ვინც ღმერთს მიეახლება, აუცილებლად წმინდანი უნდა იყოს, რადგან უწმინდურისას არ ისმენს უფალი. უფალმა შეისმინა კორნელიოსის ლოცვა, აქედანაც ჩანს, რომ კორნელიოსი რჯულის ჭეშმარიტი აღმსრულებელი იყო, რადგან უფლის ანგელოზი გამოეცხადა მას. „იხილა მან ჩუენებით განცხადებულად, ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნელიე“ (10.3). კორნელიუსი მეცხრე ჟამზე ლოცულობდა, ამ დროს არათუ წარმართი, არამედ თვით იუდეველთაგან შეიძლება ბევრი არ ლოცულობდა. კორნელიუსი კი ყველაფერს ასწრებს და ლოცვისთვისაც გამონახავს დროს. მან ანგელოზი ხორციელი თვალით, „ჩუენებით განცხადებულად“ იხილა.
უფლის ანგელოზი სახელით მიმართავს მას, რაც ნიშნავს, რომ ანგელოზი უშუალოდ უფლის დავალებას ასრულებს. კორნელიოსს შეცნობილი ჰქონდა მრავალღმერთიანობის სიყალბე და ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანს-სცემდა სწორედ თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და საკუთარ სახლში სარწმუნოების კეთილ თესლს აღვივებდა.
და აი, ლოცვის დროს მას ანგელოზი გამოეცხადა, „ხოლო მან (ანგელოზმა) ჰრქუა მას: ლოცვანნი შენნი და ქველის-საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა“ (10.4), წერილში წერია, რომ კორნელიოსს ანგელოზის გამოცხადების გამო „ზარი განჰხდა“ (10.4), ანუ ძალიან შეეშინდა. გამოცხადება კორნელიოსის მიმართ პირველი იყო, სწორედ ამიტომ ეშინია მას, რადგან ანგელოზის გამოცხადება უმალ სიკვდილთან ასოცირდება. როდესაც ადამიანს ეცხადება ზეციური არსება, მან არ იცის თუ რას აუწყებს ის, ამიტომ უძლიერდება ცოდვილობის განცდა და ეშინია. საინტერესოა, რისთვის ლოცულობდა იგი? ალბათ, პირველ რიგში, უფალს თავისი ცოდვების მიტევებას სთხოვდა.
უფლის ანგელოზი განაგრძნობს: „და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე, ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა“ (10.5-6). ანგელოზი ღვთიურ ბრძანებას გადასცემს კორნელიოსს, რომ იოპედან სიმონ-პეტრეს მოუხმოს. ანგელოზი ეუბნება, რომ “აწ მიავლინე კაცნი და მოუწოდე სიმონს“, არ ეუბნება იმას, თუ როგორ, რის მიხედვით უნდა გამოარჩიოს პეტრესთან წარსაგზავნები, ამას თავად კორნელიოსი აკეთებს.
ვანი (ადგილი, სამყოფი), სადაც ამჟამად პეტრე მოციქული იმყოფებოდა, გახლავთ ვინმე სიმონ მეპრატაკის. როგორც ჩანს, კორნილეოსი ამ ადგილებს არ იცნობდა, რდგან ანგელოზი დაწვრილებით უთითებს მას მისამართს: „ტაძარი ახს ზღუასა“ (10.6). ღმერთმა ჭეშმარიტების მარცვლები დაინახა მასში და ამიტომ თავის რჩეულ ჭურჭელად აქცია იგი.
„და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისკაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა და უთხრა მათ ყოველი და წარავლინა იგინი იოპედ“ (10.7-8). კორნელიოსი დაემორჩილა ანგელოზის სიტყვას, მყისვე გამოირჩია ორი კაცი და ჩააბარა ერთს, რომელიც ამ ორზე უპირატესი იყო, ანუ სულ სამი კაცი გამოირჩია და იოპეში გააგზავნა პეტრე მოციქულთან. სამ გამორჩეულთაგან ერთი კეთილმსახურად იწოდება.
საინტერესოა, რატომ თავად არ წავიდა კორნელიოსი პეტრე მოციქულთან, არამედ აგზავნის მასთან ხალხს, რომ თავისთან მოვიდეს. კორნელიოსი მარტო რომ ჩასულიყო, ამით მხოლოდ ის მოიქცეოდა, ხოლო ჩამოდის რა თავად პეტრე, ამით უფრო მეტი მოექცა.
წინა - სარჩევი - შემდეგი