მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

წმიდა პეტრე მოციქულის გამოცხადების სიმბოლური ეგზეგეტიკა


 

 

პეტრემ იხილა გახსნილი ცა. რატომ გაიხსნა ცა? პეტრეს ცა გახსნილად ეჩვენა იმიტომ, რომ მას გულისხმა-ეყო ხილვის უზენაესობა, რომ იგი ზეციურია და არა მიწიერი. გახსნილი ცა ამავდროულად საიდუმლოს გამოაშკარავებას უკავშირდება, რადგან რაც დახშული და დაკეტილია, ჩვენ არ ვიცით თუ რა ხდება მის შიგნით, ვიდრე არ გავხსნით მას. პეტრეს ცის გახსნით ეუწყა, რომ არწმინდად მცხოვრებთა შორის არის წმინდად მცხოვრები კორნელიოსი, რომელიც უნდა მოაქციოს და ქრისტეს ეკლესიაში შეიყვანოს.

ჭურჭელი გახლავთ სახე ქრისტეს მისტიური სხეულისა, ან ის ახალაღთქმისეულ ეკლესიას განასახიერებს. ჭურჭელი ისევ ზეცად ადის, ასევე ხილული ეკლესია სამყაროს გარდაქმნის შემდეგ ზეციურ ეკლესიას შეუერთდება. წმინდა ცხოველები ებრაელ ხალხსა და პროზელიტებს განასახიერებს, ხოლო არაწმინდა - წარმართებს. ისინი ერთ ტილოში იყვნენ მოქცეულნი, რაც ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესია ყველას მოუწოდებს თავის წიაღში. რა განსხვავებაა კორნელიოსისა და პეტრეს გამოცხადებას შორის? გამოცხადების დროს ლოცულობდა როგორც პეტრე, ასევე კორნილეოსი. კორნილეოსის გამოცხადება უფრო მარტივია, რადგან ის სიმბოლურ ხასიათს არ ატარებს, ხოლო პეტრესი - სიმბოლურ-ალეგორიულია. გასააზრებლად პეტრეს გამოცხადება რთულია, ამიტომაც ის მოგვიანებით ჩაწვდა ამას და წარმართები მიიღო ქრისტეს ეკლესიაში.

ამ ხილვით ახალი ეტაპი იწყება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, ეს გახლავთ წარმართების ქრისტეს რჯულზე მოქცევის ეპოქა. ამის უეჭველობის ნიშნად, გამოცხადება სამჯერ მეორდება. სამგზის ჩვენებას, ცხადია, სამგზის შეგონება მოყვა, რათა პეტრე სულიერად განმტკიცებულიყო და გამოცხადების სინამდვილე მის სულს უეჭველად მიეღო. სამგზის ხილვა, ასევე, მოსანათლად გამზადებულთა ემბაზში სამგზის შთაფლვას განასახიერებს, რამეთუ ნათლისღების გარეშე ნათელში ვერ შეხვალ. სამგზის ჩვენების შემდეგ ტილო ისევ მაღლდება ჰაერში, რატომ? ამ საკითხის შესახებ გარკვევით წერია ,,გამოცხადებაში“: ,,ვიხილე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თვისისა“ (გამოცხადება 21.2). ახალი იერუსალიმი უკავშირდება ახალაღთქმისეულ ეკლესიას. ზეციდან ეშვებოდა იმიტომ, რომ ამქვეყნიური ეკლესია ზეციურია, რადგან ის ქრისტემ დააფუძნა და ქრისტეა მისი თავი. ამქვეყნიური ეკლესია ემზადება სასიძოსთან (მაცხოვართან) შესახვედრად. იერუსალიმი, ანუ ეკლესია ჩამოეშვა რა დედამიწაზე, ის ისწრაფვის, რომ ისევ ზეცაში ავიდეს და დაუკავშირდეს ქრისტეს, ანუ სიძეს.

რატომ მაინცადამაინც პეტრესაგან უნდა უწყებოდა კორნილეოსს და თავის სახლს გადარჩენის თაობაზე, რატომ ანგელოზმა არ აუწყა ეს?

1. საქმე ის არის, რომ ეს გამოცხადება პეტრესთვისაც სასარგებლო იყო, რადგან მას დამოკიდებულება შეეცვალა წარმართების მიმართ.

2. ანგელოზის მისია არ არის ქადაგება, არამედ ღვთის ნების გამოცხადება, უწყება ადამიანთათვის. ანგელოზი იმიტომ არ უქადაგებს კორნილეოსს, რომ შეიძლებოდა სატანასაც მიეღო ანგელოზებრივი სახე და ქადაგება დაეწყო.

3. მოციქულთა მისია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა მოქცევაა, რაც არ ხდება ქადაგების გარეშე.

"და ვითარ იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თვისსა, ვითარმედ რაი-მე იყოს ხილვაი ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა ესერა კაცნი იგი, რომელნი კონელიოსისაგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა“ (10.17). პეტრე ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამ დროს მასთან მიდის კორნელიოსის მიერ გამოგზავნილი სამი კაცი, რომელნიც მას კითხულობენ. ,,და მოხადეს და კითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქვიან პეტრე, ვანი აქა არსა“? (10.18) - ვკითხულობთ წმინდა წერილში. გამოცხადების შემდეგ პეტრე კვლავ სახლის ბანზე (აივანზე) დგას, ანუ ის არც მიწაზეა და არც ცაში. ეს უფრო მოსახერხებელია ლოცვისათვის, გარდა ამისა, ამ ადგილიდან პეტრე უკეთ დაინახავდა მიწასა და ადამიანებს.

მოციქულ პეტრესთვის ფილიპეს მსგავსად, ანგელოზის გამოცხადებაც საკმარისი იქნებოდა კორნელიოსთან წასასვლელად, მაგრამ მას თავად სულიწმინდა უცხადებს, რომ ,,აჰა ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ, არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი“ (10.19-20). პეტრეს სწორედ ეხლა ეხილება სულიერი თვალი, ხვდება მათ წარმართობას და ამიტომაც ,,გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნელიოსის მიერ, და ჰრქუა: ,, აჰა ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათვის მოსრულ ხართ?“ (10. 21). პეტრე მოციქული შეხვდა მათ და თავისი თავი გააცნო, ასევე კითხულობს მათი მოსვლის მიზეზს.

,,ხოლო მათ (კორნელიოსის გამოგზავნილებმა) ჰრქუეს: ,,კორნელიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაისა, ბრძანებაი მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თვისსა და სმენად შენგან სიტყუათა“ (10.22). კორნელიოსი მართლად იწოდება, ის ამ სახელით არის აღიარებული ებრაელებთანაც.



წინა - სარჩევი - შემდეგი