სამარიელთა მოქცევის შემდეგ მოციქულები პეტრეს და იოანეს გზავნიან, რომ ფილიპეს შეეწიონ მათ მოქცევაში, ეხლა კი პირიქით ხდება, ისინი პეტრეს თავისთან იბარებენ. ამ დროისათვის მოციქულები იერუსალიმში არიან, ისინი სულიწმინდის გარდამოსვლიდან 15-16 წლის შემდეგ ტოვებენ იერუსალიმს და წარმართებში გადიან საქადაგებლად.
პეტრე - ებრაელთა, ხოლო პავლე წარმართთა მომაქცეველ მოციქულად ითვლება, თუმცა იგი სინაგოგებშიც ქადაგებდა.
რატომ ხდება პირიქით? პირველ წარმართს რატომ მოაქცევს პეტრე და არა პავლე მოციქული?
1. ამით პეტრემ შეხედულება შეიცვალა წარმართებისადმი.
2. პავლეს რომ მოექცია პირველი წარმართი და შემოეყვანა ქრისტეს ეკლესიაში, იუდეველნი იფიქრებდნენ, რომ რადგანაც პავლე წარმართთა მომაქცეველია, მას ეს ისედაც უნდა გაეკეთებინა, ხოლო თუ ებრაელთა მომაქცეველი პეტრე მოაქცევდა წარმართს, მაშინ იფიქრებდნენ, რომ ეს ასე იყო საჭირო, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო.
3. პეტრეს პასუხს სთხოვენ მოციქულები, ეს მიანიშნებს, რომ პეტრე ჯერ კიდევ არ არის მოციქულთა თავი, რადგან ამ შემთხვევაში მათ უპირობოდ უნდა მიეღოთ მისი მოქმედება.
4. პეტრე იყო მოციქულთა თავი, მიუხედავად ამისა, მან არ ითაკილა თავის „უმრწემეს მოციქულებთან“ მისვლა და ახსნა-განმარტება.
ამ თავში გადმოცემულია, თუ როგორ ტოვებენ მოციქულები იერუსალიმს და გადიან წარმართებში საქადაგებლად, მანამ კი ისინი პეტრეს იბარებენ და ახსნა-განმარტებას სთხოვენ, რადგან წარმართებთან პური გატეხა.
ხმები კესარიაში წარმართის მონათვლის შესახებ, იუდეაში არსებულ ქრისტიანულ თემებში სწრაფად გავრცელდა და სხვა მოციქულების ყურამდე მიაღწია. ეს მოხდა მანამ, სანამ პეტრე იერუსალიმში დაბრუნდებოდა. ეს ამბავი (წარმართის მონათვლა) „ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაი ღმრთისაი“ (11.1). ეს ამბავი (წარმართის მონათვლა) მოციქულებმა და ქრისტიანული სამწყსოს უმეტესობამ სიხარულით მიიღო, თუმცა ეს მოვლენა ერთობ ახალი და უჩვეულო, გაუგებრობის გარეშე ვერ ჩაივლიდა, რადგან იუდეველებს წარმართებზე ყალბი წარმოდგენა ქონდათ.
„რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალემდ, ერიდებოდეს მას წინადაცუეთილებისაგანნი ძმანი“ (11.2). ამდენად, ბუნებითი იუდეველობიდან მოქცეულმა ქრისტიანებმა მას ყვედრება დაუწყეს, რომ იგი წინადაცვეთილებთან ურთიერთობაში შევიდა და „მათ თანა შჭამა პური“ (11.3). ეს იყო პირველი გამოვლინება იმ ცთომილებისა თუ ცრუ სწავლებისა, რომელსაც ქრისტიანულ თემებში ასე დაჟინებით ავრცელებდნენ იუდაურად მიმართული ცრუ მოძღვრები.
ეკითხებიან, რატომ გატეხე პური წარმართებთან ერთად? ისინი არ ასახელებენ ნათლობას, რადგან იციან ქრისტეს კურთხევა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ ეცით მათ, სახელითა მამისაითა, და ძისაითა, და სულისა წმიდისაითა“ (მთ.28.19). მათ რომ ნათლობა ეხსენებინათ, ცხადია, პეტრე ეტყოდა, რომ მე უფლისგან მაქვს კურთხევაო, რადგან ეს კურთხევა წარმართებთან ყოველნაირ დაკონტაქტებას მოიცავდა. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ პეტრემ წარმართი მონათლა, არამედ ის, რომ იგი მათთან თვითონ მივიდა, მათთან ცხოვრობდა და მათ ტრაპეზსაც კი იზიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულიწმინდით არიან შემოსილნი, მათ მაინც აქვთ ერთგულება ძველი რჯულისა და იუდაური ტრადიციებისადმი.
