მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

წმიდა პეტრე მოციქულის გამგზავრება კესარიაში და კორნელიოსის ნათლის-ღება თავის ოჯახთან და ჯარისკაცებთან ერთად (10.9-48)


 

 

ცხადია, პეტრე მაშინვე არ გაყოლია, მან მოსულები შეიპატიჟა, გაუმასპინძლდა (10.23), რადგან მათ წინ შორი გზა უნდა გაევლოთ, ისინი მეორე დღეს წავიდნენ. ,,ხვალისაგან აღდგა პეტრე და გავიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა“ (10. 23). როგორც მე-11 თავიდან ვიგებთ მათი რაოდენობა იყო ექვსი. ისინი არიან დამმოწმებელნი იმ სასწაულისა, რომელიც პეტრემ უნდა აღასრულოს კესარიაში. ,,და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნელიოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომნი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი“ (10. 24). როგორც 10.30 მუხლიდან ჩანს, ისინი კორნელიოსის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს ჩადიან კესარიაში. მათ კორნილეოსი ელოდა, რომელიც თავის თანამოაზრეებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად დახვდა მათ. ამდენად, კორნილეოსის სახლში წარმართების არცთუ მცირე ჯგუფი გახლდათ, ეს ადამიანები ქრისტეს რწმენის მისაღებად იყვნენ მზად.

„და იყო შესლვაი მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერხთა მისთა და თაყუანის-სცა მას“ (10.25). პეტრე ჯერ სახლში შესული არ არის, როცა კორნელიოსი ეგებება მას (მარიამიც ტოვებს სახლს და ეგებება მაცხოვარს). კორნელიოსმა დაუჩოქა პეტრეს, ანუ სრულად სცა თაყვანი დიდი მეტანიით. ამ მდაბალ მისალმებაში და მუხლთდრეკაში კორნელიოსის რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოსჭვივის პეტრეს მიმართ.

რატომ სცა თაყვანი, რატომ დაუჩოქა?

1. კორნილეოსი, როგორც წარმართი, პეტრეს ჩვეულებრივ ადამიანზე უფრო მაღლა მდგომად მიიჩნევს.

2. აღმოსავლეთში იყო ასეთი წესი, დიდებულ ადამიანს თაყვანისცემით ხვდებოდნენ.

3. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „შესაძლოა, კორნელიოსისთვის, როგორც წარმართისთვის, პეტრე იყო ერთ-ერთი ღმერთი, განახლებული ღმერთი ანუ ერთ-ერთი ღმერთთაგანი.

4. კორნელიოსმა იცოდა, რომ ქრისტეს ჯვარმცმელი იუდეველნი მესიას მოელოდნენ. შეიძლება, მან მესიად აღიარა ქრისტე.

პეტრემ არ მიიღო ასეთი პატივისცემა და გადაჭრით უარყო ის. პეტრემ უთხრა კორნელიოსს: „აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ“ (10.26), ანუ მეც შენნაერი სულიერი ადამიანი ვარ, მე არა ვარ ზეციური არსება, - ეუბნება მას მოციქული.

რატომ არ მიიღო პეტრემ ეს თაყვანისცემა?

1. პეტრემ ამით უდიდესი სიმდაბლე წარმოაჩინა.

2. პეტრემ ხელი გაუწოდა და წამოაყენა წარმართი, არადა წარმართებს ხელსაც არ ართმევდნენ იუდეველნი, აქ კი თავისი სულითაც დაუახლოვდა მას პეტრე.

3. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „პეტრემ ეს უთხრა იმიტომ, რომ კორნელიოსს რომელიმე ღმერთად არ მიეჩნია იგი“.

4. აქედან არის სწავლება: სრული თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს უნდა განვუკუთვნოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წმინდანებს თაყვანი არ უნდა ვცეთ.

პარალელი შეიძლება გავავლოთ გამოცხადების 19.10 მუხლთან. ანგელოზი ეუბნება იოანე ღვთისმეტყველს: „მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, მეც ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ“.

ამის შემდეგ პეტრე „შე-რაი-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი“ (10.27). უდიდესი სიხარული დაეუფლა პეტრეს, როდესაც ღვთის სიტყვის მოსასმენად ამდენი ადამიანი დაინახა თავშეყრილი. „და ჰრქუა მას პეტრე: თქუენ თვით უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა, და მე მიჩუენა ღმერთმან, რაითა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმინდად. ამისთვის უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაი! აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყვისათვის მომხადეთ მე?“ (10.28-29). პეტრე ამ სიტყვებით ამბობს, რომ ღვთის წინაშე არ არის განრჩევა წარმართისა და ებრაელისა, უფრო მეტიც, ყველა, განურჩევლად რასისა, ერისა, სქესისა და ასაკისა, ყველა თანასწორია ღვთის წინაშე. პეტრე მათ ეკითხება, რისთვის მოუწოდეს მას.

