიარა. თუმცა ამბობენ, რომ ეს იყო შინაგანი შეგრძნება და მას არაფერი არ გარდმოვარდნია.
წმიდა წერილში ორი შემთხვევაა, როცა ნათლობის ხელდადების შედეგად სულიწმინდის მადლი საცნაური ხდება.
1. ანანიამ დაადო რა მას თავზე ხელი, ამით გარდამოიწვია სულიწმინდა, რომელიც სავლეს მაკურნებელი ხდება. ის ჯერ იკურნება ხორციელად, შემდეგ კი ინათლება.
2. რაც შეეხება კორნელიოსს, პეტრეს ჯერ ქადაგება არა აქვს დასრულებული, რომ წარმართზე გარდამოდის სულიწმინდა. ეს ამბები ასევე იხსენიება გალატელთა 1-2 თავებში.
პავლე მოციქულის სიბრმავე განასახიერებს სჯულის ქვეშ მყოფ ხალხს, რომელნიც ხორციელი თვალით კი ხედავდნენ, მაგრამ სინამდვილეში კი ბრმანი იყვნენ. მაგრამ ქრისტე არ მოვიდა და არ განძარცვა ისინი ძველი საბურველისგან, რომლის სახეც იყო პავლეს თვალთაგან გადმოვარდნილი ნაქურცენნი. ასევე, ეს იყო იმის დამადასტურებელი, რომ პავლე ნამდვილად დაბრმავდა.
„და მოიღო საზრდელი და განძლიერდა, რადგან იგი დაუძლურებული გახდა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - მგზავრობის, შიშის, მარხვისა და ვაებისაგან“. „პავლე მუნ იყო მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე რაოდენიმე“ (9.19). ნათლობიდან მეყსეულად იწყებს პავლე იესო ქრისტეზე ქადაგებას, რომ „ესე არს ძე ღმრთისაჲ“ (9.20).
საფუძვლიანია ხალხის გაოცება. „დაუკვირდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი იგი ტყუენვიდა იერუსალემს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუისა და აქაცა მისთვის მოსრულ-იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღვდელმთავართა თანა“ (9.21). ხალხს უკვირდა სავლეს ასეთი უეცარი ფერისცვალება. თვით ქრისტეს მოციქულებმაც კი ვერ მიიღეს იგი თავიდან. ქრისტეს მდევნელი უეცრად ქრისტეს მადიდებელი ხდება, მათ გაუჭირდათ ამის აღიარება.
„დამასკოში პავლე მოციქულმა „დღენი მრავალნი“ დაყო (9.23). ქრისტიანი პავლე ისეთივე მოშურნე იყო, როგორც ადრე, ქრისტიანთა მდევნელი. მან სინაგოგებში ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, ქადაგების ძირითადი მხარე გახლდათ ის, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა.
სავლეს მოქცევა ხდება 34-35 წლებში, აქ რჩება ცოტა ხანი, შემდეგ კი („არცა აღვედ იერუსალემდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ“ (გალატელთა 1.17)) დამასკოდან მოქცევის შემდეგ გადადის არაბეთში. თუ რამდენ ხანს რჩება იქ, ამაზე ლუკა არ საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ სავლეს არაბეთში დიდი და მნიშვნელოვანი საქმე არ აღუსრულებია. პავლე იქ რჩება 1 წელი და შემდეგ კვლავ ბრუნდება დამასკოში, სადაც რჩება 3 წელი. მეორე კორინთელთას მე-12 თავში გადმოცემულია პავლეს მესამე ცაში აღტაცება. ფიქრობენ, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა პავლე არაბეთში იყო.
პავლეს ასეთი მხურვალე ქადაგების გამო „განიზრახეს ჰურიათა მათ მოკვლაი მისი“ (9.23). მათ, რომელთაც ქრისტეს ქადაგების გამო მოკლეს სტეფანე, პავლეს მოკვლაც განიზრახეს, ხოლო პავლე არა სასწაულით, არამედ კაცობრივი ძალით განერიდა მათ. იუდეველებს ქონდათ ცნობა იმაზე, რომ პავლე იერუსალიმში გამგზავრებას აპირებს, ამიტომ ელოდნენ მას დღე და ღამე, რომ გასულიყო ქალაქის კარიბჭიდან და სადმე მოწმის გარეშე მყუდროდ მოეკლათ. პავლე იერუსალიმში ფარულად გაუშვეს ქრისტიანებმა, იგი მოწაფებმა ღამით ქალაქის კედელზე გადაიყვანეს, კალათაში მჯდომი ძირს ჩაუშვეს. პავლე თვითონვე ამბობს, რომ იერუსალიმში იმიტომ კი არ ადის, რომ მოციქულთაგან რაიმე დარიგებანი მიეღო, არამედ იმისთვის, რომ იმ ქალაქში, სადაც ქრისტე მოკლეს, კადნიერებით ექადაგა მისი სახელი. იგი იერუსალიმში მოციქულებთან მივიდა არა ვითარცა მოწაფე, არამედ ვითარცა მოძღვარი თავის მასწავლებელთან. ცხადია, პავლეს ყველა ეჭვის თვალით უყურებს, „რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ იგი არს მოწაფე“ (9.26).
„ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგვარა იგი მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუისითა“ (9.27). იერუსალიმში შესულ პავლეს ბარნაბა (იგივე იოსტოსი. ძე ნუგეშისცემისა, ლევიტელი კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობს, რჯული დარღვეულია) მიყავს მოციქულებთან და ეუბნება იმ სასწაულის შესახებ, რაც გზაზე მოხდა. (სხვანაირადაა აღწერილი გალატელთა 1.18-19 -ში: „და მერმე შემდგომად სამისა წლისა, აღვედ იერუსალემდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე. ხოლო სხუაი მოციქულთაგანი არავინ ვიხილე, გარნა იაკობ, ძმაი უფლისაჲ“). პავლე ჩადის იერუსალიმში, ის მოციქულ პეტრეს ნახულობს, მასთან რჩება 15 დღე. ცხადია, „საქმე მოციქულთასა“ და „გალატელთაში“ გადმოცემული ამბები არ ეწინააღმდეგება ერათმანეთს.
ბარნაბამ სავლე მიიყვანა არა ქრისტეს 12 მოციქულთან, არამედ იმ კატეგორიის მოციქულთან, როგორიც თვითონ იყო. ეს სავარაუდოდ 37-38 წლებში, მოქცევიდან (34-35) 3 წლის შემდეგ ხდება. პავლე იერუსალიმიდან სირიასა და კილიკიაში გაემგზავრა.
„და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალემდ და განცხადებოდა სახელითა უფლისა იესუისითა“ (9.28). ამდენად, პავლე მოციქული იერუსალიმში მოციქულებთან (მხოლოდ პეტრე და იაკობი ნახა) და მორწმუნეებთან გახსნილად ურთიერთობდა, მათთან ერთად იყო და უფალ იესო ქრისტეს შესახებ უშიშრად ქადაგებდა. მისი ქადაგება როგორც იუდეველების, ასევე ელინისტებისთვისაც (ბერძნებისთვისაც) იყო გამიზნული, რომელნიც „განიზრახვიდეს მოკვლასა მისსა და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვენეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ“ (9.29-30). მორწმუნეებს შეეშინდათ, რომ ის სტეფანესავით არ ჩაექოლათ და კესარიაში წაიყვანეს, იქედან კი თავის მამულში, ტარსუნდში გააგზავნეს, რათა სახარება თავისიანებისთვის ექადაგა. აქედან ცხადი ხდება, რომ მოციქულები ზეკაცობრივი ბუნებისანი არ არიან, არამედ ისინიც ჩვეულებრივად ხშირად უძლურებას განიცდიან. მათ ეშინოდათ და გრძნობდნენ კიდეც, რათა მივხვდეთ, რომ ჩვენი მსგავსი, მოკვდავი ხორცით მოიღვაწეს მათ ყოველივე.
სავლე საუბრობდა ბერძნულად, ელინისტებმაც (იერუსალიმში ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველები) დაიწყეს დევნა. საქმეების 22.11-ში წერია, რომ უფალი ეცხადება პავლეს ტაძარში მლოცველს და ქრისტე ეტყვის: „წარვედ, ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ“, ანუ წარმართებთან უნდა გაიგზავნო შენ. ეს არის პირველი ადგილი „საქმე მოციქულთაში“, როცა უფალი ავალებს მას, რომ შენ წარმართებში უნდა იქადაგო, მანამდე პავლემ ეს არ იცოდა. უფალმა მხოლოდ ანანიას განუცხადა პავლეს მომავალი სამოციქულო მსახურება.
სირიის ანტიოქიაში პირველი ეკლესიის დაფუძნება ბარნაბასა და პავლეს მოღვაწეობას უკავშირდება.
გალატელთა მიმართ ეპისტოლის მიხედვით, პავლეს იერუსალიმში ასვლა იწოდება მის პირველ ასვლად იერუსალიმში. მოქცევის შემდეგ პავლე სამჯერ ადის იერუსალიმში.
პავლეს მოგზაურობის გზა ასეთია: დამასკო -> არაბეთი -> დამასკო - > იერუსალიმი.
წინა - სარჩევი - შემდეგი