როდესაც ხმებმა ანტიოქიაში სახარების ქადაგების ესოდენ დიდი წარმატების შესახებ იერუსალიმამდე მიაღწია, მოციქულებმა ბარნაბას ანტიოქიაში მისვლა დაავალეს (11.22). სამოცდაათთაგანს აგზავნიან ანტიოქიაში, სადაც პეტრე მოციქულმა პირველ ეპისკოპოსს (ოვიდუსი) დაასხამს ხელს, რომელიც თავისი მოწაფე იყო. ბარნაბა მას უნდა შეეწიოს ქრისტიანობის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ბარნაბას იმიტომ აგზავნიან, რომ შესაძლო გაუგებრობები წინასწარვე აღეკვეთა. ბარნაბამ თავს უნდა იდოს ახალი ქრისტიანული თემის ხელმძღვანელობა, ასევე ბარნაბა წარმოშობით იმავე ადგილიდან, კუნძულ კვიპროსიდან იყო და მათთან ახლო ურთიერთობაში შესვლა უფრო ადვილად შეეძლო. „რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაი და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულსმოდგინებითა გულისაითა დადგრომად უფლისა მიმართ“ (11.23). ბარნაბას გაუხარდა აქ ჩასვლა, „რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა“ (11.24), ანუ ბარნაბა განსაკუთრებით მოსიყვარულე, კეთილი გულით გამოირჩეოდა. როდესაც ბარნაბა ანტიოქიაში ჩავიდა, მან იქ ვერავითარი ნაკლი თუ წესიდან გადახვევა ვერ შენიშნა და თავისი ქადაგებით მორწმუნეთა რიცხვი კიდევ უფრო გაამრავლა.
მოციქულები ბარნაბას იმიტომ აგზავნიან (და თვითონ არ მიდიან), რომ ხალხს არ ეფიქრათ, თითქოს მოციქულებს იერუსალიმში დაწყებული დევნის ეშინიათ. პავლეს იმიტომ არ აგზავნიან, რომ არ იცოდნენ მისი ქადაგება რა ძალის იქნებოდა.
ბარნაბა, რომელმაც სავლე იერუსალიმის ქრისტიანულ თემში შეიყვანა, ცხადია, იცოდა მისი მოწოდება, რომ ის წარმართთა მოციქული უნდა გამხდარიყო. ამიტომ, „გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა და პოვა და მოიყვანა ანტიოქიად“ (11.25), რათა იქ ახალმოქცეულ წარმართებს შორის მოღვაწეობა დაეწყო.
სავლე და ბარნაბა ერთი წლით რჩებიან ანტიოქიაში. „იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაი ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტიანედ“ (11.26). მანამდე ისინი მათ „მოწაფეებს“, „ძმებს“, „მორწმუნეებს“, „წმინდანებს“ უწოდებდნენ.
1. სავარაუდოდ, სახელწოდება ქრისტიანები თვით ქრისტიანული თემის წიაღში კი არ გაჩნდა, არამედ იესო ქრისტეს მიმდევრებს ეს ანტიოქიელმა წარმართებმა შეარქვეს. მათ არ იცოდნენ ამ სახელის დოგმტური და რელიგიურ-ისტორიული მნიშვნელობა და მისი ბერძნული თარგმანი „ქრისტე“ საკუთარი სახელი ეგონათ. მათ ეს სახელწოდება იმის მსგავსად შექმნეს, როგორც, ვთქვათ, ამბობდნენ: „კესარიელები“, „ჰეროდიანელები“ და ა.შ. რაც მიუთითებს, რომ უფლის მიმდევრებს წარმართულ სექტად კი არ მიიჩნევდნენ, არამედ აღიქვამდნენ როგორც რაღაც დამოუკიდებელ ერთობას, თანაც იმდენად დამოუკიდებელს, რომ იუდეველებიცა და წარმართებიც ამ ერთი დასახელების ქვეშ გაერთიანდნენ.
2. ბარნაბა და სავლე ერთი წლით რჩებიან ანტიოქიაში, სადაც ისინი პირველად იწოდებიან ქრისტიანებად. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „ბარნაბასა და სავლეს გულმოდგინე ქადაგებამ მათზე ძალიან იმოქმედა, სწორედ მათი მოღვაწეობის ხარისხს მიეწერება ის, რომ ისინი უკვე ქრისტიანებად იწოდებიან“. მათი წარმომავლობა (გალილეველობა და ნაზარეველობა) იცვლება სიტყვით ქრისტიანი.
3. შესაძლოა ანტიოქიაში მოღვაწე ქრისტიანები ან მათი მოწაფეები თავიანთ ქადაგებაში აცხადებდნენ, რომ ისინი არიან ქრისტეს აღმსარებელნი ანუ ქრისტიანები. ამდენად, მათი ქადაგებიდან გამომდინარე უწოდეს მათ ქრისტიანები.
4. ანტიოქიის ეკლესია შედგებოდა იუდეველებისა და წარმართებისაგან მოქცეულთაგან, მათ სახელი ხომ უნდა შერქმეოდათ? ვიყავი იუდეველი, ვიყავი წარმართი, მაგრამ ვინა ვარ ეხლა? შეირჩა ისეთი სახელი, რომელიც მათ დაეხმარებოდათ, დაევიწყებინათ თავიანთი უწინდელი რელიგიურ-სარწმუნოებრივი მდგომარეობა.
5. აქამდე ქრისტეს მოწაფეებს გალილეველებს ან ნაზარეველებს (მწვალებლებს) უწოდებდნენ. შეიძლება ისინი ფიქრობდნენ, მომავალში მსგავსი რამ რომ არ განმეორებულიყო, ამიტომ მათ ისეთი სახელი შეარჩიეს, რომ მტერიც კი ვერ შეედავებოდა ამაზე.
6. ამით პატივი მიაგეს თავიანთ მასწავლებელს რადგან დაირქვეს ქრისტიანები. იესო ქრისტე, ამ ორი სიტყვიდან განკაცებულის სახელია „იესო“ (მხსნელი), როგორც მთავარანგელოზმა უთხრა. მათ საკუთარი სახელი კი არ შეარჩიეს, არამედ მეორე (ქრისტე - ცხებული), რომელიც უფრო განზოგადებულია. ამ სახელით ქრისტიანი აღიარებს, რომ როგორც ქრისტეა გამორჩეული მამისაგან, ასევეა ქრისტიანებიც გამორჩეული სხვა ხალხისაგან.
7. ალექსანდრე მაკედონელს ქონდა ასეთი გამოთქმა: „ან საკუთარი სახელი შეიცვალე, ან გამოსწორდი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც ქრისტიანები გვქვია, სახელი ცხოვრების წესითაც უნდა გავამართლოთ.
წინა - სარჩევი - შემდეგი