პეტრეს კითხვაზე კორნილეოსმა თავისი ხილვის შესახებ მოუთხრო. „ჰრქუა მას კორნელიოს: „მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაი სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა და მრქუა მე: კორნელიე, შეისმინნეს ლოცვანი შენნი და ქველისსაქმენი შენნი მოიხსენნეს წინაშე ღმრთისა. აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქვიან პეტრე, ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღვისკიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდეს შენ და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ“ (10.30-33). კორნელიოსმა თავისი გამოცხადების შესახებ მოუყვა პეტრე მოციქულს. აქ არის ერთი ცნობა, რომ 4 დღის წინ ამ საათამდე ვმარხულობდი, მეცხრე ჟამამდე კი ვლოცულობდი. კორნილეოსი თავის თავს კი არ იქებს, როცა მარხვასა და ლოცვაზე საუბრობს, არამედ მოციქულს უხსნის თავისი ჭეშმარიტი რწმენის შესახებ, რომ გაუგებარი არ დარჩეს მისთვის თუ რატომ გამოეცხადა მას უფალი.

„მაშინ აღაღო პირი თვისი პეტრე“ (10.34). პეტრემ ქადაგება ქრისტეზე დაიწყო, მის სიტყვაში ნათლად გამოიყოფა სამი ნაწილი:

1. შესავალი სიტყვა. სასუფეველში ეროვნების განურჩევლად ყველა ქველი და ღვთისმოსავი ადამიანის მიღების შესახებ (34-35 მუხლი).

2. ქრისტეს მოღვაწეობის მოკლე აღწერა მის აღსრულებამდე (36-39 მუხლები) და აღდგომის შემდეგ (40-42 მუხლები).

3. მინიშნება წინასწარმეტყველთა გამონათქვამზე, რომ ქრისტეში ყველა ცხონდება (43 მუხლი).

პეტრე მოციქული ამბობს: „ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალღებაჲ (მიკერძოება) ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლთა, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს“ (10.34-35). სიტყვებში: „ყოველსა შორის თესლთა“, პირველყოვლისა, წარმართები იგულისხმება და შემდეგ თითოეული პიროვნება.

„სიტყუაი იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაელისათა მახარებელად მშვიდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაი“ (10.36). მშვიდობისმყოფელი ნიშნავს შემრიგებელს.

„თქუენ თვით უწყით სიტყუაი-იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან იგი იწყო გალილეაით შემდგომად ნათლისცემისა, რომელსა იგი ქადაგებდა იოვანე: იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველისმოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა“ (10: 37-38). მაცხოვარი არის ქველმოქმედი, მოწყალე. მან გასცა როგორც ხორციელი, ასევე სულიერი მოწყალება, აქ კი კონკრეტდება, რომ მან შეპყრობილები განკურნა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „ცხება ეხება ღვთის ძის კაცობრივ ბუნებას. ცხება არის რჩეულობის ნიშნით აღბეჭდვა. ღვთის ძის კაცობრივი ბუნება უშუალოდ სულიწმინდით იცხო.

„და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათვის, რომელნნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალემს შინა, რომელი იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ“ (10.39-40), ცხადია, ამის შესახებ იციან წარმართებმაც. მოციქული განაგრძნობს: „არა ყოვლისა ერისაი, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა მისისა“ (10.41). მოციქულების გარდა სხვები გამოცხადების ღირსნი არ იყვნენ, მათთვის ეს არ იყო საჭირო, რადგან ისინი უფრო მეტად განრისხდებოდნენ იესოზე. გარდა ამისა, მაცხოვარმა ვისაც უთხრა, რომ აღდგებოდა, სწორედ მათ ეჩვენა.

„და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაი“ (10.42), ეს მუხლი ორნაერად განიმარტება:

1. ცხოველი ნიშნავს ცოცხალს. ამაში იგულისხმება ადამიანთა სულები, ხოლო მკვდრებში ადამიანთა სხეულები.

2. ცხოველნი გახლავთ სახე-სიმბოლო მართალი ადამიანებისა, ხოლო მკვდარნი - ცოდვილთა. საყოველთაო სამსჯავროზე წარდგებიან როგორც მართლები, ასევე ცოდვილები.

„ამას ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ეწამებიან, მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ“ (10.43), ანუ ამას ვამბობ არა მე, არამედ წინასწარმეტყველნი.

მოციქულის ბაგის მეშვეობით სულიწმინდა ესაუბრებოდა მათ. ჯერ რძეს, შემდეგ კი ხორცს აწვდის მათ. საუბარი მეორედ მოსვლასა და ხსნას ეხება. ფაქტობრივად ერთ წუთში მოამზადებს მათ საიდუმლოს მისაღებად, მათაც გულწრფელად უარყვეს ყოველგვარი კერპები და გულწრფელად აღიარეს ღმერთი - ქრისტე, მხსნელი სოფლისა.

