ქრისტიანთა მთავარი მდევნელის მოქცევის შემდეგ დევნა ჩაცხრა და „ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაისათა და სამარიაისათა ეგნეს მშვიდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინისცემითა სულისა წმიდისაითა განმართლდებოდეს“ (9.31), ანუ იქ მორწმუნეები ღვთისმოშიში ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მორწმუნეთათვის უმაღლეს ნუგეშს, ცხადია, სულიწმინდის სასწაულებრივი მოქმედება წარმოადგენდა, რაც მოციქულთა მეშვეობით აღესრულებოდა. „საქმე მოციქულთას“ ავტორი მოგვითხრობს იმ უდიდესი სასწაულის შესახებ, რომელიც იოპეში აღასრულა პეტრე მოციქულმა. ეს გახლავთ ლიდიაში ენეას განკურნება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტეფანეს მოკვლის შემდგომ 12 მოციქულს იერუსალიმი არ დაუტოვებია მანამ, სანამ ჰურიასტანის ეკლესიებში მდგომარეობა არ დაწყნარდა. მოციქულები სრულქმნილნი არიან საღვთო სიყვარულის მიერ, ამიტომაც არ ტოვებენ იერუსალიმს.
წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ პეტრე „იქცეოდა რაი ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათცა მათცა, რომელნი მკვიდრ იყვნეს ლუდიას“ (9.32). პეტრე, ვითარცა თავი მოციქულთა, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ახალმოქცეულ ქრისტიანთა მიმართ.
რას ნიშნავს „წმიდათა მათცა“? წმიდის ახალაღთქმისეული გაგება ასეთია: ეს ადამიანები იყვნენ რა მონათლულნი იესო ქრისტეს სახელით და ცხოვრობდნენ რა მისი მცნებებით, იწოდებიან წმინდანებად.
ქალაქი ლუდია იყო მომცრო ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, იოპიის მახლობლად, იერუსალიმის ჩრდილო-დასავლეთით. პეტრემ იქ იპოვა „კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღუელ“ (9,33). სახელი ენეა ბერძნულია. სახელის მიხედვით შეიძლება ის წარმართი იყო, რადგან მოხსენიებულია როგორც „კაცი ვინმე“. ტექსტში არაფერი არ წერია მისი მორწმუნეობის შესახებ, არც ის, იცნობდა თუ არა იგი პეტრე მოციქულს. არც პეტრე არ ეკითხება მას, სწამს თუ არა უფალი იესო, რადგან სულიერი მზერით მასში ამ რწმენას განჭვრეტს, ანდა იმედი აქვს, რომ განკურნების ფაქტი მასში ამ რწმენას აღძრავს. „ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესო ქრისტე, აღდეგ და გარდაყარე სარეცელი შენი და მეყსეულად აღდგა“ (9.34).
„და იხილეს იგი ყოველთა მკვიდრთა ლუდიისათა და სარონიისათა, რომელთა-იგი მიაქციეს უფლისა“ (9.35). ამ სასწაულმა ქრისტეს რჯულზე სარონის ზეგარის მცხოვრებნი მოაქცია.
წინა - სარჩევი - შემდეგი