მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ქრისტიანობის ქადაგება პალესტინის გარეთ, განსაკუთრებით ანტიოქიაში (11.19-21)


 

 

„ქრისტიანთა დევნამ სახარების ქადაგების გამო ერთობ დიდი სარგებელი მოიტანა. მტრებს შეგნებულად რომ მოესურვებინათ ეკლესიის გაფართოება, სწორედ ამას გააკეთებდნენ. ვგულისხმობ მოძღვართა მიმოფანტვას“, - წერს წმიდა იონე ოქროპირი.

„რომელნი იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მოვიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კვიპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუათა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო“ (11.19). იწყება ქრისტიანთა დევნა, ქალაქს ტოვებენ მოციქულთა მოწაფეები და უბრალოდ მორწმუნე ხალხი. იუდეველმა ქრისტიანებმა დაუტევეს ეს ქალაქი და გადავიდნენ კვიპროსში, ფინიკიასა და სირიის ანტიოქიაში საქადაგებლად. ისინი მხოლოდ და მხოლოდ იუდეველებს უქადაგებდნენ (პავლე მოციქულს სულიწმინდისგან ახალი კურთხევის მიღებამდე ქალაქი არ დაუტოვებია და წარმართებთან საქადაგებლად არ გადასულა).

„ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი, კაცნი კვიპრელნი და კვირინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს“ (11.20). ეს მუხლი გვაუწყებს იმის შესახებ, ვინც უშუალოდ კვიპროსში მოექცა, ამის შემდეგ ისინი გადადიან ანტიოქიაში და იქ უქადაგებენ ბერძნულად მოლაპარაკეთ ანუ ებრაელ ელინისტებს.

„და იყო ხელი უფლისაი მათ თანა განკურნებად და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა“ (11.21). „იყო ხელი უფლისაი მათ თანა“, ანუ უფალი შეეწეოდა მათ. აქ იგულისხმება არა მოციქულები, არამედ ჩვეულებრივი მორწმუნეები, მათ ღმერთმა სასწაულთმოქმედების ნიჭი, უნარი მისცა.

სიტყვებში „მრავალთა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა“, - იგულისხმება ბერძნულად მოლაპარაკე იუდეველნი, ანუ ელინისტები, რომლებმაც დაუტევეს ძველი რჯული და აღიარეს ახალი.

„მოიქცეს უფლისა“ ნიშნავს, რომ მანამდე მათი სასოება დამყარებული იყო მოსეს რჯულის სიწმინდეზე და მათი იმედი მესიის მოლოდინისკენ იყო მიმართული. სწორედ აი ეს სასოება და მსოფლმხედველობა დაუტევეს მათ, სარწმუნოება შეიცვალეს, რადგან აღიარეს, რომ მესია მოვიდა.



წინა - სარჩევი - შემდეგი