წმიდა წერილში ვხვდებით საოცარ მომენტს. პეტრე მოციქულს სიტყვა დამთავრებული არ ქონდა, როცა „მოვიდა სული წმინდაი და დაადგრა მათ ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაი იგი“ (10.44). ეს გახლავთ ერთადერთი მოვლენა მოციქულთა ისტორიაში, როცა სულიწმინდა ჯერ კიდევ მონათვლამდე გარდამოვიდა მათზე, ვინც ქრისტიანთა თემს უნდა შეერთებოდა და თანაც ყოველგვარი ხილული შუამავლობის, მოციქულთა ხელდასხმის გარეშე. ეს იყო ქრისტეს ეკლესიის დაფუძნება წარმართთა შორის. ეს გახლავთ განსაკუთრებული ნიშანი იმ იუდეველების თვალის ასახელად, რომელთაც მიაჩნდათ, რომ უწმინდური წარმართები მესიის სასუფეველში შესვლის ღირსნი არ არიან. ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში სულიწმინდის ასეთ განსაკუთრებულ მოვლინებას სხვაგან ვერსად ვერ ვნახავთ, ეს გახლავთ უნიკალური მოვლენა არა მარტო წმიდა წერილში, არამედ ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში.

„და დაუკვირდა წინადაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაი მიფენილ არს“ (10.45). სულიწმინდა გარდამოვიდა მათ გულებში და სიბოროტე და მრისხანება სიყვარულად ანუ კურთხევად უქცია. სულიწმინდის გარდამოსვლა უეჭველი იყო, რადგან მოვლენები, რომელიც მას სდევდა, ისეთივე გახლდათ, როგორიც სულთმოფენობის დღეს, რადგან „ესმოდა მათი, იტყოდეს რაი ენითა და ადიდებდეს ღმერთსა“ (10.46), ანუ ისინი სხვადასხვა ენებზე ამეტყველდნენ და ღმერთს ადიდებდნენ. „მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: „წყლისაგან ნუ რაი ყენებაი არსა არა ნათლისცემაი ამათი, რომელთა-ესე სული წმინდაი მოიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ?“ (10.47). მათზე ესოდენ დიდი სასწაული აღსრულდა, ამიტომ არ არსებობს არავითარი დაბრკოლება მათი ნათლისღებისათვის, რომ ქრისტიანული თემის სრულუფლებიანი წევრნი გახდნენ.

„და უბრძანა მათ ნათლისღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაითა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენიმე“ (10.48). ხაზგასმულია, რომ ისინი ქრისტეს სახელით მოინათლნენ. ოჯახთან ერთად იყვნენ მხედრები, ახლობლები და მეზობლები.

ჯერ სულიწმინდა გარდამოდის და შემდეგ ნათლავს პეტრე და არა პირიქით, როგორც ხდება ხოლმე. პეტრე ამას იმიტომ აკეთებს, რომ მოციქულებს ბრალი არ დაედოთ მისთვის, თითქოს პეტრემ ეს თავისი ქადაგების წარმატების მიზნით გააკეთა. მას უნდა ჰქონოდა სათქმელი, რომ ჯერ სულიწმინდამ გამოირჩია და შემდეგ მოვნათლე მე.

P.S. წარმართები სულიწმინდის გარდამოსვლით უცხო ენებზე, სავარაუდოდ ებრაულ ენაზე ამეტყველდნენ, რომ გადაეშალათ წმიდა წერილი და დარწმუნებულიყვნენ პეტრეს სიტყვის ჭეშმარიტებაში.

წმიდა იოანე ოქროპირი ეთიოპიელი საჭურისისა და კორნელიოსის მოქცევას უწოდებს დასაბამს წარმართთა მოქცევისა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პავლე მოციქულის ნაცვლად წარმართთა მოქცევის საძირკველს დებს პეტრე მოციქული, არადა ვიცით, რომ წარმართთა მომაქცეველ მოციქულად პავლე ითვლება, ხოლო პეტრე - ებრაელთა. ეს იმიტომ ხდება, რომ ძნელად დასატევი იყო, რომ მათ გვერდით ეხილათ პროზელიტები, რომლებიც არაწმინდად მიაჩნდათ. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ წარმართი წარმართის მიერ რომ მონათლულიყო, ამას ვერ ან არ მიიღებდნენ თავად წარმართები, მაგრამ როცა ებრაელთა მომაქცეველი პეტრეს მიერ ხდება კორნილეოსის მოქცევა, ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ უშუალოდ უფლის კურთხევით მოექცნენ და არა პიროვნების სურვილით. ამ დროისათვის პეტრე ყველასთვის ავტორიტეტი იყო, ხოლო პავლეს მოციქულადაც კი ეჭვის თვალით უყურებდნენ. ,,ახალი აღთქმის“ ეს ეპიზოდი გახლავთ პროლოგი ქრისტიანობისა და წარმართობის ურთიერთშეხებისა.

მონათვლის შემდეგ პეტრე მოციქული რამდენიმე დღით რჩება ახალმოქცეულებთან, რათა ქრისტეს რწმენაში განამტკიცოს ისინი. საეკლესიო გარდამოცემით, კორნილეოსი ამის შემდეგ კესარიის ეპისკოპოსი და ქრისტეს რჯულის სხვადასხვა ქვეყნებში მქადაგებელი ხდება. ის აღესრულა მოწამეობრივად, მისი ხსენების დღეა 13 სექტემბერი.



წინა - სარჩევი - შემდეგი