მოციქული პეტრე ამ დროისათვის იმყოფება იოპეში, სიმონ მეპრატაკის სახლში, როგორც ეს 10.6 მუხლიდან ჩანს.
„და ხვალისაგან მი-რაი-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღხდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა“ (10.9). რატომ ადის პეტრე მოციქული ბანზე, მას ხომ ნებისმიერ ადგილს დაუთმობდნენ? პეტრე არჩევს განცალკევებით ლოცვას. მოციქული გაკვირვებულია იმით, რომ ადამიანი ზეცას ჭვრეტს და ყოველივე მიწურს სცილდება მისი აზროვნება.
პეტრე მოციქულს „შეემშია და უნდა პირისა ხსნაი. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკვირვებაი“ (10.10). მოციქულს მოშივდა. საჭმლის მომზადების პერიოდში მას განკვირვება დაეცა. განკვირვება (ბერძნულად "ექსტასის“) ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი საღი აზროვნების უნარს კარგავს. ამ დროს ადამიანისათვის გარეშე სამყარო იხშობა, ხოლო შინაგანი გრძნობით ადამიანი სხვა, იდუმალი სამყაროს მოვლენებს აღიქვამს. ამ დროისათვის იყო მეექვსე ჟამი, ანუ კორნელიოსის მიერ წარგზავნილები მეცხრე ჟამის (შუადღის 3 საათი) მერე პეტრესთან მეორე დღის ნაშუადღევს, ანუ მეექვსე ჟამზე (12 საათი) ჩადიან, როცა მოციქული ლოცულობდა.
განკვირვებისას პეტრე მოციქული ,,ხედვიდა ცათა განხუმულთა, და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზედა მოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფეხი და ქვეწარმავალი და მხეცი ქუეყანისაი და მფრინველნი ცისანი და იყო ხმაი მისა მიმართ: "აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე“ (10.11-13). ამდენად, პეტრე ხედავს ზეციდან ჩამოსულ დიდ ტილოს, რომელიც ცაში ოთხივე კუთხით გახლდათ გამობმული, რომელშიც წმინდა და არაწმინდა ცხოველები იხილვებოდა. საღვთო კურთხევაა პეტრეზე: "აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე“ (10.13). სავარაუდოდ, პეტრე იმ მომენტში მუხლმოდრეკილი ანდა მიწაზე განრთხმული ლოცულობდა.
პეტრე ეწინააღმდეგება საღმრთო ნებას, რადგან მან ვერ გულისხმაყო ეს გამოცხადება. „მიუგო პეტრე და ჰრქუა: "ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმინდაი შესრულ არს პირსა ჩემსა“. და მერმე კუალად მეორედ ხმაი იყო მისა მიმართ და თქუა: "რომელი იგი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს.“ ხოლო ესე იყო სამგზის და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი ზეცად“ (10.14-16). ვიცით, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანთ აკრძალული ჰქონდათ არაწმინდა ცხოველად მიჩნეული ცხოველის ხორცის ჭამა. პეტრე გულმოდგინედ იცავდა სჯულის მიერ დადგენილ კანონს და ამიტომაც მისი განკვირვება ლოგიკურია. თუმცა ამ გამოცხადებაში სულ სხვა, მისტიური, სულიერი შინაარსი დევს, რაც პეტრემ ვერ გულისხმაყო. აქ არის წინასწარმეტყველება იუდეველთა, წარმართთა და ქრისტიანთა გაერთიანებაზე. ამით უფალი პეტრეს ეუბნება, რომ გინდა თუ არ გინდა, შენ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ჩემს ეკლესიაში წარმართებიც მოვლენ.
წინა - სარჩევი - შემდეგი