პეტრე მოციქულს თავის მართლება მოუხდა. „მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკვირვებასა ჩემსა ჩუენებაი, რამეთუ გარდამოვიდა ჭურჭელი რაიმე, ვითარცა ტილოი დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე, რომელსა მივხედენ და განვიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერხი ქუეყანისაი და მხეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი, და მესმა ხმაი, რომელი მეტყოდა მე: „აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე“. და მე ვთქუ: „ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲმე, გინა არაწმინდაი არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა“. მომიგო მე ხმამან მან მეორედ ზეცით: „რომელი ღმერთმან წმიდა-ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ“. ესე იყო სამგზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად“ (11.4-10). პეტრე მოციქული ჯერ უყვება იმის შესახებ, თუ როგორ ჩავარდა თვითონ განკვირვებაში, ხოლო ამის შემდეგ ახსენებს კორნილეოსთან ანგელოზის გამოცხადებას. ამას იმიტომ აკეთებს, რომ მათ შეიძლებოდა შეშურებოდათ კორნელიოსის, რადგან იგი ანგელოზის გამოცხადების ღირსი გახდა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი პეტრეს სიდიადისა. პეტრე თავის ამ სასწაულზე (განკვირვება) იმიტომ ყვება, რომ უფალმა წმინდა და არაწმინდა ცხოველთა სახით მას განუცხადა, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა და რასისა, ღვთის შვილია.
პეტრე მოციქული აგრძელებს თხრობას: „და აჰა, მუნთქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა-იგი შინა ვიყავ, მოვლინებული ჩემდა კესარიაით. და მრქუა მე სულმან წმიდამან მისლვად მათ თანა და არარაის ორგულებად. მოვიდეს ჩემთანა ექუსნიცა ესე ძმანი და შევედით სახლსა მის კაცისასა. და მითხრა ჩუენ, ვითარ-იგი იხილა ანგელოზი ღმრთისაი სახლსა შინა თვისსა მდგომარე, რომელმან ჰრქუა მას: „მიავლინე იოპედ და მოიყვანე შენ სიმონ, რომელსა ჰრქვიან პეტრე, რომელმან-იგი გრქუნეს შენ სიტყუანი, რომლითა სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი. და ვითარცა ვიწყე მე სიტყუად, მოვიდა სული წმინდაი მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად, და მომეხსენა მე სიტყუაი უფლისაი, რომელ თქუა, ვითარმედ: იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა“ (11.11-16). პეტრე მოციქული ყვება იმის შესახებ, რაც კორნელიოსის სახლში მოხდა, მას იქ თან ახლავს 6 იოპელი, რომლებიც ყოველივეს თვითმხილველნი და დამმოწმებელნი არიან. პეტრემ განმარტებაში განსაკუთრებით იმას გაუსვა ხაზი, რომ წარმართებმა სულიწმინდის იგივე ნიჭები მიიღეს, რაც მათ სულთმოფენობის დღეს. ამით პეტრე მოციქულმა განაცხადა:
1. ჩემი ნებითა და სურვილით კი არა, არამედ ღმერთმა მომიწოდა ამისკენ.
2. მე სულიწმინდამ შთამაგონა ეს.
3. მე ჩემი ნებით არ მომინათლავს ისინი, არამედ ნათლობამდე სულიწმინდით აღივსნენ ისინი და ამეტყველდნენ სხვადასხვა ენებზე.
ყურადსაღებია სიტყვები: „ვითარცა ვიწყე მე სიტყუად“ (11.15), სულიწმინდა მსმენელებზე უმალ გარდამოვიდა და ამიტომ რწმენაში ახალმოსულთა უფრო სრული განსწავლა გარკვეულ დრომდე საჭირო არ გახლდათ. ამ მონათხრობით პეტრემ წარმართებთან მიმართებაში ღვთის ნება განაცხადა და თავისი ნამოქმედარი გაამართლა.
„აწ უკუე სწორი ნიჭი მისცა მათ ღმერთმან, ვითარცა ჩუენ, რომელსა ესე გურწმენა უფალი იესუ ქრისტე, მე რაი ძალ-მედვა ყენებად ღმრთისა?“ (11.17). სწორ ნიჭში თანაბარი მადლი იგულისხმება, ანუ თუკი ღმერთმა წარმართები თავის ეკლესიაში ესოდენ არაჩვეულებრივი ნიშნების თანხლებით მიიღო, განა შემეძლო მე, რომ ამას წინ აღვდგომოდი?
„ვითარცა ესმა ესე, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: „უკუეთუ ნანდვილვე წარმართთაცა მისცა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაი“ (11.18). მონათხრობმა საზოგადოებაზე დამამშვიდებლად იმოქმედა და იქ შეკრებილებმა ამ წყალობის გამო ღმერთი ადიდეს.
წინა - სარჩევი - შემდეგი