კორნელიოსის მოქცევამდე ქრისტეს ეკლესია მხოლოდ იუდეველთა და პროზელიტთა შორის ვრცელდებოდა, თანახმად ქრისტეს წინასწარმეტყველებისა.
მაგრამ უკვე დადგა დრო იმისა, რომ ქრისტეს სწავლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო წარმართული სამყაროსათვის. პირველი ქალაქი, სადაც ქრისტეს რწმენაზე წარმართის მოქცევა ხდება, გახლავთ პალესტინის კესარია, რომელიც ააგო ჰეროდე დიდმა იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის სახელის პატივსაცემად.
„კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქვიან იტალიკე“ (10.1). კორნილეოსი გახლავთ ლათინური სახელი, რომელიც გავრცელებული იყო რომში, ის არის ერთ-ერთი რომაული ჯარის ასისთავი. ფიქრობენ, რომ ის იყო პროკურორის პირადი დაცვის ერთ-ერთი ასეულის ასისთავი. ეს კაცი იყო იტალიელი ე.ი. რომაელი. ცხადია, ნდობის მხრივ პროკურორი თავისიანს უფრო ენდობოდა,ვიდრე იქ ჩასულსა და ჩასახლებულს. ის არ იყო პროზელიტი, არამედ ჩვეულებრივი წარმართი, თუმცა კეთილი რელიგიურ-ზნეობრივი განწყობით გამოირჩეოდა. მის შესახებ წმიდა წერილში ვკითხულობთ: „კეთილად მსახური და მოშიში უფლისაი ყოვლითურთ სახლეულით თვისით, იქმოდა ქველისსაქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მას მარადის“ (10.2). საინტერესოა, რომელი ღმერთის წინაშე ლოცულობდა იგი. როგორც მომდევნო (10.3) და (10.30) მუხლიდან ჩანს, კორნელიოსი მეცხრე ჟამზე (შუადღის 3 საათი) ლოცულობდა, ანუ იუდეველთა ლოცვის დროს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ კორნილეოსი ადიდებდა ებრაელთა ღმერთს და მის წინაშე მაშინ ლოცულობდა, როგორც ამას იუდეველთა დრო მოითხოვდა.
წინა - სარჩევი - შემდეგი