მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

წმიდა პეტრე მოციქული იოპეში და მის მიერ ტაბითას მკვდრეთით აღდგენა (9.36-43)


 

 

პეტრე მიერ ენეას განკურნების შემდეგ წმიდა წერილი კიდევ ერთ საუცხოო ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც პეტრე მოციქულის მიერ ტაბითას მკვდრეთით აღდგომა ჰქვია.

„ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქუელისსაქმითა და წყალობითა, რომელსა იგი იქმოდა“ (9.36). ეს ქალი იყო პეტრეს დამოწაფებული. ტაბითა არის მეტსახელი, ის ნიშნავს ქურციკს. საინტერესოა, რატომ ერქვა მას ქურციკი?

1. როგორც ქურციკი ცხოველთა შორის სისწრაფით გამოირჩვა, ასევე წარმატებული და ძლიერი იყო ის რწმენაში.

2. ქურციკს აქვს ლამაზი თვალები. შეიძლება ეს ქალიც ლამაზი იყო. შეიძლება, ფიზიკური სილამაზის გამო ერქვა მას ეს სახელი.

ტაბითას შესახებ წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ ის „სავსე იყო ქუელისსაქმითა და წყალობითა, რომელსა იგი იქმოდა“, ტაბითაზე შეიძლება ითქვას, რომ ის „ღირსეულს იზრახავს და ღირსებაზე დგას“ (ეს,32,8), მისი ხელები მარადის სიკეთეს ემსახურებოდა და გლახაკებს სწყალობდა, არ იყო ზარმაცი, არამედ ცდილობდა, ყოველთვის სიკეთე ექმნა. მოულოდნელად ეს ქალი სნეულდება და კვდება (9.37). ლუდია და იოპე ერთმანეთთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ გაიგეს რა, „პეტრე მუნ (ლიდაში) არს. და მიავლინეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდენ, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე“ (9.38). წარგზავნილები, შეიძლება, პეტრეს მოციქულები იყვნენ, ისინი იტყობინებიან ტაბითას გარდაცვალების ამბავს. მათ სარწმუნოება გამოავლინეს. სწამდათ, რომ თუ პეტრე მოვიდოდა, მაშინ ეს ქალი გაცოცხლდებოდა, ამიტომ პეტრეს უხმობენ თავისთან.

„და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა, რომელი ვითარცა მივიდა, აღიყვანეს ქორსა მას ზედა და გარემოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ-იყო ტაბითა“ (9.39). პეტრე მოციქულმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა (9.40), რომ გარე შთაბეჭდილებებს მისთვის ხელი არ შეეშალა და ლოცვა დაიწყო, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა აღდეგ! და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა რაჲ პეტრე, წამოჯდა“ (9.40), პეტრემ კი „მისცა მას ხელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი“ (9.41). სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა „და ჰრწმენა მრავალთა უფალი“ (9.42). პეტრე მოციქული კი „იყო მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სიმონ ვისმე, მეპრატაკისა თანა“ (9.43). მეპრატაკე ნიშნავს მეწაღეს (მეტყავეს), ეს ხელობა რაბინებს უწმინდურებად მიაჩნდათ, მაგრამ პეტრე, ცხადია, მსგავს ცრუ მორწმუნეობაზე მაღლა დგას.

ტაბითას გაცოცხლება არის პეტრეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული, როცა მან მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა, მანამდე მას მიცვალებული არ აღუდგენია.



წინა - სარჩევი - შემდეგი